რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს - ყველაფერი წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის 1 ივლისს, 25 საგამოცდო ცენტრში, ეროვნული გამოცდები დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, შემდეგ - უცხო ენაში, მათემატიკაში ან ისტორიაში. ზოგიერთი პროგრამის მიხედვით, აბიტურიენტი  დამატებით მეოთხე არჩევით საგანს ჩააბარებს. ეროვნული გამოცდები 1-დან 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 14-დან კი მოქმედი და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირება იწყება. 28 ივლისს, საგრანტო კონკურსი გაიმართება, მაგისტრების გამოცდა კი 27-ში დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

 

საგამოცდო კოვიდრეგულაციები

საგამოცდო სექტორებში, თითოეულ მაგიდასთან სპეციალური, დამცავი ბარიერი განთავსდება, რათა რეგულაციების მიხედვით, ორმეტრიანი დისტანცია იყოს დაცული. ერთ სექტორში, 15-ის ნაცვლად, მხოლოდ 10 აპლიკანტი განაწილდება.

გამოცდაზე შესვლამდე, ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის. მათთვის, ვისაც აღენიშნება ტემპერატურა, ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით მოეწყობა, თუ რა სიმპტომები ექნება აბიტურიენტს.

სექტორებში გაგრილების სისტემა დამონტაჟდება, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩართავენ, თუ 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონდიცირების სისტემა არ ჩაირთვება!

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, „გამოცდები 2021“-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ სამოგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ. უწყების ცნობით, ისინი შესაბამის გამოცდას არა უადრეს ორი კვირის ვადაში ჩააბარებენ.

 

მინიმალური ზღვარი საგნებში და საგამოცდო ბარათები

მინიმალური ბარიერი ერთ საგანშიც არ შეცვლილა. ამ ეტაპზე, სამი საგანია სავალდებულო: ქართული და უცხო ენის გარდა, აბიტურიენტი მათემატიკას ან ისტორიას ჩააბარებს იმის მიხედვით, თუ რა მიმართულების ფაკულტეტებს აირჩევს.

რაც შეეხება უნარებს, ეს უკვე არასავალდებულო საგანთა ნუსხაშია და ზოგიერთი პროგრამა, როგორც მეოთხე საგანს, უნარებში გამოცდასაც ითხოვს.

საინტერესოა, როგორ აიღებენ საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები. 20 ივნისის შემდეგ, ამ ბარათებს ისინი პირად გვერდზე აიღებენ ანუ იქ, სადაც საგამოცდო რეგისტრაცია გაიარეს. ამის შემდეგ, აბიტურიენტმა ბარათი უნდა ამობეჭდოს, რომელსაც პირადობის მოწმობასთან ერთად, გამოცდაზე წარადგენს.

 

ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამასა და გამოცდებში

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უნივერსიტეტების ჩამონათვალში ცვლილებები აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მომდევნო დღის 18:00 საათამდე განახორციელონ. ეს ნიშნავს, რომ მთელი ივლისის განმავლობაში, მათ საშუალება ეძლევათ, პროგრამების სიაში კორექტირება შეიტანონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, პირველად,

„სპეციალური მასწავლებლის“ გამოცდა ჩატარდება. საგამოცდო ტესტი უნარებში ითვალისწინებს სპეც.მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელზე დაყრდნობითაც, საგამოცდო პროგრამა წინასწარ შემუშავდა. ეს პროგრამა მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიურ, მოსწავლეზე ორიენტირებულ, უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

შშმ პირებისთვის განკუთვნილი სივრცეები პანდემიის პირობებში

ყველა შშმ პირს, რომელსაც 15 აპრილამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე წარდგენილი აქვს „ფორმა 100“ განცხადებასთან ერთად, შეექმნებათ შესაბამისი პირობები.

„მათ უკავშირდებიან ჩვენი განყოფილებიდან და ვაზუსტებთ, თუ რა პირობები სჭირდება კონკრეტულ აბიტურიენტს. ამდენად, ამ მხრივ, მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ და საგამოცდო სექტორი მათთვისაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მოეწყობა“, - განუცხადეს „ვერსიას“ ცენტრში.

წარდგენილი „ფორმა 100“-ის საფუძველზე, შესაძლებელია, სარეზერვო სექტორი ცალკე გამოიყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, შშმ პირების საჭიროების მიხედვით, საგამოცდო ცენტრი ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს.

 

გამოსაშვები გამოცდები სკოლებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მსჯელობა არ ყოფილა. თუმცა შესაძლებელია, რომ უახლოეს პერიოდში, ეს საკითხი სამინისტრომ განიხილოს და მომდევნო წლებში, საატესტატო გამოცდების ჩაბარება ისევ ძალაში შევიდეს.

 

ავტორი - ემილი ფეიქრიშვილი