როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ხმა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინტერვიუ, რომელიც მომღერლებმა, პედაგოგებმა და ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, მედიცინის რა დარგია ფონიატრია. ფონიატრიადამიანებს იმ პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, რაც ხმასდა მის დაკარგვას უკავშირდება. როგორც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ჟურნალისტები და პედაგოგები ხმის პრობლემების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგანან. ე.წ. ხმოვან პროფესიათა წარმომადგენლებისთვის კი ხმის სიჯანსაღე განსაკუთვრებულად მნიშვნელოვანია. როგორ ვმართოთ  ჩვენი ხმა სწორად, რა აყენებს ზიანს სახმო აპარატს და რა უნდა ვიცოდეთ ხმის იოგების დასაცავად? - ვერსია ოტორინოლარინგოლოგ-ფონიატრ ირინა ქაცარავას ესაუბრა. 

- ქალბატონო ირინა, რა ახდენს ცუდ ზეგავლენას ხმაზე?

- ხმაზე ზეგავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს - არასწორი კვება, არასწორი სიმღერა და ხმის გადაძაბვა. მაგალითად, ხმაურიან გარემოში, სადაც დაბალ ხმაზე ერთმანეთის საუბარს ვერ იგებენ, ადამიანებს ხმამაღლა უწევთ დიალოგი, ამის შედეგად, შესაძლოა, ხმამ მარტივად მიიღოს ტრამვა. განსაკუთვრებით, არასწორი სიმღერით ზიანდება ხმის იოგები, არასწორი სიმღერა კი სუნთქვის გარეშე სიმღერას გულისხმობს.  სპირტიანი სასმელები - კონიაკი, არაყი და ა.შ. ასევე, დიდ საფრთხეს უქმნიან სახმო იოგების სიჯანსაღეს. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც გულძმარვა აწუხებთ, ხმის პრობლემები საკმაოდ ხშირია, ვინაიდან კუჭის შიგთავსის უკუსვლა ხორხის დამწვრობისა და შეშუპების გამომწვევია, რაც სახმო იოგების დაზიანებას უწყობს ხელს.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებასაც, არ არის სასურველი  ვიკვებოთ ღამე, რადგან მალევე დასაძინებლად ვწვებით და სწორედ მაშინაა ხშირი საკვების მოწოლა.

- ყველაზე ხშირად რა პროფესიის ადამიანებს აწუხებთ ხმის პრობლემები?

- ყველაზე ხშირად ხმის პრობლემები იმ პროფესიის წარმომადგენლებს ექმნებათ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ხმის დატვირთვასთან. აღსანიშნავია, რომ  მომღერლებს, პროცენტულად, გაცილებით უფრო ნაკლებად აქვთ აღნიშნული პრობლემები, ვიდრე ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებს და ასევე, პედაგოგებს. მომღერლებმა უკეთ იციან ხმის მართვა და სახმო აპარატის კონტროლი, ჟურნალისტებს და პედაგოგებს კი დისკომფორტი ამ მხრივ უფრო ხშირად ექმნებათ, რადგან  არ იციან, როგორ დატვირთონ ხმა სწორად და საუბრის დროს, შესაძლოა ვერც აკონტროლებენ სუნთქვის ტექნიკას, ამის შედეგად კი სახმო იოგების დატვირთვისა და ხშირი საუბრის ფონზე წარმოიქმნება ხმის პრობლემები.

- აღმოჩნდა, რომ კორონავირუსმა დიდი ზიანი მიაყენა ხმის იოგებს -  კოვიდგადატანილთა უმრავლესობა ხმის ცვლილებას უსვამს ხაზს, კიდევ რომელი ვირუსები უქმნიან ხმის სიჯანსაღეს საფრთხეს?

- არა მხოლოდ კოვიდი, არამედ, ნებისმიერი სეზონური ვირუსი, რაც ახლა საკმაოდ გავრცელებულია, დიდ საფრთხეს უქმნის ხმის სიჯანსაღეს. პაციენტების უმეტესობა მომმართავს ორჯერ და ხშირად, სამჯერ - შებრუნებული სეზონური ვირუსის გამო, რომელიც კოვიდზე ნაკლები სიმძიმით არ მიმდინარეობს. ნებისმიერი ვირუსი, შესაძლოა, ბაქტერიულ ანთებაში გადაიზარდოს, რაც ხორხის ანთებას იწვევს.

ასევე, მინდა აღვნიშნო მონონუკლეოზი, რომელსაც ებშტეინბარის ვირუსი იწვევს, ის იწყება ტონზილიტით, გლანდების ანთებით და ხშირად ტრაქეის ანთების გამომწვევი მიზეზია.

-  რამდენად მარტივია, ხმა ჩვეულ ფორმაში ჩადგეს ვირუსის გადატანის შემდგომ? არის იმის მცირედი ალბათობა, რომ ხმამ პერმანენტული ცვლილება განიცადოს?

- ეს ინდივიდუალურია. ხშირად, პაციენტებს ორი კვირიდან ოთხ თვემდე უგრძელდებათ ხმის ცვლილება. კორონავირუსს გვიანი გართულებები ახასიათებდა. მაგალითად, ორგანიზმი ფორმაში ჩადგა, პაციენტი განიკურნა, თუმცა ვირუსის გადატანის შემდგეგ დარჩა ზოგადი სისუსტე, კუნთების ატროფია, რამაც ბუნებრივია, ხმის ხარისხზე იმოქმედა, თუმცა დროთა განმავლობაში ხმა, რა თქმა უნდა, ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება და წარმოქმნილი პრობლემები მკურნალობას ექვემდებარება.

ხმაში ცვლილების შემჩნევის დროს, სასურველია, ადამიანებმა სპეციალისტს მიმართონ, რადგან ექიმმა პაციენტს სწორი მიმართულება უნდა მისცეს.  აუცილებელია, დიაგნოსტიკის მეშვეობით გამოვლინდეს, რა სახის დაზიანება აქვს ხმის იოგებს - ორგანულია თუ ფუნქციური. პოსტკოვიდური გართულებებით განსაკუთრებით მომღერლებს, კლასიკურ ვოკალისტებს გამოვარჩევდი, რომელთა ხმაც, ბუნებრივია, უფრო დიდ დატვირთვას მოითხოვს. ძალიან ბევრი პაციენტი გვყავდა აღნიშნული პრობლემით და ბუნებრივია, ამ დროს პაციენტი სტრესს განიცდის და მის ფსიქიკაზე მოქმედებს. საბედნიეროდ, ყველას დაუბრუნდა ხმა და ჩადგა ადრინდელ ფორმაში. ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა გარკვეული დრო, რადგან კოვიდმა, სამწუხაროდ, გაახანგრძლივა ეს პროცესი, თუმცა პრობლემა მოგვარებადია და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაშიც კი, შეგვიძლია სწორი მიდგომით ვმართოთ პრობლემები, რომლებიც ხმას უკავშირდება.

- მკურნალობა სპეციალური ხმის სავარჯიშოების შესრულებას გულისხმობს?

- მკურნალობა მოიცავს, როგორც მეტიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე, ხმის რეაბილიტაციას, ხმის სავარჯიშოებსა და ქირურგიულ მკურნალობას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სწორი დიაგნოსტიკა. სპეციალური აპარატის მეშვეობით, რომელიც დღეს მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია, ვათვალიერებთ ხორხს. ვიდეოდათვალიერების შემდეგ კი ინიშნება შესაბამისი მედიკამენტი, ან პაციენტი საჭიროებს ფიზიოთერაპიის ერთ-ერთ სახეობას, ელექტროთერაპიას. ვახდენთ ხორხის ელექტრო სტიმულაციას და პაციენტები, როგორც აღვნიშნე, გადიან ხმის თერაპიას. დაავადებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მეთოდით ვმკურნალობთ და  სამწუხაროდ, ხშირად, ქირურგიული ჩარევაც ხდება აუცილებელი, რასაც ხორხის მიკროქირურგია ეწოდება. ამას ოტორინოლარინგოლოგ-ფონიატრები და ასევე,  ფონო-ქირურგები ვაკეთებთ.

- რას ურჩევმომღერლებს, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ხმის დატვირთვა, როგორ დაზოგონ და შეინარჩუნონ ხმის სიძლიერე?

- მომღერლებმა ყოველი დილა უნდა დაიწყონ ხმის გახურებით, არსებობს სპეციალური, მარტივი  სავარჯიშოები და მნიშვნელობა არ აქვს, სად გააკეთებენ ამას. ასევე, მნიშვნელოვანია ლორწოვანი გარსის დატენიანება, რისთვისაც ზომიერი რაოდენობით წყლის მიღებაა აუცილებელი. არსებობს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც უშუალოდ დატენიანებისთვის გამოიყენება. ყურადღება უნდა მიაქციონ ოთახის ტემპერატურას, რადგან გამომშრალი ჰაერი უარყოფითად მოქმედებს სახმო აპარატზე. ასევე, ვურჩევ, ოთახის სპეციალური დამატენიანებლები შეიძინონ, რადგან არ განვითარდეს იოგების გამოშრობა. ზოგადად, სასურველია, სახმო იოგები მუდმივად დატენიანებული იყოს. როგორც აღვნიშნე, მომღერლებისა და მათთვისაც, რომლებისთვისაც ხმა აუცილებელია, საჭიროა სწორი კვება, სასურველია, მიიღონ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი. კვების რაციონში მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ ცომეული და ასევე, ტკბილეული. სწორი სიმღერის ტექნიკა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა  სახმო აპარატმა არ მიიღოს ტრამვა.

 

ავტორი: ლიკა თორთლაძე