ლევონ სარგსიანი (1957-2021) - ჟურნალისტი, პუბლიცისტი
ლიტერატორი და პოეტი. სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილმა
„სიკვდილის მერე ნახავ სად მიდიან სიტყვები, რომლებიც არასდროს თქმულან“.
- „მე მაცხოვრეს ოცნებებმა, რომლებიც სინამდვილედ ქცევას გადაურჩნენ“.
- „პატარა სული ყველაზე მოსახერხებელი ადგილია დიდი შურისთვის“.
- „სიტყვები ჩვენთან ერთად ბერდებიან და სულ ბოლოს მათი სიჩუმე გვრჩება“.
- „რა დიდებული იქნებოდა, რომ სიკვდილზეც გვეთქვა - ესეც გაივლის...
- „... და მთელი სიცოცხლე არ გვყოფნის, რომ სიკვდილს ვუთხრათ - მე მზად ვარ!“
- „ბედნიერებას პირობას ნუ წაუყენებთ - ის უპირობოა“.
- „სიყვარული ვაი რომ სიცრუე იყო, მაგრამ რაოდენ ჭეშმარიტი იყო ტანჯვა“.
- „მე ვიცი ტკივილის სინონიმი - უშენობა“.
- „გენიოსს მომავალი ახსოვს“.
- „თითოეულ ჩვენგანს თავისი თავი ცოტათი მაინც დაუტოვებია იქ, სადაც როდესმე გაუვლია“.
- „წვრილმან სულში ღმერთი არ ცხოვრობს - მასაც კომფორტული გარემო უყვარს“.
- „ღმერთის ძებნაში არ გაგიკვირდეს, რომ შენს თავს მიადგე“.
- „სიცოცხლე ზოგჯერ თავს ხრის სიკვდილის დაჟინებული მზერის წინაშე“.
- „თავის თავზე რა დიდი წარმოდგენა აქვთ სიტყვებს სიყვარულის განსაზღვრა რომ უნდათ“.
- „თუ გყვარებია, ესე იგი ერთი წამით მაინც შეხებიხარ უკვდავებას“.
- „სიკვდილი შეუმჩნევლად იკავებს სულის იმ კუნჭულებს, საიდანაც სიყვარული გავიდა“.
- „ცოდვილი სიყვარული ქვებით ჩაქოლეს და მერე ამ ქვებით სამლოცველო ააგეს“.
- „უშენობა ჩემში შენით სავსეა...“
- „ფრინველისთვის ცა - სივრცეც არის და დროც“.
- „ნაწერს სიფრთხილით მოეკიდეთ - ვის შესახებაც არ უნდა დაწეროთ, მაინც თქვენს შესახებ წერთ“.
- „სიტყვებს არაფერი უთხრა შენს სიყვარულზე, თორემ მოგროვდებიან, სიტყვას სიტყვა მოჰყვება, სათმელად იქცევა და მთელი ქვეყანას მოსდებენ“.
- „უცნაურია ადამიანი, ყველა ტანჯვას შორის უდიდესს ირჩევს - სიყვარულს“.
- „დაგვიანებულ სიყვარულს ერთი უპირატესობა აქვს - ჩვეულებრივ სიყვარულად ქცევის დრო აღარ აქვს“.
- „მხოლოდ ერთხელ გიყვარს, სხვა დანარჩენი კი ამ ერთადერთის გახსენებაა“.
- „ჯვარი რომ ატარო, ჯერ ჯაჭვს უნდა ატარებდე“.
- „ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიმდიდრე ცოდნაა. ჩვენი სიმდიდრე - გრძნობებია“.
- „როგორი ანგარებიანია სიყვარული - ღარიბ სულში ბინას არ იდებს“.
- „ჩვენ მხოლოდ დაწერილი ლექსების კითხვა შეგვიძლია, ღმერთმა კი დაუწერელიც ზეპირად იცის“.
- „შესანიშნავია, როცა შეხვედრის შუამავალი ბედისწერაა“.
- „სიტყვებმა ბოლოს და ბოლოს სიჩუმე მასწავლეს“.
- „ჩვენ ყოველთვის შეუძლებლის გაკეთებას ვცდილობთ, რადგან შესაძლებელი არ გვიკეთებია“.
- „ფრთხილად, ფიქრთა ჯურღმულში ჩაძირვისას შეიძლება იქ აღმოჩნდე, სადაც სიტყვები აღარ არიან“.
- „ჩემში ტკივილი გულივით ფეთქავს“.
- „სადაც არ უნდა იყო, შენში ჩემი დრო იფეთქებს“.
- „რა გარკვევით ისმის ჩემი გულისცემა შენს დუმილში“.
„ქალის ისე უნდა შეიყვარო, რომ მიხვდეს - საკუთარ სულს ეძებ მასში“.
***
„შენი სიყვარულისთვის
თვალები ცოტა იყო,
შენი სიყვარულისთვის
ხელები ცოტა იყო,
შენი სიყვარულისთვის
სიტყვები ცოტა იყო,
და ლოცვებიც ცოტა იყო
შენი სიყვარულისთვის.
შენი სიყვარულისთვის
მე ცოტა ვიყავი“.
***
„მოდიოდი,
შეუძლებელი სიშორიდან მოდიოდი,
მთელი სიცოცხლე მოდიოდი,
და მოხვედი, როცა ღრმა შემოდგომა დადგა“.
***
„ღმერთს სიყვარული ვთხოვე და
შენი თავი გამომიგზავნა,
ღმერთს ტანჯვა ვთხოვე და
მითხრა - უკვე გაქვს!“
***
„დილით
არ დაგავიწყდეს
შენი მორთვა
ჩემი მონატრებით“.
***
„ცას ავხედე -
სიყვარული
მშორდებოდა...
სიყვარული
თბილ ქვეყნებში
მიფრინავდა“.
***
„ყველა(ფერს) შორის
ყველაზე მეტად
შენ მიყვარდი“.
***
„ჩემი დღეები
საპატარძლო კაბასავით
მინდა ჩაგაცვა
და გულისპირი
საათებით დაგიმშვენო.
როგორ გიხდება
შენ ჩემი დღეები“.
***
„ჩემს ერთგულებას
კოცნით
ბეჭედი დაუსვი,
შენი ერთადერთობა
სიყვარულით
დამიმოწმე
და
დიდი ხანია
ყველა ქალი
ძალადაკარგულია ჩემთვის“.
***
„შენს ოთახში,
სადაც არასდროს ვყოფილვარ
და არ ვიქნები,
ზაფხულის ღამის
შეუვალ სიბნელეში
შენ ანათებს
და ამ სინათლეზე
ჩემს ლექსებს ვწერ“.
„ბედისწერას ღმერთი საზღვრავს, მაგრამ ის ჩვენი ხელწერით იწერება“.
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი