როგორ იკვებებიან მზრუნველობამოკლებული მოხუცები „კათარზისში“ პანდემიის დროს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რეპორტაჟი გლდანის „კათარზისიდან“

 საქართველოში ხანდაზმულების უმრავლესობა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია - ვერ იკვებებიან სათანადოდ, ვერ მკურნალობენ ხარისხიანად, ვერ ყიდულობენ საჭირო მედიკამენტებს. მათი უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, თუმცა ზოგიერთს ოჯახის წევრებიც ეხმარებიან. სამწუხაროა, რომ საქართველოში, მოხუცები თითქმის არასოდეს დადიან სამოგზაუროდ, თეატრსა თუ კაფეში. არ ითვლებიან სოციალურად აქტიურ ფენად. მათ იშვიათად ნახავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და რაიმე ღონისძიებებზე.

საქართველოში ხანდაზმულების სოციალური კონტაქტები შემოიფარგლება ოჯახით, ნათესავებითა და მეზობლებთან ურთიერთობით. სამწუხაროდ, დღეს არც თუ ისე ბევრი სახელმწიფო პროგრამა არსებობს მოხუცთა დასახმარებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო, გარკვეულწილად, ცდილობს ხანშიშესულთა დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ პენსია გაიზარდა და 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკისთვის - 275 ლარის ოდენობით, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ეს სულაც არ გახლავთ პენსია. სინამდვილეში, ეს სოციალური შემწეობაა და სწორედ ამიტომაა აუცილებელი საპენსიო რეფორმა, რომელსაც აქამდე, ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაბა თავი. თავად განსაჯეთ, მედიკამენტები, საკვები და კომუნალური გადასახადები გაძვირდა, ამიტომ შეიძლება, ითქვას, რომ პენსიის, უფრო ზუსტად, სოციალური შემწეობის ზრდა მნიშვნელოვან შეღავათს მაინც ვერ უწევს ჩვენს ხანდაზმულ მოსახლეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პენსიონერები სარგებლობენ შეღავათით კომუნალურ გადასახადებზე, ბუნებრივი აირსა და ელექტროენერგიაზე. ასევე, აქვთ ფასდაკლება წამლებსა და მგზავრობაზე, თუმცა რამდენად ჰყოფნით საარსებოდ ეს თანხა, მაინც საკითხავია...

სამწუხაროდ, საქართველოში მოხუცების დიდი ნაწილი „კათარზისის“ საკვებით სარგებლობს. „ვერსია“ დაინტერესდა, პანდემიის პერიოდში, როდესაც გადადგილების საშუალებაც კი არ გვქონდა, ბევრმა სამსახური დაკარგა და სახლებში ვიყავით გამოკეტილნი, როგორ იკვებებოდნენ მზრუნველობამოკლებული მოხუცები? - ამის გასარკვევად, „კათარზისის“ ბენეფიციარებს ვესტუმრე...

 „კათარზისს“ ამჯერად გლდანის მეორე მიკრორაიონში ვეწვიე. ეს არის დახურული ტიპის, ფარეხის მსგავსი შენობა, რომლის წინ, გრძელ რიგში, უამრავი ადამიანი დგას. სუნთქვაშეკრული ვარკვევ, რომ საკუთარ წილ საკვებს ისინი სულმოუთქმელად, თითქმის ყოველდღიურად ელოდებიან. უმძიმესი მდგომარეობის მიუხედვად, ადგილზე, მეგობრული გარემო და ერთი ბედის მქონე ადამიანთა ჯგუფი დამხვდა...

როგორც იქ მყოფმა ბენეფიციარებმა მიამბეს, კორონაპანდემიური შეზღუდვების დროს, საკვებისთვის მაინც მიდიოდნენ „კათარზისში“, ხოლო ვისაც არ შეეძლო სიარული, მათთან სახლში მიჰქონდათ. ბენეციარებს კათარზისის საკვები მოსწონთ, ამბობენ, რომ საკმარისი და გემრიელია. გარემოც მეგობრულია, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ისიც კი მითხრა, აქ ყველა ჩემი დები და ძმები არიანო.

გავარკვიე, რომ იქ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილის შემოსავალი მხოლოდ პენსია და სახელმწიფო დახმარებაა. მათივე თქმით, პენსია მედიკამენტებზეც კი არ ჰყოფნით, ამიტომ „კათარზისის“ საკვები მათთვის უდიდესი შეღავათია. 

მართალია, ზოგიერთისთვის საპენსიო ასაკამდე მიღწევა ბედნიერებასთან ასოცირდება, რადგან უზრუნველყოფილი სიბერე აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგისთვის სიბერე ტანჯვა და თავის გადარჩენისთვის ბრძოლაა...

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში, „კათარზისის“ საჭიროება ნელ-ნელა, საერთოდ გაქრება. მჯერა, რომ ყველა ხანდაზმულს უზრუნველი და ბედნიერი სიბერე ექნება...

ავტორი: სალომე ნოზაძე