როგორ უნდა ვიკვებოთ მარხვისას და მის შემდგომ - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მარხვა, ფიზიკური და სულიერი განწმენდის პერიოდია, როდესაც ხორცის და რძის პროდუქტების მიღება აკრძალულია. მართლმადიდებლები წელიწადში 4 მრავალდღიან მარხვას იცავენ: აღდგომის - დიდი მარხვა, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. ამ დროს, ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს, რადგან ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ცხოველური ცხიმებით კვებას, მათ რაციონიდან გამორიცხავს. მარხვის პერიოდში, თუ არასწორად/არაჯანსაღად იკვებებით, შესაძლოა, ვიტამინების ნაკლებობა, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა ჩივილები განვითარდეს. ასევე, მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ.

იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად მარხვის დროს, რით ჩავანაცვლოთ ცხოველური ცხიმები და როგორ უნდა გადავიდეთ შემდგომ კვებაზე, „ვერსია“ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა.

_ბატონო ლაშა, როგორ უნდა ვიკვებოთ მარხვის პერიოდში, რომ არ გამოვიწვიოთ ვიტამინების ნაკლებობა და იმუნიტეტის დაქვეითება?

_მარხვა ორგანიზმს სჭირდება, როგორც სულიერი, ასევე, ფიზიკური განტვირთვისთვის. ამ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორი კვების პრინციპის დაცვა. მარხვისას რაციონი არასრულფასოვანია, ამიტომ ორგანიზმმა არ უნდა განიცადოს გარკვეული საკვები ელემენტების ნაკლებობა. რაციონში აქტიურად ჩართული უნდა იყოს ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით, ის ბოსტნეული, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ცილოვან კომპონენტებს, ეს არის ენერგიის წყარო, რათა ორგანიზმი არ დაუძლურდეს. მას უნდა მივაწოდოთ მიკრო, მაკრო ელემენტები და ვიტამინები, რომელიც მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის სწორად წარმართვისთვის. რადგან შობის მარხვა ემთხვევა, ვირუსების გააქტიურების პერიოდს, იმუნური სისტემის სიძლიერისთვის, რაციონში უნდა იყოს ჩართული ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც მდიდარია რკინით, ც  და ბ ჯგუფის ვიტამინებით.

არ მიიღოთ ე.წ სამარხვო პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია მცენარეული მყარი ცხიმებისგან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ მცენარეული ცხიმი კარგია და ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცხოველური, მაგრამ მცენარეულ ცხიმებში ვგულისხმობთ თხევად ცხიმს, რომელიც რეალურად გამოიწურება მცენარეებიდან. ისეთი მცენარეული ცხიმები, რომელიც უკვე მყარი მდგომარეობით არის მოწოდებული პროდუქტში და გამყარებულია დანამატებით/კონსერვანტებით, ისინი წარმოადგენენ ე.წ ტრანს ცხიმებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის არიან ონკოლოგიური დაავადების განვითარების მაღალი რისკის შემცველი პროდუქტები.  უარი ვთქვათ კონკრეტულ გემრიელ საკვებზე, მაგალითად სამარხვო კარაქზე, მაიონეზზე, შოკოლადზე და ა.შ. ეს პროდუქტები უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე. მარხვის არსი ისაა, რომ სულიერი და ფიზიკური სიძლიერი გამოვიჩინოთ. აუცილებელია, უფრო მკაცრად დავიცვათ სწორი კვების პრინციპი, იმისათვის რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ორგანიზმს.

_როგორც ცნობილია და თქვენც აღნიშნეთ ხილის მიღება ძალიან სასარგებლოა ნებისმიერ დროს, რომელიმე ხილის სახეობას ხომ არ გამოარჩევდით, რომელიც განსაკუთრებით კარგია ამ პერიოდში ორგანიზმისთვის?

_ბუნება ყოველთვის გვთვაზობს იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, შესაბამისად ახლა არის ციტრუსი, კივი, ვაშლი და კომში, რომელიც გვაქვს ამ სეზონზე, ისინი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით იმუნური სისტემისთვის ზამთარში, მაშინ როდესაც ვირუსების აქტივობა მაღალია. ეს ხილი მდიდარია ც ვიტამინით, კივი შეიცავს, დიდი ოდენობით თუთიას, ვაშლი და კომში მდიდარია რკინით. ასევე, რკინის და ც ვიტამინის პროდუქტების ერთად მიღება ძალიან კარგია, რადგან ისინი ერთმანეთს ხელს უწყობენ, სწრაფად შეწოვაში. ამ სეზონზე გვაქვს გოგრაც, რომელიც მდიდარია, ბ ჯგუფის ვიტამინით და კარგია ნერვული სისტემისთვის. ძალიან სასარგებლო პროდუქტია, შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს, კარგია გულის კუნთის გამართული მუშაობისთვის  და ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას, რაც უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

_ხორცპროდუქტების ჩანაცვლება თუ შეიძლება სხვა საკ­ვე­ბით?

_ზოგადად, ცხოველურ ცილებს იდენტურად ვერაფერი ჩაანაცვლებს, რადგან არსებობს 9 შეუცვლელი ამინომჟავა, რომლისგანაც შედგება ეს ცილები და მათ ვღებულობთ მხოლოდ ხორცისგან, თუმცა, მასთან ახლო მდგომი მცენარეული პროდუქტები ბევრი გვაქვს ბუნებაში, მაგალითად, ლობიო, სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, წიწიბურა და ა.შ. თუ მარხვაზე ხართ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროდუქტებზე გაამახვილოთ ყურადღება, რათა ორგანიზმში არ განვითარდეს ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა

_მარხვის შემდგომ, რომელი ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში და აუცილებელია თუ არა, ანალიზების ჩატარება?

_ეს დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი. მარხვის შემდეგ აქვს თუ არა რაიმე ჩივილები ან სიმპტომატიკა. ყველასთვის რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ არსებობს რაიმე ტიპის მაპროვოცირებელი ფაქტორი, მაშინ აუცილებელია ექიმს მიმართოთ.

_რო­გორ უნდა მოხ­დეს მარ­ხვის შემ­დეგ ჩვე­­ლებ­რივ კვე­ბა­ზე გა­დას­ვლა?

_ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ნებისმიერი მარხვის შემდეგ რატომღაც ადამიანები ელოდებიან 12 საათს, მაშინვე მიუსხდებიან სუფრას და ხორცეულს მიირთმევენ. მოგეხსენებათ, როგორი დატვირთულია ქართული სუფრა, რამდენი შემწვარი, ცხიმიანი და ნიგვზიანი კერძი გვაქვს, შესაბამისად ეს დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. ის გადაჩვეულია მძიმე საკვების მონელებას, ამიტომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს საკვები პროდუქტების მიღება, რათა არ განვითარდეს რაიმე სახის დისკომფორტი ან უარყოფითი ცვლილებები. თავდაპირველად რძის პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომელიც მეტნაკლებად მარტივად გადასამუშავებელია ორგანიზმისთვის, ეს მოამზადებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს შემდგომ ხორცეულის მონელებისთვის. თუ დავაკვირდებით, ორივე დიდი მარხვის შემდეგ ტრადიციული დამახასიათებელი კერძები გვაქვს, მაგალითად შობის ღამეს, საშობაო ღვეზელი, რომელიც შედგება რძის პროდუქტებისგან, აღდგომის მარხვის შემდეგ კი კვერცხი. თვითონ ეს წესებიც კი გვკარნახობს, როგორ უნდა მოხდეს გადასვლა ხორცეულზე. თითოეულ ამ ტრადიციას თუ წესს სწორად უნდა შევხედოთ.

_ალბათ, მომზადების წესსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ, თავდაპირველად მოხარშული ხორცის მიღება ბევრად უკეთესია ვიდრე შემწვარის...

_რა თქმა უნდა, მომზადების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია ხორცი მოხარშულ მდგომარეობაში იყოს და არ შეიცავდეს მკვეთრ სანელებლებს, რომელიც კუჭს გააღიზიანებს.

ავტორი: ია გრიგალაშვილი