გელა მიქავას „დიალოგი ქვეცნობიერთან“ - 25 წლის მხატვრის პერსონალური გამოფენა „არტ გალერეა ვაკეში“

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ეს ის ნახატია, რომელსაც  ვერასდროს გავყიდი!“

გელა მიქავა პროფესიით არქიტექტორია, თუმცა ჯერჯერობით, საზოგადოებამ, როგორც მხატვარი ისე გაიცნო - ამბობს, რომ  თვითნასწავლი მხატვარია, საკუთარ თავში ეს ნიჭი სულ რაღაც 5 წლის ასაკში აღმოაჩინა და მას შემდეგ, ნახატებს ქვეცნობიერთან დიალოგით ქმნის. ეს მისთვის უბრალოდ საყვარელი საქმეა და არა პროფესია. თუმცა ხშირად მონაწილეობს გამოფენებში და  სულ რამდენიმე დღეში, კიდევ ერთ გამოფენაზეც შეგვეძლება მისი შემოქმედების ხილვა - 4-14 ივნისამდე, „არტ გალერეა ვაკეში“, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართება. გელა ამბობს, რომ მხატვრობა მისთვის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაა, წარმატების მიღწევა კი მისთვის ორივე სფეროში, როგორც მხატვრობაში, ისე - არქიტექტურაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მიქავების ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი, ამიტომ ომის პერიოდს დიდი ტკივილით იხსენებს.

 

- ზუგდიდში დავიბადე, 1995 წელს, დევნილთა ოჯახში. ოჩამჩირეში ვცხოვრობდით და ომის გამო მოგვიწია ზუგდიდში გადმოსვლა. ომის პერიოდის გახსენება არ მიყვარს, რადგან ჩემმა ოჯახმა საშინელი დღეები გადაიტანა. ოჯახის წევრების მონაყოლიდან, განსაკუთრებით ერთი ამბავი მზარავს - ოჩამჩირედან ჩემს დედ-მამას და ორი თვის  ძმას იმ მანქანით მოუწიათ წამოსვლა, სადაც მიცვალებულები ესვენა...

- გახსოვთ, რა იყო თქვენი პირველი ნახატი ?

- ჩემი პირველი ნახატი, რომლითაც ყურადღება მივიქციე, იყო საქართველოს გერბი, რომელიც, 2003 წელს, ასფალტზე ხატვაში გამართული კონკურსისთვის დავხატე. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შერჩეული საქართველოს გერბი, გავიმარჯვე და სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა ჩემი სამხატვრო სკოლაში შეყვანა.

- პირველად ვინ აღმოაჩინა თქვენი ნიჭი?

- ჩემმა დამრიგებელმა აღმოაჩინა და მშობლებს უთხრა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღებაო. მაშინ პირველ კლასში ვიყავი და  შემიყვანეს სამხატვრო სკოლაში, სადაც ხუთი წელი ვსწავლობდი. დასრულების შემდეგ, დიდხანს აღარ მქონია მხატვრობასთან შეხება.

- სავარაუდოდ, პროფესიის არჩევაში, სწორედ მხატვრობის ნიჭმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, არა?

- დიახ, პროფესიით არ ვარ მხატვარი, არქიტექტორი ვარ, მაგრამ ხატვა უფრო ჩემია, ვიდრე არქტიტექტურა. ადრე ვგეგმავდი, რა და როგორ უნდა დამეხატა, ფერებს, კომპოზიციებს ვარჩევდი, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვანაირად ვქმნი ნახატს -  ხატვის დროს, შევწყვიტე ფიქრი, ინსტინქტებით დავიწყე ხატვა და ეს ჩემთვის საკუთარ ქვეცნობიერთან დიალოგია.

- ხანდახან ხელოვანს უჭირს ნახატის გაყიდვა, ამასთან დაკავშირებით, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ?

- ნახატის გაყიდვა ნამდვილად არ მახარებს, მაგრამ კარგად ვგრძნობ თავს, როცა წარმოვიდგენ, რომ ჩემი შემოქმედება, ჩემი ნაწილი სხვის ოჯახშია. გარკვეულწილად, ეს ჩემთვის ბედნიერებაცაა.

- შეგიქმნიათ ისეთი ნახატი, რომლის გაყიდვაც, უბრალოდ, არ შეგიძლიათ?

- ჩემთვის ასეთი, ჩემი მეუღლის პორტრეტია, კლასიკურ სტილში დახატული. ეს ის ნახატია, რომელსაც  ვერასდროს გავყიდი.

- თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა თქვენივე ნახატი გაგინადგურებიათ?

- დიახ, ასეთი მომენტი ძალიან ხშირად მქონია, როცა საკუთარი შექმნილში, სხვა რამ დამინახავს.

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ?

- ამ ბოლო პერიოდში, უფრო ხშირად ვთანამშრომლობ გალერეებთან, მარტში მქონდა  ორი გამოფენა, ახლა კიდევ ივნისში ვგეგმავთ პერსონალურ გამოფენას „არტ გალერეა ვაკეში“.

- საინტერესოა, როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე და თუ არსებობს ადამიანი, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?

- იყო პერიოდი, როდესაც ჩემი ნახატი მოეწონებოდათ, შიშის მომენტი მქონდა, ნეტა შემდეგიც მოეწონებათ თუ არა-მეთქი... კრიტიკის მიმართ, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. არსებობს ჩემთვის ერთი ადამიანი, რომლის დადებითი და უარყოფითი კრიტიკა ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

- არსებობს თუ არა ქართველი ხელოვანი, რომლის შემოქმედებისაც განსაკუთრებით კარგად გესმით?

- შემოქმედება, გესმის თუ არ გესმის, ან ხედავ თუ ვერ ხედავ, რაღაც დონეზე, ყველა დასაფასებელია, ცუდი შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ, ეს უფრო გემოვნებისა და აღქმის ამბავია. მე განსაკუთრებით მომწონს  მერაბ აბრამიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება.

- თუ ყოფილხართ რომელიმე მხატვრის შემოქმედების გავლენის ქვეშ?

- ასეთი გამოთქმაც არსებობს: „ძველი ოსტატები გვკარნახობენ“, სწორედ ამიტომ, ეს ჩვეულებრივად შესაძლებელია. ჩემი საყვარელი მხატვარი, ამ მხრივ, რემბრანდტია, 90%-ით, სწორედ მისი ზეგავლენით ვქმნი ნამუშევრებს, ყველას ჰყავს დასაწყისში ინსპირაციის წყაროდ ვიღაც და შემდეგ საკუთარი მარცვლის გაღვივებას იწყებს.

- რას აპირებთ სამომავლოდ?

- მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ და მინდა არქიტექტურის მიმართულებით მივაღწიო წარმატებას. მხატვრობით კი მინდა საზოგადოება მიცნობდეს ისეთს, როგორიც ვარ. 4 ივნისს კი გაიხსნება ჩემი პერსონალური გამოფენა - „სამი“, გალერეაში „არტ გალერეა ვაკე“, რომელიც ათ დღეს გასტანს. გამოფენა სამ სერიას აერთიანებს - „სამოსელი პირველი“, „ბანქო“ და „ფესვები“. ესაა სამი სერია თავისი განსხვავებული კონცეფციითა და საერთო ეგზისტენციალური ჭრილით. ყველაფერი, რაც ნამუშევრებშია გადმოცემული, ჩემს მიერ პერსონიფიცირებული განცდების მატერიალიზაციის მცდელობაა.