რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ - ინტერვიუ ალექსანდრე გოგინავასთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ისინი თვლიან, რომ დღეს ქვეყნისთვის გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსიმუტაცია ომიკრონიც კი, რადგან ის არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მსუბუქია.
დარგის სპეციალისტები ალაპარაკდნენ მსოფლიოში .. ტრიპლდემიის რისკზეც, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის - გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას.  რომელი ვირუსები ცირკულირებს დღეს საქართველოში და რა მდგომარეობაა კლინიკებში - ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ვერსია“ ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა:

-ბატონო ალექსანდრე, ნოემბრის თვიდან საქართველოში გრიპის ვირუსების მატება შეიმჩნევა, მას შემდეგ ინფიცირების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამ ეტაპზე რომელი ვირუსებია გავრცელებული?

- ზოგადად, ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციები აქტიურდებიან. ამჟამად ცირკულირებს სხვადასხვა რესპირაციული ინფექციები, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი, A გრიპის ორი ძირითადი ტიპი - H3 N2  და  H1N 1, ასევე ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ინფექციები, გრიპის მსგავსი ვირუსები. მათი  კლინიკური სურათი დაახლოებით მსგავსია და ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ, რა თქმა უნდა გარკვეული წილი რესპირაციული დაავადების მოდის ახალ კორონა ვირუსზეც.

- როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსები?  - სიმპტომები და გართულების რისკი...

- ძალიან რთულია ერთი შეხედვით განსხვავება იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე სიმპტომები არის მსგავსი, ეს შეიძლება იყოს - ყელის ტკივილი,  ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ხმის ტემბრის შეცვლა, ტემპერატურის მატება, სახსრების და კუნთების ტკივილი და ა.შ. ძირითადად გახანგრძლივებული და მძიმე სიმპტომები ახასიათებს გრიპის ვირუსს, თუ ჩვენი ტემპერატურა გრძელდება  5-6 დღე ან გრიპი დაგვეწყო უცარი შემცივნებით და მაღალი ტემპერატურით, ასეთ დროს მეტად სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს გრიპთან და არა სხვა გრიპის მსგავს რესპირაციულ ინფექციებთან. ყველაზე  კარგი საშუალება, რომ დიაგნოზი დავსვათ, ეს არის სწრაფი ტესტი, რომელიც კეთდება გრიპზეც და კოვიდზეც.

- ვის აქვს გრიპის გართულების რისკი?

-განსაკუთრებით რისკის ჯგუფებში არიან  ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასაკოვნები, ასევე ვისაც აქვს იმუნო დეფიციტი. თუ დაეწყებათ აგრესიული სიმპტომები რეკომენდირებულია პირველ 48-72 საათში გაიტესტონ გრიპზე და კოვიდზე, რადგან დიაგნოზის დიფერენცირება მოხდეს, თუ რომელ ვირუსთან გვაქვს საქმე. გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არსებობს, რომელიც განსაკუთრებით ასაკოვან და ქრონიკული დავადების მქონე ადამიანებშია მნიშვნელოვანი, მკურნალობის დროულად დაწყებისთვის.

-ახლა რა მდგომარეობაა, გადატვირთულია კლინიკები?

-ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვოთ სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან და მონაცემებიდან გამომდინარე რაც ვიცი, მიმართვიანობა გაზრდილია, როგორც ამბოლატორიულ ისე ჰოსპიტალურ ნაწილში, თუმცა რაიმე გადატვირთვის ან ადგილების არ ქონის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, ზამთარში რესპირაციული ინფექციები იმატებს, შესაბამისად პოსპიტლებში საჭირო ხდება გარკვეული პაციენტების მოთავსება, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რაც მომავალში პრობლემა შეგვიქმნას. რა თქმა უნდა კარგია თუ მოსახლეობა გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, ამით რისკებს შევამცირებთ და შევძლებთ  ბინაზე ვმართოთ ამ ადამიანების მდგომარეობა.

- რა როლს ასრულებს ამ შემთხვევაში გრიპის ვაქცინა?

-ვაქცინა ასრულებს ძალიან სერიოზულ როლს, მრავალი წელია აპრობირებულია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ვაქცინა ხელმისაწვდომია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის. პირველ რიგში, ის ასრულებს დაავადების შეხვედრის რისკს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამცირებს მძიმე მიმდინარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ რისკი უფრო გამწვავდეს მდგომარეობა არის დაბალი, ვიდრე არავაქცინირებულებში.

- გრიპის გავრცელება ბევრად ჭარბობს კოვიდ 19-ის გავრცელებას, სად წავიდა კოვიდი, სრულიად ჩაანაცვლა გრიპმა თუ შესუსტებულია ამ ეტაპზე?

- კოვიდ 19 საუბედუროდ ჯერ არსად არ წასულა, უბრალოდ ომიკრონის შტამის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, თუმცა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. დაახლოებით 6-7 თვის წინ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაიტანა ამ შტამის კოვიდი, შესაბამისად გარკვეულწილად შექმნილია იმუნური ფენა, ასევე ვირუსი შესუსტებულია, აქედან გამომდინარე ამჟამად კოვიდი არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, როგორც ეს იყო 1 წლის წინ. რისკები რა თქმა უნდა რჩება, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც რესპირაციული ინფექციებისა და მათი გართულებებისგან დაგვიცვავს.

-ველოდებით თუ არა კოვიდის გავრცელებას ვირუსების შესუსტების შემდეგ?

-რთულია ამის გათვლა და არ მინდა უარყოფითი პროგნოზი გავაკეთო, რაც მოსახლეობას შეაშინებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ კოვიდი ჯერ-ჯერობით არსად წასულა, პანდემია ამ ეტაპზე ჯერ არ არის დასრულებული, მეტი ალბათობაა პანდემია დასრულდეს ისე, რომ ახალ სერიოზულ პრობლემებთან საქმე არ გვქონდეს, მაგრამ არის ასევე მოლოდინი გარკვეულწილად  ეპიდსიტუაცია გაუარესდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით,განსკუთრებით ზამთრის მეორე ნახევარში. წინასწარ დასკვნების გაკეთება რთულია და ვფიქრობ არც არის საჭირო, მთავარია მოსახლებას მივაწოდოთ ის რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს  იმას, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს.

-რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსის გააქტიურებული სახე?

-ზოგადად, წინა გამოცდილებით და კვლევებით დაახლოებით დეკემბრის ბოლო იანვრის 15-20 რიცხვამდე არის პიკური პერიოდი, შემდეგ იწყება კლება. ამ ეტაპზე რთული სათქმელია რეალურად ასე მოხდება თუ არა, თუმცა არის თეორიული შანსი, რომ თებერვალში ან მარტში ისევ იყოს მატება გრიპის შემთხვევების. შეჯამება, რომ გავაკეთოთ, ცივი სეზონის დასრულების შემდეგ გრიპის შემთხვევები მკვეთრად იკლებს,გაზაფხულიდან ბევრად ნაკლები შემთხვევა გვაქვს.

-ვიტამინების მიღება თუ არის რეკომენდირებული? შესაძლებელია დავიცვათ თავი  გარკვეული ვიტამინების მიღების შემდეგ?

- სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელსაც მივიღებთ და ჩვენი იმუნიტეტი გაძლიერდება ერთი შეხედვით და არ დაგვემართება ინფექცია. ეს არის კომპლექსური თემა, ვიტამინებს მივიღებთ თუ სხვა რაიმე დანამატებს, ეს უნდა იყოს ინდივიდუალური ან შერჩეული ექიმის მიერ და ემსახურებოდეს ზოგად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კონკრეტული ერთი წამალი, რომელიც ჩვენ დაგვაზღვევს ბოლომდე ინფექციისგან ან მძიმე მიმდინარეობისგან არ არსებობს.


-რას ურჩევდით მოსახლეობას? როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსებისგან? რეკომენდაციები და რჩევები...

-პირველ რიგში რისკ ჯგუფებს აქტიურ ვაქცინაციას ვურჩევდი. ზოგად რჩევას რაც შეეხება ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელის ხშირი დამუშავება, ოთახების განიავება, თუ სიმპტომები გვაქვს და გვიწევს სხვა ადამიანთან კონტაქტი პირბადის გამოყენება ამ შემთხვევაში. ეს ზოგადი რეკომენდაციები დაგვიცავს არა მხოლოდ გრიპისგან, არამედ თითქმის ყველა რესპირაციული ინფექციისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვიცით, რომ ჯანმთელ ადამიანებში ნებისმიერი ინფექცია შედარებით ნაკლები გართულებებით მიმდინარეობს.

ავტორი-გვანცა პეტრიაშვილი