მარტი - თვე, როდესაც ისტორია უნდა დავწეროთ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

21 მარტი, 21.00 საათი, „დინამო არენა“, ერთა ლიგის პლეი-ოფი, საქართველო VS ლუქსემბურგი... ეს არ არის მხოლოდ აფიშა, ეს ქართველი გულშემატკივრისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თუ საქართველოს ნაკრები მოახერხებს და 21 მარტს ლუქსემბურგს დაამარცხებს, ხუთ დღეში, საბერძნეთი-ყაზახეთს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება, ისევ თბილისში, ისევ „დინამო არენაზე“ და გამარჯვების შემთხვევაში... ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ.

რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის უდიდეს წარმატებას, სანაკრებო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში, საქართველოში 1981 წლის 13 მაისის ღამე განმეორდება, ის ღამე, როცა ყველაფერი ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა და როცა ყველას ყველა უყვარდა, ყველა ბედნიერი იყო. ლუქსემბურგი არ არის ის გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ. მართალია, ისინი კარგ ფორმაში არიან, თითქოს ცოტა წამოიწიეს კიდეც, მაგრამ... მაინც ლუქსემბურგია და მათ არასდროს ჰქონიათ, იმის მეათედიც კი, რაც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა.

მთავარი საფიქრალი ის გახლავთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო, ლუქსემბურგელებთან არ იქნება ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების ლიდერია, რომელსაც გოლები გააქვს, რომლისგანაც ყოველთვის სასწაულს ველით. ჰო, ხვიჩას გარეშე უნდა ვძლიოთ ლუქსემბურგს და შემდეგ, ხვიჩასთან ერთად - საბერძნეთს ან ყაზახეთს. ახლა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, საფეხბურთო სპეციალისტი თუ უბრალოდ გულშემატკივარი, საკუთარ ვერსიას ამბობს, საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს ნაკრების თავკაცს და ჩვენ თუ გვკითხავთ, ვილი სანიოლს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. მას უნიკალური შანსი აქვს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეოს. გვერწმუნეთ, თუ მუსიე ვილი მოახერხებს და ჩვენს ნაკრებს ევროპაზე გაიყვანს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მისი, როგორც მწვრთნელის ფასი საკმარისზე მეტად აიწევს და სადაც მიიწვევენ, ჯამაგირად 4-5 მილიონს შესთავაზებენ. ამიტომ, ეს მისთვის არა მხოლოდ პრინციპის, არამედ, ფინანსების საკითხიცაა და გვინდა გვჯეროდეს, რომ ქართველებზე არანაკლებ სურს წარმატების მიღწვა.

მოკლედ, 21 მარტი ბრძოლაა, რომელიც უნდა მოვიგოთ და ხუთი დღის შემდეგ, უკვე ომი გვაქვს, ომი, როგორიც კიდევ კარგა ხანს არ გვექნება და მარცხის უფლება, უბრალოდ, არ გვაქვს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე