როგორ უნდა მოიქცეთ თუ ნარკოტიკით ზედოზირების ფაქტს შეესწარით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად ზედოზირებით შესაძლო გარდაცვალების შესახებ. სწორედ ამიტომ, „ვერსია“ გიზიარებთ ადიქტოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ რჩევებს, როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით:

არ დატოვოთ ადამიანი უმეთვალყურეოდ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს სუნთქვა;

  • აკონტროლეთ მისი სუნთქვა და ცნობიერება (პასუხობს თქვენს კითხვებს თუ არა);
  • არ მოათავსოთ ზედოზირებული ცივი წყლის აბაზანაში - ის შეიძლება უბრალოდ დაიხრჩოს;
  • სტიმულატორების მიღებით გამოწვეული ძლიერი ჰიპერთერმიის (მაღალი ტემპერატურა) დროს შეგიძლიათ მოათავსოთ ადამიანი გრილ აბაზანაში, ოღონდ არ დატოვოთ მარტო;
  • არ გამოიწვიოთ პირღებინება, რადგან შეიძლება მოხდეს პირნაღები მასით სასუნთქი გზების დახშობა:
  • ნუ მისცემთ საკვებს და სასმელს, მითუფრო ალკოჰოლს, ყავას ან ჩაის, რადგან შეიძლება განვითარდეს პირღებინება;
  • მიეცით სითხე იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) და გონება არ დაუკარგავს - მაგალითად სტიმულატორების მიღების ფონზე მთელი ღამის განმავლობაში ცეკვის შედეგად;
  • არ გაუკეთოთ მარილიანი წყლის ინექცია;
  • თუ პიროვნება კარგავს გონებას, არ რეაგირებს დაძახებაზე და ტკივილზე, ძლიერ შენელებულია სუნთქვა (10-ზე ნაკლები წუთში) და არასტაბილურია გულისცემა - გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება! არ დაკარგოთ დრო თქვენით პრობლემის მოგვარებაში!

სანამ საწრაფო სამედიცინო დახმარება მოვა თუ ზედოზირებული კარგავს გონებას:

  • კრუნჩხვისას, მნიშვნელოვანია არ დაიზიანოს თავი, კიდურები. ამიტომ შეეცადეთ დაუჭიროთ თავი, გააკავოთ სხეული, ისე რომ არ დაიზიანოს მკვეთრი მოძრაობით ან დაცემით, მაგრამ ამავე დროს ეცადეთ ზედმეტად არ გააკავოთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეკნების მტვრევა ან მოხრჩობა.

თუ დაკარგა გონება და თქვენს შეკითხვებზე არ პასუხობს, არ რეაგირებს ტკივილზე, როცა უზელთ ყურის ბიბილოებს, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავს (მოუსმინეთ მის ცხვირთან სუნთქვას, თქვენს ლოყაზე შეიგრძენით მისი სუნთქვა, დააკვირდით მის გულმკერდს, სუნთქვისას მოძრაობს თუ არა) მიჰყევით ABCD ინსტრუქციას, უსაფრთხო პოზიციაში მოთავსების მიზნით, მნიშვნელობა არ აქვს უსაფრთხო პოზიციის მხარეს: მარჯვენა იქნება თუ მარცხენა.

A - მოუსმინეთ - სუნთქავს თუ არა! პირღებინების შემთხვევაში შეეცადეთ გაუთავისუფლოთ პირის ღრუ პირნაღები მასისგან. დაზარალებულის ხელი მოხარეთ და გადადეთ იატაკზე.

B - დაზარალებულის მეორე ხელის მტევანი მიადეთ საპირისპირო ლოყაზე, იმავე მხარეს ფეხი მოხარეთ მუხლში.

C - დაზარალებული გადააბრუნეთ მეორე გვერდზე, ისე რომ მოხრილი ხელ-ფეხით შეინარჩუნოს გვერდზე მწოლიარე პოზა.

D - ამ პოზაში უსაფრთხოა მისი დატოვება, რადგან პირში დაგროვილი ნერწყვი ან პირნაღები მასა, არ დაგროვდება პირში და არ დაიხრჩობა. ხშირად აკონტროლეთ მისი სუნთქვა!

თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოჩენამდე შეწყვიტა სუნთქვა!!!

როგორც წესი, ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაში დატვირთვის გარეშე, წუთში 12-20 ჯერ ჩაისუნთქავს, შესაბამისად მოსვენებულ მდგომარეობაში წუთში 12-ზე ნაკლები ან 25-ზე მეტად ხშირი სუნთქვა ანომალურად ითვლება. ზოგიერთი ნარკოტიკით ზედოზირებისას, ხდება სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, სუნთქვა იშვიათდება და წუთში 12-ზე ქვემოთ ჩამოდის. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული გადააწვინეთ ზურგზე და თუ:

  • თქვენ არ გაქვთ გავლილი პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, მაშინ მიმართეთ მხოლოდ გულ-ფილტვის კომპრესიას ხელით, წუთში 100-120 ზეწოლის განხორციელებით, თქვენ არ გჭირდებათ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება;
  • თქვენ გავლილი გაქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, მაშინ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, 30 ზეწოლა მკერდზე და აერაციის შემოწმების შემდეგ 2 ხელოვნური ჩასუნთქვა.

ეს დახმარების წესები ეხება ყველას ვისაც სჭირდება გულ-ფილტვის რეანიმაცია, მოზარდს და ზრდასრულს, გარდა ახალშობილისა. გულ-ფილტვის რეანიმაცია ხელს უწყობს ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდებას ტვინში და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, მანამ სანამ პროფესიონალური სამედიცინო დახმარებით აღდგება გულის ნორმალური რითმი. როცა გული ჩერდება, ჟანგბადით ღარიბი სისხლი იწვევს ტვინის დაზიანებას, სულ რამდენიმე წუთში. ასეთ შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა მოკვდეს 8-დან 10 წუთში.

სანამ დაიწყებთ დახმარებას, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ:

  • ადამიანი მოთავსებულია თუ არა უსაფრთხო გარემოში (გარშემო რაიმე ხომ არ ყრია)? გადაწვინეთ იატაკზე/ასფალტზე, რაიმე მყარ ზედაპირზე, წყნარ გარემოში.
  • ცნობიერება არის თუ არა შენახული? შეეხეთ მხარზე და შეეკითხეთ კარგად არის თუ არა, რომ მიხვდეთ რეაგირებს თქვენს შეკითხვაზე თუ არა.
  • თუ დაზარალებული არ რეაგირებს, არ პასუხობს თქვენს შეკითხვას და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯერ კიდევ არ ჩანს დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, მიჰყევით CAB ინსტრუქციას.

დაიხსომეთ C-A-B აკრონიმები რაც ნიშნავს შემდეგს: კომპრესია (compressions), აერაცია (airway), სუნთქვა (breathing) —ეს ეხმარება ადამიანებს დაიმახსოვრონ დახმარების მიმდევრობა გულ-ფილტვის რეანიმაციისას.

C-კომპრესია: აღადგენს სისხლის მოძრაობას

  1. მოათავსეთ დაზარალებული მაგარ ზედაპირზე - იატაკზე/ასფალტზე, ისე რომ იწვეს ზურგზე. შეუხსენით ქამარი, მოჭერილი ბლუზი, გაუთავისუფლეთ გულმკერდი ზედმეტად მოჭერილი ტანსაცმლისგან, შეუხსენით ღილები.
  2. ჩაიმუხლეთ მის კისერთან და მხრებთან.
  3. მოათავსეთ თქვენი ხელის მტევანი მისი მკერდის ძვალზე.
  4. მეორე ხელის მტევანი ზემოდან დაადეთ და ჩაჭიდეთ თქვენსავე ხელის მტევანს, რომელიც მოთავსებულია მკერდის ძვალზე; გაშალეთ ხელები იდაყვში, ისე რომ შეინარჩუნოთ ხელები გაშლილ მდგომარეობაში და წამოწიეთ მხრები ხელების ზემოთ.
  5. თქვენი სხეულის წონის გამოყენებით (და არა ხელების, არ მოხაროთ იდაყვში) დააწექით გუმკერდს (კომპრესია) ძლიერად ისე რომ დაახლოებით 5 სმ-სიღრმის ზეწოლა განახორციელოთ, მაგრამ აკონტროლეთ ზეწოლის სიღრმე, იგი არ უნდა აღემატებოდეს 6 სმ-ს. განახორციელეთ კომპრესია წუთში 100-120 ჯერ. დარწმუნდით, რომ კომპრესიებს შორის გულმკერდი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას (მოძრაობს ზემოთ).
  6. თუ თქვენ არ ხართ გულ-ფილტვის რეანიმაციაში ტრენირებული, გააგრძელეთ გულმკერდის კომპრესია მანამ სანამ დაზარალებული არ ამოძრავდება ან ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოვა. თუ თქვენ ხართ ტრენირებული გულ-ფილტვის რეანიმაციაში, შეამოწმეთ სუნთქვა და გადადით ხელოვნურ სუნთქვაზე.

A-აერაცია: სასუნთქი გზების გასუფთავება

  1. თუ თქვენ ხართ ტრენირებული გულ-ფილტვის რეანიმაციაში და განახორციელეთ 30 ზეწოლა გულ-მკერდზე, გახსენით და შეამოწმეთ აერაცია შუბლ-ნიკაპის აწევის მანევრით (ეცადეთ ერთი ხელისგულის შუბლზე მსუბუქი ზეწოლით გადაწიოთ თავი უკან, ხოლო მეორე ხელის საჩვენებელი და შუა თითის დახმარებით, ნიკაპის ქვემოდან ზემოთ მიმართულებით წამოწიოთ ქვედა ყბა) საჰაერო გზის გათავისუფლების მიზნით.
  2. შეამოწმეთ სუნთქვა, რისთვისაც არ დაკარგოთ 5-10 წამზე მეტი. შეხედეთ გულ-მკერდის მოძრაობას, მოისმინეთ ნორმალური სუნთქვის ხმა და შეიგრძენით სუნთქვა თქვენს ყურთან და ლოყასთან. ხმაურიანი ჩასუნთქვა/ხრიალი არ ითვლება ნორმალურ სუნთქვად. თუ დაზარალებული არ სუნთქავს ნორმალურად და თქვენ ტრენირებული ხართ გულფილტვის რეანიმაციის ჩატარებაში, დაიწყეთ პირითპირში ხელოვნური სუნთქვა. თუ თქვენ გიჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა დაზარალებულმა ცნობიერება დაკარგა გულის შეტევის გამო და არ ხართ ტრენირებული სასწრაფო დახმარების გაწევაში, გამოტოვეთ პირითპირში ხელოვნური სუნთქვის ეტაპი და გააგრძელეთ გულმკერდზე კომპრესიები.

B- სუნთქვა: ისუნთქეთ ადამიანისთვის

დახმარე სუნთქვა შეიძლება განხორციელდეს პირით-პირში ჰაერის ჩასუნთქვით ან პირით-ცხვირში ჩასუნთქვით, თუ კი რაიმე მიზეზით პირის ღრუ დაზიანებულია ან ვერ მოახერხეთ მისი გახსნა.

  1. შუბლ-ნიკაპის მანევრის გამოყენებით გახსნილი პირის ღრუ დაფარეთ თქვენი პირით სრულად, მოუჭირეთ თითებით ცხვირის ნესტოებს, რომ დაიბლოკოს ჰაერის ცხვირიდან გამოსვლა.
  2. მოემზადეთ რეანიმაციული/დამხმარე სუნთქვისთვის. ერთი წამის განმავლობაში მიაწოდეთ დამხმარე/რეანიმაციული სუნთქვა და შეხედეთ თუ წამოიწევს ზემოთ გულმკერდი. თუ კი გულმკერდი ზემოთ წამოიწევს მიაწოდეთ მეორე დამხმარე სუნთქვაც. თუ გულმკერდი ზემოთ არ წამოიწევს, გაიმეორეთ შუბლ-ნიკაპის მანევრი, რათა გაათავისუფლოთ საჰაერო გზები და მხოლოდ შემდეგ მიაწოდეთ მეორე რეანიმაციული/დამხმარე სუნთქვა. 30 გულმკერდის კომპრესია და ორი დამხმარე სუნთქვა ითვლება ერთ ციკლად. მიაქციეთ ყურადღება რომ არ მიაწოდოთ უფრო მეტი დამხმარე ან ფორსირებული სუნთქვა.
  3. განაახლეთ გულმკერდის კომპრესია ცირკულაციის აღდგენისთვის.
  4. თუ დაზარალებული არ გამოძრავდება 5 ციკლის შემდეგ (დაახლოებით 2 წუთში) და ავტომატური გარე დეფიბრილატორი (Automated External Defibrillator - AED) ხელმისაწვდომია, გამოიყენეთ იგი და მიჰყევით მის ინსტრუქტაჟს. მოათავსეთ ავტომატური გარე დეფიბრილატორი მის გულ-მკერდზე და მიაწოდეთ ერთი შოკი, შემდეგ განაახლეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია კომპრესიის დაწყებით - 2 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ მიაწვდით მეორე შოკს. თუ თქვენ არ ხართ ტრენირებული დეფიბრილატორის გამოყენებაში, შესაძლოა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე სატელეფონო ოპერატორი დაგეხმაროთ მის გამოყენებაში. თუ დეფიბრილატორი ხელმისაწვდომი არ არის გადადით მეხუთე პუნქტზე.
  5. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რენიმაცია მანამ სანამ არ არის მოძრაობის მსგავსი რაიმე ნიშანი ან არ მოვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ამიტომ, გაიაზრეთ რას აკეთებთ, მიუდექით საკითხს პასუხისმგებლობით და ნუ მისცემთ თავს უფლებას თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე გააკეთოს სხვამ ფული. ამის არაერთი მაგალითი არსებობს უკვე და ეს ინფორმაცია ჩვენს გარეშეც შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს (მაგრამ ვერ დადის, ვერ მეტყველებს, ვერ წერს, ვერ იმახსოვრებს, ვერ ითვლის და ა.შ.) და ან გარდაიცვალა არაერთი მოზარდი.