ლეგენდების მატჩი წავაგეთ, ფეხბურთმა - მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

7 მარტს, ბათუმში ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრების ვეტერანებს, მილანის „ინტერის“ ვეტერანები დაუპირისპირდნენ. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ორივე გუნდის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელები დღეს რომ ახალგაზრდები იყვნენ და დღევანდელი ფასებით გაიყიდონ, მათი საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც წესი, ასეთი შეხვედრები თვალსასეირო სანახავი გამოდის ხოლმე, გოლებით დატვირთული, მაგრამ ეს ალბათ იშვიათი გამონაკლისი იყო - გუნდები  საქმეს სერიოზულად მიუდგნენ და განსაკუთრებით, სტუმრები ცდილობდნენ სათამაშო დისციპლინა მაქსიმალურად დაეცვათ. ცოდვა გამხელილი სჯობს, უცხოელები ბევრად უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყვნენ და არც ღიპები ეტყობოდათ ისე, როგორც ჩვენი ნაკრების ძირითად ბირთვს. ამის მიუხედავად, ძალიან, ძალიან კარგი იყო ძველი თაობის ფეხბურთელების საქმეში ნახვა და რაც მთავარია, მატჩით,რომელიც მსოფლიო მედიამ გააშუქა, ქართულმა ფეხბურთმა აშკარად მოიგო. შეხვედრა კი, არამეგობრული ანგარიშით, იტალიური კლუბის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა და ორივე გოლი, მსოფლიოს ერთ დროს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ გაგვიტანა. რაც შეეხება შემადგენლობებს, წაიკითხეთ და ისიამოვნეთ:

საქართველო: ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, სანდრო კობახიძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გელა შეყილაძე, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, მალხაზ ასათიანი, არჩილ არველაძე, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, ოთარ მარცვალაძე, გიორგი მჭედლიძე, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე.

ინტერი: ჟულიო სეზარი, ლუსიო, მარკო მატერაცი, ხავიერ ძანეტი, დუგლას მაიკონი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, ესტებან კამბიასო, ლუიშ ფიგუ, უესლი სნაიდერი, დიეგო მილიტო.

შეცვლაზე შევიდნენ: სებასტიან ფრეი, ფაბიო გალანტე, პალასიო, ჰესინ ხარჯა, ბორხა ვალერო, გორან პანდევი, ფრანჩესკო კოლონეზე, დავიდ სუასო.

როგორც გვითხრეს, მესამე ტაიმი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა ბიჭებმა სტუმრები დიდი უპირატესობით დაამარცხეს.