რა არის ნალოქსონი და რას აგარიდებთ თავიდან ნარკოტიკით ზედოზირების შემთხვევაში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს ქვეყანაში გახშირდა სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ოპიოიდებით დაბინძურების შემთხვევები. ადიქტოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფენტანილის ჩხირით და რეაგენტებით გატესტილი კოკაინის ნიმუშის თითქმის ნახევარში აღმოჩენილი იქნა ჰეროინი და პირიქით.

რისკების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან თავშეკავება, თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ მოხმარებას, აუცილებლად გატესტეთ ნივთიერება და თან იქონიეთ ნალოქსონი (ნარკანი), რომლის შესახებაც “ვერსია“ გიზიარებთ "ალტერნატივა ჯორჯიას" შემუშავებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს.

რა არის ნალოქსონი?

ნალოქსონი არის პრეპარატი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში დროულად ანეიტრალებს ოპიატების (მაგალითად, ფენტანილი, ჰეროინი, ოქსიკოდონი, მორფინი, ჰიდრომორფინი და მეთადონი) მოქმედებას.

რა არის ზედოზირების ნიშნები?

- ზედოზირებული პირი არ პასუხობს ან გარე გამღიაზიანებელზე რეაგირება მინიმალურია

- სუნთქავს ხმაურით, ხვრინვის მაგვარი და ხრიალის ხმით

- თვალის გუგები შევიწროვებულია

- სუნთქვა შენელებულია

- თითები/ტუჩები გალურჯებულია

როგორ შევამციროთ ზედოზირების რისკი?

1.არასოდეს მოიხმაროთ მარტო: იყოლიეთ ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ მოიქცეს ზედოზირების დროს და საჭიროების შემთხვევაში დროულად გაგიწევთ დახმარებას. იცოდეთ ზედოზირების ნიშნები, რომ მიხვდეთ როდის გჭირდებათ დახმარება.

2.გატესტეთ (შეამოწმეთ რა შემადგენლობისაა) თქვენი ნარკოტიკი: ვერასოდეს იქნებით დარწმუნებული თუ რა მინარევი შეიძლება იყოს ნარკოტიკში, რომელსაც მოიხმართ. თუ ნარკოტიკის გატესტვას ვერ ახერხებთ, პირველად მოხმარებისას არ მოიხმაროთ დიდი დოზა.

3.არ გაიკეთოთ ინექცია: ეს არის ოპიოიდების მოხმარების ყველაზე სახიფათო გზა.

4.არ შეურიოთ, განსაკუთრებით სხვა სედატივებთან, როგორებიც არის ალკოჰოლი და ბენზოდიაზეპინები, რადგან ზრდის ზედოზირების ალბათობას პრინციპით 2+2=5

5.ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი და უთხარით ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, სად გაქვთ შენახული.

როგორ გავუკეთო ნალოქსონი?

  1. ერთ ჯერზე შეიყვანეთ 0.4 მგ (0.01 მგ/კგ) კუნთში/ინტრავენურად/კანქვეშ.
  2. თუ დაზარალებული 2-3 წუთში არ მოვიდა გონზე და მდგომარეობა უცვლელია, კვლავ გაიმეორეთ იგივე დოზით ინექცია.
  3. აუცილებელია მეთვალყურეობა გაეწიოს დაზარალებულს შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში, იმაში დასარწმუნებლად, რომ საფრთხემ ჩაიარა. ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდებით ზედოზირებისას სედაციის ხანგრძლივობა შეიძლება ნალოქსონის ზემოქმედებაზე დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ უმჯობესია დაზარალებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

გაუკეთეთ ნალოქსონი

გაუკეთეთ ნალოქსონის ინექცია კუნთში ან ვენაში. თუ არ იცით ვენაში ინექციის ჩატარება, ნუ დაიწყებთ ექსპერიმენტს, ნუ დაკარგავთ დროს, გაუკეთეთ ინექცია კუნთში (მხარზე, დუნდულა კუნთში, ბარძაყში კუნთოვან მიდამოში, გარეთა ზედა კვადრატში). ნალოქსონის ადეკვატური დოზის მიცემის შემდეგ, ადამიანი სწრაფად ფხიზლდება, ახელს თვალებს, იწყებს სუნთქვას, ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება, თუ რა მოხდა, განიცდის ნარკოტიკის დოზის ნაკლებობას, სურს დოზის დამატება, რაც დაუშვებელია, რადგან დამატების შემთხვევაში ზედოზირებით სიკვდილი გარდაუვალია!

ნალოქსონი არ არის ეფექტური სტიმულატორებით გამოწვეული ზედოზირების დროს და მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის! თუმცა თუ დანამდვილებით არ იცით რისგან არის გამოწვეული ზედოზირება, უმჯობესია, გამოიყენოთ ნალოქსონი!

დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია

თუკი დაზარალებული სუნთქავს ნელა ან ხმაურიანად, ცხვირზე მოუჭირეთ ხელი და ჩაუტარეთ 2 დამხმარე სუნთქვა 5-10 წამში ერთხელ. თუკი დაზარალებული არ მოძრაობს, არ სუნთქავს, დაიწყეთ გულ-მკერდის კომპრესია. თუ შეძლებთ მიაწოდეთ 2 დამხმარე სუნთქვა, ყოველი 30 კომპრესიის შემდეგ და ეს ციკლი გაიმეორეთ 5-ჯერ 2 წუთის განმავლობაში. თუ კი არ ხართ ტრენირებული ხელოვნური სუნთქვის ჩატარებაში ან ხართ დაზარალებულთან მარტო, უმჯობესია ჩაატაროთ, მხოლოდ, გულის 100-120 კომპრესია წუთში, დამხმარე სუნთქვის გარეშე.

ფენტანილის გასატესტი ჩხირის, რეაგენტების და ნალოქსონის (ნარკანის) გატანა შეგიძლიათ „ალტერნატივა ჯორჯიას" ვენდინგ აპარატებიდან და ორგანიზაცია "მანდალადან". ბარათის მისაღებად მიმართეთ „ალტერნატივა ჯორჯიას".

"ალტერნატივა ჯორჯია," მის: ნუცუბიძის ქ.14ა, (+995 32) 239 1166/239 6699

"მანდალა," მის: სატივას ქ. 10