„ისინი ადამიანები არიან, მაგრამ ფრთებით, რომლებსაც სიკეთე მოაქვთ და ცდილობენ, სხვები გააბედნიერონ!“
ეს მხატვარი თამთა ელბაქიძეა. გადავწყვიტე, „ვერსიის“ მკითხველებს მისი სივრცე და ზღაპრული სამყარო გავაცნო. არც ისე დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო, ახალი გვერდი - „თამთას სივრცე“ გამოჩნდა. პანდემიის, მძიმე და დამღლელი პოლიტიკური ცხოვრებისა და დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, განტვირთვას თამთა ელბაქიძის მშვიდ, ჯადოსნურ, თბილ და მყუდრო გარემოში გთავაზობთ. ამ საოცარ გარემოს კი თამთასვე შექმნილი ზღაპრული თილიები ქმნიან. თილიებს ფრთები აქვთ და ადამიანებზე ზრუნავენ, მაგრამ ანგელოზები არ არიან; კეთილ საქმეებს აკეთებენ, ხელთ ჯადოსნური ჯოხებიც კი უპყრიათ, თუმცა ფერიები არ არიან. გაინტერესებთ, ვინ არიან თილიები? - მომყევით, ერთად გავიცნოთ და მერწმუნეთ, არ ინანებთ...
თამთა ელბაქიძე პროფესიონალი მხატვარია. ამბობს, რომ ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა, რადგან ისეთ ოჯახში იზრდებოდა, სადაც მხატვრობა უცხო ნამდვილად არ ყოფილა:
„დეიდა მხატვარია. ის რომ ხატავდა, ინტერესით ვაკვირდებოდი ყველა დეტალს. ყოველთვის, როცა დროს გამოვნახავდი, მეც ვხატავდი. ვსწავლობდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში, საკმაოდ სასიამოვნოდ დატვირთული ბავშვობა მქონდა. ვფიქრობ, ჩემს ნახატებში ბალეტის გავლენაც იგრძნობა“, - ასე იწყება თამთას ამბავი.
დიახ, ასეა, თამთას შემოქმედებაში ბალეტის გავლენა ნამდვილად იგრძნობა - მისი თილიები ბალერინებსაც ჰგვანან, მსუბუქები და ჰაეროვნები არიან. ნამუშევრები გრაფიკაშია შესრულებული - აკვარელის ტექნიკითა და ტუშით. ფერები კი... მართლაც საოცარ ფერებს იყენებს - პასტელის მშვიდ და თბილ ტონებს. სწორედ ამ ფერებით ქმნის თამთა იმ გამორჩეულ ზღაპარს, რომელიც ასე ძალიან მომწონს, მამშვიდებს და მაბედნიერებს...
„სკოლის შემდეგ, მაინც მხატვრობისკენ წავიდა ჩემი ინტერესი და სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ჩემი პროფესიით. ოჯახის შექმნის შემდეგ, ბოლომდე ბავშვებს დავუთმე ჩემი დრო. როდესაც წამოიზარდნენ, მივხვდი, რომ გამიჩნდა დრო, რათა რაღაც მეკეთებინა ჩემი პროფესიით და გარკვეული პერიოდის მანძილზე, სამკაულებს ვქმნიდი“.
პერიოდულად სულ ხატავდა, ოღონდ მხოლოდ მისთვის. მეუბნება, რომ გამორჩეულ ადამიანებს ხატავდა - მსუბუქებსა და ჰაეროვნებს. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, ნახატი ჩარჩოში ჩაესვა და სახლში დაჰკიდა. მეუღლემ, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, ნახატს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში, თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც მართლა არ ველოდი. საზოგადოების ამ რეაქციამ განაპირობა, გამეკეთებინა ჩემი გვერდი, სადაც განვათავსებდი ჩემს ნამუშევრებს. ასე შეიქმნა გვერდი - „თამთას სივრცე“. ესაა გვერდი, სადაც ჩემი სამყაროა, აქ ჩემი პერსონაჟები არიან წარმოდგენილნი... რაც შეეხება პერსონაჟებს, ისენი ჩემი ბავშვობიდან მოდიან. ყოველთვის ვხატავდი ადამიანებს, მაგრამ არ მინდოდა, ისინი სტანდარტულები ყოფილიყვნენ, ამავდროულად, არც კლასიკური ანგელოზების ხატვა მინდოდა. ისინი ადამიანები არიან, მაგრამ ფრთებით, რომლებსაც მოაქვთ სიკეთე და ცდილობენ, გააბედნიერონ სხვები. სახელი თილიაც თავისით მოვიდა. მსურდა, ერთ სახელში გაერთიანებულიყვნენ. ფიქრის დროს, საიდან არ ვიცი, მაგრამ თავისით ამოტივტივდა გონებაში და ჩემს პერსონაჟებს თილიები დავარქვი“.
როგორც გითხარით, თილიები საკუთარ, უფრო ზუსტად კი „თამთას სივრცეში“ ცხოვრობენ და ადამიანებს ეხმარებიან. სხვათა შორის, მის ყველა ნახატს თავისი, პატარა ამბავიც ერთვის. ესაა ნახატის ერთგვარი ანოტაცია, შინაარსი მაგრამ თამთა აქაც გამორჩეულია - ვინაიდან მისი სამყარო და პერსონაჟები ჯადოსნურები არიან, ცხადია, ეს პატარა ამბავიც ზღაპრულია. სწორედ ამიტომ, მისი ყველა ნახატი რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს, თილიები ერთ დიდ ამბავს ქმნიან, ოღონდ სხვადასხვა, პატარ-პატარა ეპიზოდებით.
თითოეული ნახატი ოთხი-ხუთი წინადადებით აღწერილი პატარა ზღაპარია, რომელიც ჩვენს თანამედროვე, უფერულ ყოფიერებას აფერადებს... ამიტომაც ვეკითხები თამამად, ხომ არ აპირებს, რომ სამომავლოდ, ერთ წიგნად აკინძული ალბომი გამოსცეს. თავმდაბლად და მორიდებით მპასუხობს, რომ ჯერჯერობით, ამგვარი გეგმა მხოლოდ იდეის დონეზე აქვს. არც გამოფენას გეგმავს უახლოეს მომავალში, რადგან მიხსნის, რომ ახლა, ამისთვის მზად არ არის. თუმცა ზუსტად ვიცი, დადგება დრო და თამთა ელბაქიძე გამოფენას აუცილებლად გამართავს.
„დღეს, ჩემი ნამუშევრები ონლაინგალერეაში - mygallery.ge არის წარდგენილი. როცა დამირეკეს და შემომთავაზეს, ძალიან გამეხარდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და რამდენიმე ნახატიც წარვადგინე“
ჯერ მხოლოდ თავის სამყაროს იცნობს, სადაც სულ სითბოა. მას უკვე მოუთმენლად ელიან იმ დიდ, მეორე სამყაროში, სადაც მხოლოდ სითბოს კი არა, სიყვარულს, სინათლეს და ბედნიერებას აჩუქებენ. ის, ის ბედნიერი ვარსკვლავია, რომლის იმედიც დედიკოს და მამიკოს აქვთ. გასკდება ფერადი ბუშტი, საიდანაც ახალი სიცოცხლე დაიბადება, ის შეცვლის ყველაფერს, სამყაროს შეცვლის, მისი დაბადებით ბედნიერი ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება...
„სიყვარულის ბუშტი“ |
ნახატს დავარქვი „მურაბების ქვეყანა“ |
თილიები სიყვარულს უფრთხილდებიან. გრძნობას, რომელიც მათ აერთიანებთ, ცივ ნიავს არ აკარებენ, მთელი ცხოვრება სურთ, რომ გული ისეთი მთელი და ბედნიერი იყოს, როგორიც ახლაა. ისინი სიყვარულს არ მალავენ, თუმცა უფრთხილდებიან: ავდრის დროს იფარავენ, დარის დროს კი მძაფრად ძგერის საშუალებას აძლევენ.
„გული ზრუნავს“ |
ბედნიერებისგან ღუბლებში ფრენა გინდათ?.. თილიებმა გადაწყვიტეს, ღრუბლები თქვენთვის შეაგროვონ, მათ ხომ სურვილების ასრულება შეუძლიათ... ცაში თუ აიხედავთ, ბედნიერებისფერ ღრუბლებს დაინახავთ. აირჩიეთ ერთ-ერთი, ის უკვე თქვენია... ჩაუთქვით სურვილი და ის აუცილებლად აგისრულდებათ... თილიები კი იზრუნებენ იმაზე, რომ ფაფუკი ღრუბლები თქვენი ბედნიერების საწინდარი იყოს...
„ბედნიერებისფერი ღრუბელი“
|
გვიან გაზაფხულზე, თილიების ქვეყანაში, გულების შეგროვების სეზონი დგება. იკრიბებიან, კრეფენ,
„გულის მოსავალი“
|
|
ერთ საღამოს, როცა გზას მთვარის შუქი ანათებდა, თილია გამოჩნდა. ყველამ იცოდა, რომ თილია
„მოწყვეტილი ვარსკვლავები“
|