მოიმატა თუ არა პანდემიის პირობებში ნარკოდამოკიდებულებამ და შეიძლება თუ არა მათთვის კორონავაქცინა?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნარკოდამოკიდებულებში კოვიდინფიცირების დროს ფატალური შედეგის რისკი მაღალია“ - ინტერვიუ ნარკოლოგთან

კორონაპანდემიამ, მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა სფეროში პრობლემები შექმნა. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, გამძაფრდა დეპრესიული ფონი და ზოგადი სოციალური მდგომარეობაც გაუარესდა. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის დონის მკვეთრმა ვარდნა და მასთან დაკავშირებულმა მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე, საქართველოშიც, შესაძლოა, წაახალის ადამიანებ ნარკობიზნესისკენ. „ვერსია“ დაინტერსდა, მოიმატა თუ არა მიმართვინობამ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრებში“? -  ამ თემაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელ კოკა ლაბარტყავას ვესაუბრეთ:

 

- პანდემიის პერიოდში, ბევრი რამ შეიცვალა. დავიწყებ იმით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, ზოგადად, სხვადასხვა ხელისუფლება დასჯაზე იყო ორიენტირებული. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა ეხებათ და, ასევე, მათ ოჯახებს. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ათასობით ოჯახი გაუბედურდა. წინა ხელისუფლების დროს კი, იცით, რა მდგომარეობა იყო? - მასობრივად მიმდინარეობდა ამ ადამიანების გაუბედურება და ციხეში განთავსება. ეს კანონი დღესაც ძალაშია და თითქმის, არაფერი შეცვლილა. ამ ადამიანებს, როდესაც კანონი სდევნის და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებაა, არანაირი გამოსავალი არ აქვთ, გარდა ერთი ნათელი წერტილისა - მიმართონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს. ეს პროგრამები დამოკიდებული ადამიანებისთვის მსოფლიოში დასაბუთებული და მეცნიერულად აღიარებულია. ჩვენთანაც არის ეს პროგრამები, მაგრამ სერიოზული ხარვეზებიც ახლავს.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას თავისი  დანიშნულება აქვს. ერთი ის, რომ ქუჩის ნარკოტიკს მოშორდეს ადამიანი და სხვა ნარკოტიკული საშუალებით ჩანაცვლდეს, რომელსაც ეიფორია მოხსნილი აქვს. უბრალოდ, ეს პრეპარატი ადამიანს საშუალებას აძლევს, დისკომფორტი არ ჰქონდეს. მეორე არის ის, რომ როდესაც ადამიანი შორდება „ქუჩის“ ნარკოტიკს, შესაძლოა, ამ კრიმინალურ მოქმედებებში, თითქმის გამორიცხულია მისი იძულებით ჩართულობა იმიტომ, რომ არ უწევს ყოველდღიურად „ულუფის“ მისაღები დოზისთვის ფულის შოვნა. შესაბამისად, კრიმინალიზაციის დონე მცირდება. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლით გადამცემი ინფექციებია, რაც ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. პანდემიის პერიოდში, ბევრი ადამიანი მონაწილეობს ამ პროგრამაში, თუმცა სანიტარული ნორმები არ არის დაცული და რიგებიცაა, რაც ვირუსის გავრცელების რისკი გახლავთ. რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფომ ეს მდგომარეობა გაითვალისწინა. შედეგად, გამოიცა მინისტრის ბრძანება და დროებით, ვინც ამ პროგრამის სტაბილური მონაწილეები არიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ყოველდღიურად დადის ადამიანი და მის სტაბილიზაციას შეამჩნევენ,  საშუალება აქვს, 5 დღის სამყოფი პრეპარატი წაიღოს და უფრო კომფორტულად იყოს. ამას მოკლებული იყო ჩვენი პროგრამები. მოულოდნელად, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ისევ შეიცვალა ვითარება და ძველი მდგომარობა დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ეს გავაპროტესტეთ და როდესაც ვითარება შეფასდა, მინისტრი იძულებული გახდა, ეს ბრძანება ისევ შემოეტანა.

წლების განმავლობაში, ამ სფეროში ვარ და მეც ამ თემს წარმოვადგენ. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე, მეც ვიყავი დამოკიდებული. უსამართლო დამოკიდებულების გამო, შევქმენი ორგანიზაცია და წლებია, საკმაოდ წარმატებულადაც ვმოღვაწეობთ, როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე, უფლებების დაცვის სფეროში.

- ბატონო კოკა, პანდემიის პერიოდში, მომართვიანობა თუ გაიზარდა, წარსულთან შედარებით?

- იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში, ამ პროგრამებში ჩართვა შეზღუდულია და შემცირდა პრეპარატის გაცემის დრო, ადამიანებმა მიმართეს „შავ ბაზარს“, სადაც გააძვირეს ფასები. ამის გამო, შეეზღუდათ ხელმისაწვდომობა და ცუდი შედეგებიც მოჰყვა ამ ყველაფერს. ზედოზირების ფაქტებიც კი გაიზარდა.

- იმას გულისხმობთ, რომ ფასების მატებამ მომხმარებლების რიცხვი არ შეამცირა?

- რა თქმა უნდა, არა! მომხმარებელთა რიცხვი ვერ შემცირდებოდა, რადგან ეს საკმაოდ სერიოზული სამედიცინო პრობლემაა. ამ ადამიანებს, შეზღუდვით  პრობლემას ვერ მოუხსნი, შესაბამისად, მდგომარეობა უფრო დამძიმდა და გაღრმავდა. ჩანაცვლებითი თერაპია კიდევ გულისხმობს ორი ტიპის პროგრამას - ეს არის „მეტადონი“ და „სუბოქსინი“. „სუბოქსინთან“ მიმართებაში, რაოდენობა შეზღუდულია, „მეტადონის“ შემთხვევაში კი პირიქით - შეუზღუდავია და ვისაც აქვს სურვილი, ყველა ერთვება. თუმცა არის ალტერნატივაც, კომერციული პროგრამების სახით. „სუბოქსინს“ რაც შეეხება, რამდენიმე მომწოდებელია, დაახლოებით, 3000 ადამიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩართულია ამ პროგრამებში და ყოველდღიურად, კოლოსალურ თანხას იხდის. საუბარია, ყოველდღიურ გადასახადზე, რაც 30 ლარია. წარმოგიდგენიათ, ყოველდღიურად, ნარკოტოკის მომხმარებლმა 30 ლარი უნდა იხადოს, რაც თვეში, 900 ლარი გამოდის! პირდაპირ, ძარცვავენ ამ ადამიანებს!

- პანდემიის პერიოდში, საკმაოდ დიდ ხანს ვიყავით იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ნარკოდამოკიდებული ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ამან იმოქმედა?

- შეზღუდვები მაშინ, როცა საქმე გვაქვს დამოკიდებულებასთან, რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს. თუ ნარკოდამოკიდებულმა ეს პრეპარატი ვერ მიიღო, წამების მდგომარეობა ეწყება, ისეთი ტკივილები აქვს! შესაბამისად, ეს ძალიან დიდი პრობლემაა მათთვის.

- ბატონო კოკა, ნარკოდამოკიდებული ადამიანების ვაქცინაცია შეიძლება?

- დიახ, შეიძლება და ამას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. როგორც ყველა ადამიანისთვის, ისე მათთვისაც შეიძლება აცრა.

- ზოგადად, როგორ მოქმედებს COVID-19 ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე? შედარებით რთულად გადააქვთ ეს პერიოდი?

- ამ ადამიანების ორგანიზმის იმუნური სისტემა საკმაოდ დაქვეითებულია. ვირუსების მიმართ მგრძნობელობა უფრო გაზრდილია და თუ შეხვდათ ეს ვირუსი, შესაბამისად, შებრძოლების უნარიც დაქვეითებულია, ამიტომ ფატალური შედეგის რისკიც მაღალია.

- ყოველწლიურად, ახალი ნარკოტიკული საშუალებები შემოდის ქვეყანაში. წელს თუ არის გავრცელებული ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალება?

- ამას თითქმის ჩაძიებაც კი არ სჭირდება, ყველაფერი ისედაც ნათელია. ჩვენ ვხედავთ, რომ „შავი ბაზარი“ კიდევ უფრო ძლიერდება. ხელმისაწვდომობა არ შემცირებულა და კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება საკმაოდ აქტიურად იყიდება ინტერნეტ-სივრცეში. ძალიან ბევრი ფაქტია, რომელიც ფატალურად მთავრდება, რადგან რეალურად, არც იციან, რას ყიდულობენ. სიტუაცია ვერ გაკონტროლდება, თუ პრევენციული ღონისძიებები არ გატარდება!

 

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი