რა ეღირება კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ - დე ლაურენტისი ცდუნებას ვეღარ უძლებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გულშემატკივრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. ანტონიო კონტე ნეაპოლურ კლუბს მომდევნო სამი წლის განმავლობაშში გაწვრთნის. როგორც იტალიური მედია წერს, ის გუნდში მისვლას მას შემდეგ დათანხმდა, რაც პრეზიდენტისგან გარანტია მიიღო, რომ ორ ფეხბურთელს - კაპირტან ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდდა, მაგრამ...

მას შემდეგ, რაც „პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპემ დატოვა, ფრანგული კლუბის „ბოსები“ მის შემცვლელს ეძებენ და მიაგნეს კიდეც. მათ სწორედ კვარაცხელიას შეძენა სურთ და თუ ერთი კვირის წინ, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონს იხდიდნენ, ახლა მზად არიან, 130 მილიონს ჩამოვიდნენ. თავის მხრივ, იტალიურ მედიას არ სჯერა, რომ სულით ბიზნესმენი დე ლაურენტისი ასეთ ცდუნებას გაუძლებს. მით უმეტეს, მას უკვე რამდენჯერმე შეხვდა ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი და გასაგებად აუხსნა, რომ ძველი პირობებით, კვარა „ნაპოლიში“ აღარ ითამაშებს და ხელფასის გაზრდის გარდა, მისთვის შესაბამისი ბონუსებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. პრეზიდენტი მზად არის, ქართველის წლიური ჯამაგირი - 1.2 მილიონი ევრო, 5 მილიონამდე გაზარდოს, მაგრამ „პარი სენ ჟერმენი“ მზადაა, ჩვენებურს წლიურად 7 მილიონი გადაუხადოს, რის გაკეთებასაც დე ლაურენტისი ცოცხალი თავით არ აპირებს. ამასთან ერთად, მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მაშინ, როცა იმედი ჰქონდა, რომ ზაფხულში კვარაცხელიას კი არა, ვიქტორ ოსიმენს გაყიდდა, აღარაფერი გამოსდის. ნიგერიელის შეძენა არავის სურს, სავარაუდოდ, ის ისევ „ნაპოლიში“ დარჩება და პრობლემად იქცევა - ახალ მწვრთნელს მისი თამაში არ მოსწონს და გუნდიდან გაშვება უნდა, მაგრამ როგორ გაუშვებს, როცა მყიდველი არ ჩანს.

როგორც ევროპელები წერენ, მხარეები ახლა კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატს ელოდებიან და რამდენად გაიყიდება კვარა, იმის მიხედვით გადაწყდება, თუ როგორ წარმოაჩენს ის თავს კონტინენტის პირველობაზე. ყოველ შემთხვევაში, დე ლაურენტისმა უკვე იცის, რომ ქართველი შემტევი 130 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გაასხვისოს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე