“ეს ყველაფერი გამოგონილია!” - რა ხდება საავტორო უფლებათა ასოციაციაში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

საგამოძიებოს ცნობით, ამას საფუძვლად ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადება დაედო.

"საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე აბსურდულსა და გამოგონილს უწოდებს ბრალდებებს, რის საფუძველზეც დღეს ფინანსურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"წაიღეს ყველაფერი - დოკუმენტაცია, კომპიუტერები. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება და ერთგვარი დაგვირგვინებაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიმართ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რუსეთმა მოახერხა და საქართველოში საავტორო უფლებების სფერო უკვე ჩაიგდო ხელში და ახლა ამით არ კმაყოფილდება. უნდა, რომ მთლიანად მოასუფთაოს ველი და ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ჩვენი სახით კიდევ დარჩა, ესეც არ უნდა, რომ იყოს. ამიტომ, ეს რაღაც ბინძური აბსურდი მოიგონეს, ვითომ რაღაც ფინანსური დარღვევები. გარწმუნებთ, ეს ყველაფერი გამოგონილი", - აცხადებს კობალაძე.

მისივე ინფორმაციით, ის 5 თებერვალს ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.