როგორ უნდა მოიქცნენ ქრონიკული და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირები მაღალი სიცხის დროს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს. განსაკუთრებით, რისკის ქვეშ იმყოფებიან ქრონიკული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებული პირები, რომლებმაც ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ და იცოდნენ როგორ მოიქცნენ თუ მაღალი ტემპერატურა შეაწუხებთ. ამ საკითხზე, “ვერსია“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწოდებულ ოფიციალური რეკომენდაციებს გიზიარებთ.

მედიკამენტი შეინახეთ 25C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში

  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები.
  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
  • შეზღუდეთ ალკოჰოლი და ზედმეტად ტკბილი სასმელის მიღება, ასევე ზედმეტად ცივი წყალი (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი).
  • დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავს დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, რა მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში).
  • ატარეთ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი ფერის სათვალეები.

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი 24C-ს.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).

თუ შენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:

  • თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ექიმს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
  • თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს,კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება,სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.