რუბენ ჰოვსეფიანი - საპირველმაისო აღლუმი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Ռուբեն Հովսեփյան / ՄԱՅԻՍՄԵԿՅԱՆ ՇՔԱՀԱՆԴԵՍ

რუბენ ჰოვსეფიანი (1939-2016) - ცნობილი სომეხი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი.

 

საპირველმაისო აღლუმი

აპრილის ბოლოს ჩემს ცოლს სატანამ ჩასჩურჩულა, რომ საპირველმაისო დღესასწაულებზე და მომდევნო დღეებში - ჩემს დაბადების დღეზე, მოსკოვში მარტოდ და უპატრონოდ არ დავეტოვე, მითუმეტეს - სტუდენტის სტატუსით, გასაოცრად სწრაფად მზარდ ჩემს ქალიშვილებს კი თვეების წინ ნაყიდი ტანსაცმელი უკვე დავიწროვებოდათ. ამ ქვეყნად მათი მოვლინებისას არ გაგვითვალისწინებია, რომ შვიდი წლის სხვაობით დაბადებული უმცროსი, უფროსის ტანსაცმლის ჩაცმას მაშინვე ვერ შესძლებდა, შვიდი წელი უნდა დალოდებოდა, ხოლო შვიდი წლის განმავლობაში კი ქალთა სამყარო სამოცდაათჯერ იცვლება - იცვლის სახეს, ფორმას, ფერსა და ფერთა შეხამებას. და ასე, უმკლავებო და მკლავიანი, მოკლეკალთიანი და გრძელკალთიანი, ფერად-ფერადი და დაწინწკლული გაუცვეთელი „გველის პერანგები“ ტანსაცმლის კარადის უჯრათა სიღრმეში დაწყობილ-ჩალაგებული ხელუხლებლად რჩებოდა. ერთი სიტყვით, დღესასწაული - დღესასწაულად, დაბადების დღე - დაბადების დღედ და საჭირო იყო, რომ უნივერმაღ „ბავშვთა სამყაროს“ მახლობლად რომელიმე სასტუმროში ოთახი დამეჯავშნა, რათა შვიდი წლის სხვაობით დამბადებელი გოგონების დედა დიდი ქალაქის მგზნებარებით არ გადაღლილიყო. ხომა არ შემეძლო მეუღლე ბნელ და მყრალ კორიდორებიან საერთო საცხოვრებელში მიმეყვანა? სადაც სამზარეულო და საპირფარეშო საერთო იყო, და თანაც, იქ მცხოვრები დიადი ქვეყნის ჯერ კიდევ უცნობი, მრავალენოვანი პოეტების, პროზაიკოსებისა და კინორეჟისორების საზეიმო ყოფის შემსწრესა და დამნახველ ჩემს ცოლს, ყველანაირი უფლება ექნებოდა, რომ ხელ-ფეხ გაკოჭილი სახლში წავეყვანე.

  • საერთო საცხოვრებელში ხომ ვერ წავიყვან? - ვუთხარი მწერალთა სახლის სასტუმროების საკითხებით დაკავებულ ქერა ქალბატონს, ვეებერთელა აღნაგობის პაშკევიჩს და თან, ვითომც სხვათა შორის, მის მაგიდაზე შოკოლადის ფილა დავდე.
  • რა თქმა უნდა, ვერ წაიყვან, - დამეთანხმა ქალბატონი პაშკევიჩი, - საყვარლების მოულოდნელი ვიზიტისგან კი არც კანონიერი და არც რომელიმე სხვა ქალი აღფრთოვანებას არ განიცდის.
  • მე საყვარელი არ მყავს, - გავაპროტესტე, გონებაში გადავწყვიტე, რომ თუ უარს მეტყოდა, შოკოლადს უკან ავიღებდი და ვეტყოდი: რამდენადაც არ უნდა ეცადო „ს“ ასოს მაგივრად „შ“-ს გამოყენებას, სულერთია, მაინც ვერ დამალავ, რომ სომხებისთვის საძულველი პასკევიჩის მოდგმისა ხარ. სხვისი ღვაწლისა და გამარჯვების მიმთვისებელმა ამ ნაძირალა პასკევიჩმა კი ასპარეზიდან ჩამოიშორა არა მარტო თავისი თანამემამულე - ერმოლოვი და ჩვენი თანამემამულე - ლაზარიანცი, არამედ, წმინდა ნერსეს აშტარაკეციც, ისე, რომ უფალი ღმერთის არ შეშინებია, რომელსაც ვითომდა თვითონაც თაყვანს სცემდა.

გეგონება ჩემი აზრები წაიკითხაო, ქალბატონმა პაშკევიჩმა შოკოლადის ფილა უჯრაში ოსტატურად შეაცურა და საქაღალდიდან სასტუმრო „მოსკოვის“ საგზური ამოიღო, მე კი უკვე იმედის სხივით გამხნევებულმა გავუმეორე:

  • მე საყვარელი არ მყავს.
  • რა თქმა უნდა, არ გყავს, - ჩაიცინა ქალბატონმა პაშკევიჩმა, - მოსკოვში რომელ სომეხს ჰყავს საყვარელი რო?.. და ან რომელ ქართველს, ჩეჩენსა თუ უზბეკს?.. თქვენთვის მოსკოვი მონასტერია... უწინ თითებს მოიკვეთთ, ვიდრე ცდუნებას მიეცემით... თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნომერს გაძლევ... როიალით, სერვიზით... ლუქსი... დატკბი...

ნომერი, მართლაც რომ დიდებული იყო, დიდი და ვრცელი, ახალთექურ ბედაურებს თავისუფლად შეეძლოთ გაჭენება. მეზობელი მობინადრეების სიმშვიდე რომ არ დარღვეულიყო, იატაკზე საუცხოო თურქმენული ხალიჩები დაეფინათ - ადრეულ გაზაფხულზე უდაბნო ყვაოდა, ქვიშის მარცვლები მცირე გვირგვინიან ყვავილებად აფეთქებულიყვნენ, საქსაულები თაიგულებს ქმნიდნენ, ბარხანები ყვავილთა მთებად ქცეულიყვნენ... და ეს ხალიჩები, გაზაფხულის ამ ხანმოკლე, საოცარი მომენტისთვის თითქოს საგანგებოდ შეერჩიათ და გამოეფინათ.

ყველაფერი მასიური, დიდი და მაღალი იყო, დიდების მოყვარე სტალინის გემოვნებით აშენებული სასტუმროს ნომრის ფანჯრები კი პირდაპირ წითელ მოედანს, მავზოლეუმსა და ტრიბუნას გადაჰყურებდა.

  • ჰაა, - სიამაყით ვუთხარი ცოლს, - დილით ფანჯარასთან დაჯდები და უყურებ - ქვეყნის ბელადები აღტაცებულ მშრომელებს როგორ ესალმებიან. აშკარა იყო, რომ ცოლს ნომერი მოსწონებოდა, ოღონდ ერთი ეგი იყო - როიალი, მგონი, რაღაც თავის ადგილზე არ იდგა და არც - ყავის ჯუჯა მაგიდა, მაგრამ როდესაც ყავის ჯუჯა მაგიდა თავის სკამებიანად ფანჯარასთან გადაბარგდა, ხოლო ბორბლებიანი როიალი იაპონური ჭურჭლის კარადისკენ გასრიალადა, გაირკვა, რომ კარადა, სოკოს თავიანი აბაჟურით საწერი მაგიდის ადგილის უმიზნებდა, საწერ მაგიდა კი - ფინიკის ხის როლში შესული ფიკუსის.
  • მოულოდნელად რომ მოვიდეს? - მკითხა ცოლმა, როდესაც ჩემოდანს ხსნიდა, რომელშიც, დიდი ალბათობით, სარეცხის თოკიც უნდა ყოფილიყო.
  • ვინ? - ვკითხე მე და თან კედლებზე ლურსმანს ვეძებდი.
  • სახლის პატრონი, ყირგიზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე...
  • პირველმაისობა ყველგან არის, - დავაწყნარე მე, - უზბეკეთშიც ესალმებიან ქვეყნის მმართველები აღტაცებულ შრომელებს. ის, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩამოვა, როცა ბამბის დამზადების გეგმას შეასრულებს... და სხვათაშორის, - ვეუბნები, - შეგიძლია ამიხსნა, აზერბაიჯანი ბამბის დამზადების გეგმას თურქმენეთზე ადრე როგორ ასრულებს? თუ ჩვენი სახლის პატრონის სამშობლოში გაზაფხული გაცილებით უფრო ადრე დგება და ზაფხულიც უფრო ცხელია.
  • როდესაც სახლში ოთხი მეგობარი მოგყავს და თან მხოლოდ ერთი ბოთლი არყი მოგაქვს, არ გიკვირს მაგიდაზე კიდევ სამი ბოთლი საიდან ჩნდება?
  • მიხარია... არაყს ბამბასთან რა კავშირი აქვს?
  • პირდაპირი. როგორც მე ვინახავ არაყს შენს გასახარებლად, ასე მალავს ბამბას წინა წლის მოსავლიდან ჰეიდარ ალიევიც, მერე ჩქარ-ჩქარა აბარებს და ორდენს იკიდებს... ამ ნომერში მიკროფონი ხომ არ არის?

საჰაერო ხვრელში ხელი შევყავი და იქიდან უზარმაზრი ზომის დაფლეთილ-დაგლეჯილი ლიფი და საშუალო ზომის ნახმარი პრეზერვატივები გამომყვა - ხვრელის გამურული სიბნელიდან, ქერა და ვეებერთელა პაშკევიჩმა დამცინავად თვალი ჩამიკრა, ახალთექური ცხენი საუცხოო თურქმენულ ხალიჩებზე დაოთხილი გააჭენა და უდაბნოს სიშორეში გაუჩინარდა, სადაც აყვავებული ბარხანები ცას ედნობიან.

შხაპის ქვეშ ცხელი წყლით იმ საზიზღრობას ვიბანდი და ვფიქრობდი, რომ ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცების მოდგმა ცოდვებისგან ადვილად იწმინდება...

ცოლის ჩემოდანში, რომელსაც სახლის სურნელი ასდიოდა, სარეცხის თოკი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ჩემი ბალიშის პირი იყო, რომელიც მოსკოვში საგანგებო მისიით ჩამოეტანა - რამდენიმე დღის განმავლობაში ამ მოქარგულ ტომარას ჩემი სუნი ღრუბელივით უნდა შეესრუტა და ერევანში გადაეტანა - უმცროსი ქალიშვილის თავქვეშ, ვინაიდან ამ პატარა ადამიანს, რომელიც სამყაროს ჯერ კიდევ უმეტესწილად სუნებით აღიქვავდა, ჩემი ბალიში შიგთავსი მლიანად დაეცალა და საბერველგამოცლილ ბუშტად ექცია... დედის გულში კი ეჭვს დაებუდებინა, რომ ჩვენს უმცროსს შეიძლება ღვიძლი მამა დავიწყებოდა...

გონებაში უმცროსი ქალიშვილის სახის აღდგენას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა, უფროსი ქალიშვილის სახე მიშლიდა. მაშინვე უფროსის ბრიალა, მსხვილი თვალები წარმომიდგებოდა (უმცროსს ნაღვლიანი თვალები უნდა ჰქონოდა), თეთრი, რძეში მოზელილი კანი (უმცროსი შავგვრემანი დაიბადა), წაბლისფერი, ფუმფულა თმები (უმცროსს შავი და მბრწყინავი ხუჭუჭა თმა ჰქონდა), მომთხოვნი და შეუდავებელი ხმა (უმცროსის კი - წყნარი და გასუსული)... ბოლოს, როცა ამ უთანასწორო და აბსურდული პაექრობით დავიღალე, კატეგორიულად უარვყავი ის პორტრეტი, რომელიც ორივე ქალიშვილის სახეების შერევით იხაზებოდა. ჩემი უმწეობითა და უღონობით, სამყარო თითქოს პატარავდებოდა...

            უკვე მძინარეც, სიზმარში ვიტანჯებოდი, ჩემს უმცროს ქალიშვილს უშედეგოდ ვეძებდი: ეზოში, ქალაქის ქუჩებში, საბავშო პარკის ხეივნებში, საშინელი სიჩქარით მბრუნავი კარუსელის წრეში... ყველა შემხვედრ გოგონას ვედევნებოდი და როდესაც პირსახით ჩემსკენ ვაბრუნებდი, თავიანთი პატარა თვალებით გაოცებული მიყურებდნენ, მათ ყველას უფროსი ქალიშვილის სახის ნაკვთები ჰქონდათ. ოფლი მასხამდა, სუნთქვა მეკვროდა, თავქვეშ ბალიში მეცლებოდა... თითქოს მარილიან ღრმა ტბაში ჩავძირულიყავი, რომლის ფსკერზეც ზარების სუსტი რეკვა ისმოდა... მნათე კი, სართულის მორიგე იყო. გამომეღვიძა.

  • კარი გააღეთ... სტუმარი გყავთ...

აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამ დროს, შესაძლებელია შუადღე ყოფილიყო ან თუნდაც დილა, მაგრამ მოსკოვში არანაირად, სადაც პოლარული ციალის შორეული ჩრდილები ვერ აღწევდნენ, ფანჯრის მინაზე ცხვირმობჯენილი წითელი მოედანი კი ჯერ ისევ რძისფერ ნისლში თვლემდა. ცოლის დაეჭვებულ თვალებში, კვლავ ახალთექურ ბედაურზე ამხედრებული ქერა და ვეებერთელა პაშკევიჩის მოჩვენება დავინახე და ყურმილში ვიღრიალე:

  • ასეთ დროს რა ჯანდაბის სტუმარია?
  • კარი გააღეთ და ნახავთ, - სართული მორიგე-მნათემ მთქნარებით მითხრა.

სახლის პატრონია, - ხალათი მოიცვა ცოლმა, - ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე... ხომ ვამბობდი, არა?.. რა სირცხვილია...

სტუმარი კარზე იყო მომდგარი. მის სუნთქვასა და სუნამოს სურნელს ვგრძნობდი. გაპარსვა მოესწრო. ცხენის ფრუტუნი და ჭიხვინი კი არ ისმოდა. ნახევრად გაღებული კარის ღრიჭოში დილაადრიანი სტუმრის გამოწვდილი ხელი გამოჩნდა, რომელსაც თაიგული, თუ?.. დანასავით წიგნაკი ეჭირა.

  • უკაცრავად, - განაცხადა წიგნაკიანმა, - მაგრამ მე თქვენს ნომერში უნდა ვიმორიგეო.

და გაიღიმა: - სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ. უკაცრავად.

შემოვიპატიჟე, ისედაც უკვე შიგნით შემოსული სუკ-ის თანამშრომელი და მაშინვე მივხვდი, რომ იმ წუთიდან, ვითარების ბატონ-პატრონი უკვე ის იყო. მის დასანახად და ჩემი შეუპოვრობის გამოსავლენად, ცოლს წვრილ-წვრილი განკარგულებები მივეცი, რითაც ჩემს უფლებასა და წიგნაკიანის სტუმრის სტატუსით ყოფნის გარემოებას გავუსვი ხაზი.

  • მინერალური წყალი მოუტანე ადამიანს, - ვუთხარი მე.
  • იქნებ არაყი სჯობდეს? - დამგესლა ცოლმა, - კეთილი დილა ხომ უნდა უსურვოთ ერთმანეთს?
  • არა, - ვუთხარი, - ის სამსახურშია. ყავით გაუმასპინძლდი, ბასტურმა, მწვანილი, ლავაში...
  • და, მისი სამსახურის აზრი რაში მდგომარეობს? - დაინტერესდა ცოლი.
  • რუსულად ილაპარაკე, - ვუთხარი, - უხერხულია.
  • მისთვის გასაგები რუსულით სამსახურის აზრის შესახებ კითხის დასმა უფრო უხერხული არ არის? - არ მეშვება ცოლი.
  • ფანჯრიდან გარეთ გაიხედე, - თითქმის ვიღრიალე. - რას ხედავ?
  • წითელ მოედანს, მავზოლეუმს, მავზოლეუმის ტრიბუნას, საიდანაც მალე ქვეყნის ბელადები აღტაცებულ მშრომელებს მიესალმებიან.
  • სამიზნეა, ხომ?
  • რა სამიზნე?
  • მავზოლეუმი, ტრიბუნა, ბელადი... ჩვენი ფანჯრიდან შორსმსროლელი შაშხანით მიზანში მოხვედრა ჭიქა მინერალური წყლის დალევასავით ადვილი რამეა...
  • მაგრამ შორსმსროლელი შაშხანა ჩვენ საიდან?
  • მან ხომ არ იცის შაშხანა გაქვს თუ არა?
  • დაე, ყველა კუთხე-კუნჭული გაჩხრიკოს, ჩემოდანიც და თავი დაგვანებოს... ეს რა დღეში ჩავვარდით!.. ამას არ სჯობდა, რომ სახლის პატრონი - ტაჯიკეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჩამოსულიყო?..
  • რუსულად ილაპარაკე, უხერხულია, მატენადარანზე (სომხეთში ძველი ხელნაწერების ინსტიტუტი) მოუყევი, მარტიროს სარიანზე... ნახე, ეს ადამიანი შიშობს, რომ მინერალური წყალი შეიძლება მოწამლული იყოს... არ სვამს... გაუხსნელი ბოთლი და სახსნელი მოუტანე. სჯობს თავისი ხელით გახსნას და დალიოს.

დილა თენდებოდა. წითელი მოედნის მისადგომებთან ფორმიანი და უფორმო - შენიღბული პოლიციელები მოსჩანდნენ, თანდათან მოძლიერებული სინათლის ფონზე უკვე შესაძლებელი იყო ტილოებზე დაწერილი ასოებისა და სიტყვბის ამოკითხვა... ცოლს ფანჯრის დარაბის გაღება უნდოდა და არ ვიცი რატომ, გაღებამდე ჯერ სუკი-ის თანამშრომელს შეხედა. ჩვენმა სტუმარმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - არ შეიძლება.

  • ეს რა დღეში ჩავვარდით! - ჩაიბუტბუტა ცოლმა, - ბალიშის მზეზე დადება მინდოდა... სისველე გაშრებოდა, შენი სუნი კი დარჩებოდა...

მოედანზე სასულიერო ორკესტრის მუსიკოსები შემოდიოდნენ. ორ კაცს უზარმაზარი ბარაბანი მოჰქონდა - თანაბარ და ერთდროულ ნაბიჯს დგამდნენ, რომ წინ და უკან არ აცდენილიყვნენ, ინსტრუმენტი არ გადახრილიყო და წვეტიანი ფეხსაცმლის წვერით დაჭიმულობისგან მოგუგუნე ტყავი შემთხვევით არ დაეზიანებინათ. სარწყავ მანქანებს თავისი საქმე მოეთავებინათ და მოედანს ტოვებდნენ, კაბინებიდან ამაყად მარცხენა მკლავგადმოყოფილი მძღოლები, ახლად მოშარდულ და შარვალზე ღილებშებნეულ მამაკაცთა საგანგებო სიმშვიდით, მუსიკოსებს კეთილ მსვლელობას უსურვებდნენ.

სუკის თანამშრომელმა ყავაზეც უარი თქვა. ბასტურმის დანახვაზე და სუნზე ნერწყვი გადაყლაპა, მაგრამ იმწამსვე იცრუა, რომ უკვე ნასაუზმებია. შესაძლოა ის, წინა დღის ვახშამს საუზმედ თვლიდა.

  • რა უნდა ვქნათ? - დაიბნა ცოლი, - ხომ არ შეგვიძლია, რომ ისე მოვიქცეთ, ვითომ სახლში სტუმარი არ გყვავს და ყავა ჩვენთვის მშვიდად დავლიოთ? ეს რა დღეში ჩავვარდით!
  • თავიდან შენ ელაპარაკე და ამასობაში მე დავლევ ყავას, მერე მე ველაპარაკები და შენ დალიე, - გამოსავალი მოვძებნე. რიგითობის პრობლემა რომ არ დამდგარიყო, მაშინვე ჩემი ყავის დალევას შევუდექი.
  • სომხეთში თუ ყოფილხართ? - თავაზიანად ჰკითხა ცოლმა.
  • ო, დიახ! - ფართოდ გაიღიმა სუკ-ის თანამშრომელმა, - სამსახურის საქმეზე, სად იტყვით, რომ არ ვყოფილვარ...
  • სომხეთში ამ ადამიანის სამსახურის აზრი რომელია? - სომხურად მომმართა ცოლმა, - სომხეთში შორსმსროლელი შაშხანით მიზანში მსროლელთა მაკონტროლებელი არ ჰყავთ?
  • უდაოდ ჰყავთ, მაგრამ ცენტრის მაკონტროლებლები ამ საქმეში უფრო გაწაფულნი არიან.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ცენტრიდან არიან. ცენტრი ხომ მარტო ტერიტორიული ან გეოპოლიტიკური ცნება არ არის?.. ცენტრი არსია, ხარისხი...
  • უპირატესობაც, ასევე... ვთქვათ, ჰამო საჰიანს რომ ცენტრში ეცხოვრა, ნობელის პრემიას მიიღებდა?
  • დიახ, ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ფული ექნებოდა... ეხლა შენ დალიე ყავა და მე ვესაუბრები...

ფანჯრიდან დემონსტრანტთა ზედა რიგები მოჩანდა. ასობით, ათასობით დროშას აფრიალებდნენ და მილიონობით კიდევ გორკის ქუჩაზე და მის მიმდებარედ იყვნენ... ღმერთო ჩემო, ვფიქრობდი მე, აი, რაში იფლანგება აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ბამბა... აი, რატომ არის ასე ცოტა ბავშვის ტანსაცმელი, რომლის გულისთვისაც, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ცოლი მოსკოვში ჩამოვიდა, ის შესაძლოა თავის თავსაც ატყუებს, ქვეყანასაც და მეც, რომ ვითომდა საზეიმო დღეებში მეუღლის მარტოდ და უპატრონოდ დატოვება მის ძალებს აღემატება.

  • რამდენი შვილი გყავთ? - ვკითხე სუკ-ის თანამშრომელს.
  • ორი ქალიშვილი, - ფართოდ გაიღიმა.
  • მეც, - არ ვიცი რატომ, მაგრამ გამიხარდა.
  • ვიცი, - ღრმააზროვნად გაიღიმა სუკ-ის თანამშრომელმა.
  • როგორ თუ იცის? - გაუკვირდა, შეეშინდა და გააპროტესტა ცოლმა, - მათ რა, თავიდან ფეხებამდე გაგვქექეს?
  • სასტუმროს ეს ნომერი, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველია, - დავასკვენი მე, - და ასეთ დღეებში ვიდრე ვინმეს შეუშვებენ, ჯერ მის ვინაობას არკვევენ.
  • ეს ნიშნავს, რომ მათ სამსახურში შენ კარგი რეპუტაცია გაქვს? - არ ვიცი, გაუხარდა თუ ეწყინა ჩემს ცოლს.
  • ცუდი რეპუტაცია რატომ უნდა მქონდეს?.. ოცდაჩვიდმეტში დაპატიმრებული, დახვრეტილი და გადასახლებაში გარდაცვლილი ყველა ჩემი ნათესავი რეაბილიტირებულია... მამაჩემმა, ამ ქვეყნისთვის მელი თავისი ცხოვრება თავჩაღუნულმა იმუშავა, ჩემი მოთხრობები კი გამოქვეყნებამდე ცენზურის ქვიშებში იწმინდება... ცუდი რეპუტაცია რატომ უნდა მქონდეს?..
  • ეს რა დღეში ჩავვარდით! - ყავის ბოლო ყლუპი მოსვა ცოლმა და ჭიქა გადაატრიალა. როგორც ყოველთვის, ძნელ წუთებში, ყავის ნალექზე ამოკითხული ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივით ცდილობდა ხოლმე უსიამოვნო აწმყო ასატანი გაეხადა. ბუნებრივია, ბრწყინვალე მომავალი არ დგებოდა, მაგრამ აწმყო ნამდვილად ასატანი ხდებოდა.

მავზოლეუმის ტრიბუნა ცოცხლდებოდა. ქვეყნის ბელადები, ერთი მეორეს მიყოლებით მოდიოდნენ და რანგის მიხედვით გვერდი-გვერდ მწკრივდებოდნენ. სამხედროები უფრო ორგანიზებულნი და გარკვეულნი ჩანდნენ, მათი სამხრეების, მეტალის ბალთებისა და ორდენების ელვარება რიგის შუაში წყდებოდა, სადაც სამიზნე იყო - ამ სანახაობას შორსმსროლელი შაშხანით შეიარაღებული მემიზნის თვალით თუ შევხედავდით. სამიზნეს მარჯვნივ კი ფართოფარფლებიანი ქუდების სიხშირე იყო.

სუკ-ის თანამშრომელი მთლიანად თვალებად და ყურებად იქცა, ჩვენს უმნიშვნელო და უხმაურო მოძრაობებზე ზურგითაც კი ნადირობდა. სახეზე ფართო ღიმილი მონადირე ძაღლის გამომეტყველებით შეეცვალა, როგორსაც იღებს ხოლმე ძაღლი მხეცის ან ფრინველის გამოჩენამდე წამიერად ადრე - როცა დაუცდენელი მსროლელის საჩვენებელი თითი სასხლეტს ჯერ არ შეხებია, ვაზნას უკანალზე საჭირო პანღური არ მიუღია, მაგრამ მონადირე ძაღლის ზემგძნობიარე ყნოსვას დენთის სუნი უკვე სცემს, როცა გასროლას ჯერ არ უჭექია, მაგრამ მისი კონცენტრირების, მოცდისა და დაუძლეველი მიზიდულობის არეალში - ბუჩქებიდან მხეცის დრუნჩი ან ხის კენწეროზე ფრინველის ფართხალი მოსჩანს.

და როცა ჩვენს კარზე კაკუნი გაისმა, მოგვეჩვენა, რომ შორსმსროლელი შაშხანის საკეტი გაჩხაკუნდა. სუკ-ის თანამშრომელი კარადის უკან დაიმალა და თავით გვანიშნა - გაგვეღო. ცოლმა კარი გააღო და პირზე ხელი აიფარა, გაოცებისგან რომ არ ეყვირა - ყველაფრის დიდის, მსხვილისა და მაღლის მოყვარული სტალინის გემოვნებით აგებული სასტუმროს ნომრის ნახევრად ღია კარის უზარმაზარ ჭრილში, ვიღაც უშნო, გამხდარი და გიგანტური აღლაყუდას მხოლოდ ტანი მოსჩანდა. თავი კი მოგვიანებით გამოჩნდა, როცა ეს უშნო ახმახი კარებში წელში მოხრილი შემოძვრა და გატეხილი რუსულით იკითხა: - შეიძლება თვენი ფანჯრიდან საპირველმაისო აღლუმს ვუყურო? როგორც გაირკვა, მისი ნომრის ფანჯრები წითელ მოედანს არ უყურებდა. არ გაუმართლა ან იქნებ ამ აყლაყუდას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ რომელიმე სხვა პაშკევიჩისთვის შოკოლადის ფილა შეეთავაზებინა.

ხელში ავტომატის სიდიდის ფოტოაპარატი ეჭირა, თვალებზე სქელშუშებიანი სათვალე ეკეთა - იმოდენა სიმაღლიდან უყურებდა ქვეყანას, რომ თვალები დაგლახავებოდა. უცებ ვიგრძენი, რომ უცხოელს მეც სუკ-ის თანამშრომელივით დაეჭვებული შევყურებდი და ვერ გადამეწყვიტა - ნება დამერთო თუ არა? სუკ-ის თანამშრომელმა თავი დამიქნია - შეიძლება. კარზე ისევ დააკაკუნეს, მოკლეშარვლიანი ახალგაზრდები იყვნენ, მათგან რამდენიმე - ქალისმაგვარი, თუმცა კი საჭირო ადგილებზე მკერდად წოდებული საოცრებები არ აღენიშნებოდათ. ისინიც ფოტოაპარატებით იყვნენ შეიარღებულნი - ოღონდ უფრო მცირე ზომის და განთიადისას გაღვიძებული ბეღურებივით ჟღურტულებდნენ. შემდეგ საიდანღაც უზომოდ ცქვიტი ბებია მოგვევლინა, რომელმაც ჩათვალა, რომ სუკ-ის თანამშრომელი სახლის პატრონი იყო და შესამჩნევად ეპირფერებოდა, საღეჭი რეზინით, სიგარითა და მოხალული ნუშით უმასპინძლდებოდა. მოგვიანებით, თვითმართვადი ეტლით ვიღაც მოხუციც გამოჩნდა, ხელში კანადის პატარა დროშა ეჭირა, რომლის აბრეშუმიც პატრონის უსიცოცხლო მუხლებზე მთვლემარე უზარმაზარ კატას უღიტინებდა. და კიდევ, ორი წყვილი ახალგაზრა მოვიდა, რომელთაგან ორს, საჭირო ადგილებზე ყველაფერი რიგზე ჰქონდათ.

და ამ ჭიანჭველების ბუდეში ცოლი დავკარგე... ის, რა თქმა უნდა, იქ იყო, არსებობდა, ყველგან მისი მოძრაობის კვალი ჩანდა, თუმცა მოძრაობის სისწრაფეში თავად აღარ განირჩეოდა. ყველას ხელში ყავის ჭიქები გაჩნდა, ასევე, სომხური ლავაშის „ბუტერბროდები“ ყველით, მწვანილითა და ბასტურმით. მინერალური წყლის მშხეფავი ბუშტულებიანი ჭიქები წკარუნობდნენ, რომელთა შიგთავსის შეფერილობაც ძალიან მალე გაწითლდა... ცარიელი ბოთლები იმწამსვე ქრებოდა და ახლები ჩნდებოდა, ლავაშის ბუტერბროდებიც თავიდან იხვეოდა, ნეკერჩხლის ფოთლიანი დროშის ქვეშ გაღვიძებული კატაც კი ბასტურმას შეექცეოდა... ყველის თავი ამდენი ჩამოჭრისგან შესახედაობას კარგავდა, როგორც თვალსა და ხელს შუა გამცვდარი მინერალების შემცველი მთა, შერეული მწვანილების სურნელოვანი ღეროების მღეჭავი და კონიაკის ოხშივარში მოცურავე უცხოელები კი ნელ-ნელა როიალისკენ მიიწევდნენ. რამდენიმე წყვილმა ხელემა და უთვალავმა თითმა კლავიშებს დასცხო და ველურ საცეკვაო გამებზე ახალთექური ცხენების დაუოკებელი ჯოგი აბაკუნდა... ცელქი ბებია, სიამოვნებისაგან დნებოდა და სუკ-ის თანამშრომელს შეჰხაროდა... საპირველმაისო აღლუმი აღარავის აინტერესებდა - ის ჩვენს ფანჯარაში მოსაწყენი კინოფილმივით გადიოდა. გადარეული აფრო-ამერიკული ცეკვის მორევში კი უძრავად მხოლოდ სუკ-ის თანამშრომელი იდგა - პიჯაკის ქვეში მარჯვენა ხელით პისტოლეტმომარჯვებული.

შუადღისით, როდესაც დემონსტრაცია დამთავრდა და ჩვენმა მეზობლებმა ნომერი დატოვეს, რომელიც ომისშემგდომი ბრძოლის ველს ჰგავდა, ივან ივანიჩმა ერთი ჭიქა კონიაკი გადაჰკრა, სომხური ლავაშის ბუტერბროდი მადიანად ჩაკბინჩა და თქვა:

  • რა მძიმე დღე იყო!..
  • საწყალი კაცი, - დივანის მხარეს ცოლის ამოოხვრა გაისმა და მე ის, ბოლოს და ბოლოს, ფუმფულა ბალიშებში ჩაფლული ვიპოვნე - სინდისი ქენჯნიდა, ტირილი უნდოდა უკვე მეორე ჭიქა კონიაკის გამომცლელი სუკ-ის თანამშრომლის შემყურეს, ქუთუთოები დამძიმებოდა, წამწამები ყავარჯნებად გადაქცეოდა, მორეულ ძილს ვეღარ უმკლავდებოდა. ხოლო როდესაც სუკ-ის თანამშრომელმა მესამე ჭიქაც გამოცალა, ტუჩები მოიწმინდა და საპირველმაისო ლხინის დედოფალთან მიახლოება განიზრახა, რომ მისთვის ხელზე ეკოცნა, ცოლს უკვე ჩასძინებოდა - მარგვლისგან ან ლავაშის ცხობისგან დაქანცული ქალივით...
  • მძიმე დღე იყო, - ფართოდ გაიღიმა ივან ივანიჩმა და უცებ ხარხარი აუტყდა. თავს აქნევდა და იცინოდა. გეგონება სწორედ ახლა დაეღწია თავი ავტოავარიაში მოყოლილი მანქანიდან და გაეგო, რომ ცოცხალი და უვნებელია. გეგონება სამედიცინო შემოწმება გაევლოს და გაეგოს, რომ ყველა მისი ეჭვები უსაფუძვლოა - ფოლადის ჯანმრთელობა აქვს, ას წელს იცოცხლებს და კიდევ შვიდ რქასაც მოიცვლის...

ხარხარმა ივან ივანიჩი გაალამაზა. მონადირე ძაღლის გამომეტყველება გაუქრა. მძინარე მეუღლის დაღლილ ხელს მაინც ეამბორა და ყურში ჩამჩურჩულა:

  • განა აბსურდი არ არის? მეგობარო, რომ მე გითვალთვალებდით თქვენ და არა პირიქით... არადა, შეიარაღებული ხომ მხოლოდ მე ვიყავი?

მართლაცდა, შეიარაღებული ხომ მხოლოდ ისი იყო, ჩვენ კი აფრო-ამერიკულ ცეკვას ვცეკვავდით...

 

სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილიმა