სახლიდან მოპარული 12 ათასი და სასიკვდილოდ განწირული რძალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ყოველთვის ასე იყო - საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მუდმივად ცდილობდნენ სკანდალური თემების მიჩქმალვას, როცა საქმე მათ, ან მათი ოჯახის წევრებს ეხებოდათ. ლოგიკურიცაა - ცნობილი ადამიანების მიმართ საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია და შესაძლოა, სხვაგან უარესიც ხდება, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი ამას, უბრალოდ, ვერ იგებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენთან არ არის გავრცელებული ე.წ. პაპარაცობა, უფრო ზუსტად, არ არის გავრცელებული იმ დოზით, როგორიც, მაგალითად, ევროპაშია, თორემ მერე გენახათ სკანდალები და საქმის გარჩევები. ევროპაში, ერთ ფოტოში, შესაძლოა, გამოცემამ ასეულობით ათასი გადაიხადოს და საკუთარი ჟურნალ-გაზეთის უზარმაზარი ტირაჟი გაყიდოს, ჩვენთან კი ათას ლარსაც არავინ მოგცემს იმიტომ, რომ უზარმაზარი ტირაჟით გაზეთი მაინც არ გაიყიდება და საკმარისია, ფოტო სოციალურ ქსელში მოხვდეს, მთელ ტირაჟს სწორედ ის გადაყლაპავს.

 

„მეგობარი ექიმი მოვიდა ჩემთან, მითხრა, გახმაურება არ მინდა, მაგრამ სახლიდან ფული დავკარგე და ეჭვი მაქვს, ჩემმა შვილმა წაიღო. მილიციაში რომ წავიდე, კი იცი, საქმეს აღძრავენ და დაიჭერენ, ასე კი... იქნებ, დაელაპარაკო, 12 ათასი მანეთი არაა ცოტა, თან ეგ ფული კვლევებისთვის მჭირდებოდა და არა - სხვა რამისთვის. ახალი პრეპარატი მაქვს ჩამოტანილი, კიდევ კარგი, მათი ფასი არ იცის და ისინი არ წაიღო, თორემ სულ დავიღუპებოდიო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ექიმის ბინის გასაღები თვითონ, შვილს - პირველი ქორწინებიდან, შვილს - მეორე ქორწინებიდან და დამხმარე ქალს ჰქონდათ. დამხმარე ქალი და უფროსი შვილი ექიმმა მაშინვე გამორიცხა, უფროსი წესიერია, ჩემთან მუშაობს, შემოსავალი არც მას აკლია და თანაც, იმ თანხაში მისი წილიც იყო. იცოდა, კვლევებისთვის რომ გვჭირდებოდა და ხელს არ მოკიდებდა, გამოვიდოდა, რომ თავის თავს მოპარა ფულიო. დამხმარე ქალი, 20 წელზე მეტი იყო, ექიმთან მუშაობდა და არასოდეს მომხდარა, რომ სახლიდან რამე დაკარგულიყო. 12 ათასი კი არა, მეტიც მქონია და ხელი არ უხლია, ახლა რა გადარევდაო, ამბობდა ექიმი და ალბათ, მართალიც იყო. აი, მეორე ქორწინებიდან შვილი რომ ჰყავდა, მას ვერაფერი მოუხერხა. 23 წლის იყო, მუდმივად შარში ეხვეოდა, ამასთან, კარტსაც თამაშობდა, ხშირად აგებდა და მამასთან მხოლოდ მაშინ მიდიოდა, როცა ფული სჭირდებოდა. ფული კი, ყოველთვის არ იყო და ამიტომ, ექიმი ვარაუდობდა, რომ თანხა სწორედ უმცროსმა შვილმა მოიპარა.

გამომძიებელმა აგენტურული ქსელი აამუშავა და მალევე გაიგო, რომ ბიჭს მართლაც ჰქონდა წაგებული, დაახლოებით, 7 ათასი მანეთი და მამას ხურდას ხომ არ დაუტოვებდა, რაც ნახა, წაიღო. ახლა, მთავარი იყო მისი მოძებნა, რადგან დარჩენილი ფული მაინც გამოერთმია, თორემ იმასაც წააგებდა და ვალი რომ გასტუმრებული ექნებოდა, ბატონ თენგიზს ეჭვიც არ ეპარებოდა. ისევ აგენტურულმა ქსელმა იმარჯვა და მისი ადგილსამყოფელი ასწავლა მაძებარს. ეს იყო ბუნაგი, სადაც ახალგაზრდები ბანქოს ფულზე თამაშობდნენ. გამომძიებელმა თან უბნის რწმუნებული და ორი ოპერმუშაკი წაიყვანა. რა თქმა უნდა, ყველაფერს აროფიციალური ხასიათი ჰქონდა, ბიჭები მკაცრად გააფრთხილეს, რომ ანალოგიურის განმეორების შემთხვევაში, მათ პასუხისმგებლობას დააკისრებდნენ. აი, ექიმის შვილთან კი, გამომძიებელს ცალკე სასაუბრო ჰქონდა და მას მხოლოდ 4 500 მანეთი ჰქონდა შერჩენილი, რომელიც ჩამოართვა და მეგობარ ექიმს დაუბრუნა. მან თავში კი წაიშინა ხელები, მაგრამ რა უნდა ექნა, ხომ არ ეტყოდა, ჩემი შვილი დააპატიმრეთო?

ისტორია თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად - იმავე ექიმმა მეგობარ გამომძიებელს ისევ დაურეკა და ამჯერად, საავადმყოფოში მისვლა სთხოვა.

„ჩემი რძალია ავად, რთული დაავადება აქვს და ახალი პრეპარატით ვმკურნალობ, იმ პრეპარატით, რომელიც ევროპაში გამოიყენება, ჩვენთან - არა. აქამდე იდეალური შედეგები გვქონდა, ახლა კი, მორიგი გადასხმა გავუკეთე და კომაში ჩავარდა. მჯერა, გადავარჩენ, მაგრამ ასეთი რეაქცია წამალზე არ უნდა ჰქონოდა, მეხუთედ ვუსხამ და წინა ოთხი შემთხვევა კარგად დასრულდა. ამიტომ, სითხეს ანალიზი ჩავუტარე და აღმოჩნდა, რომ მასში სხვა პრეპარატი იყო შეყვანილი. შემდეგ, ის „ბალონი“ შევამოწმე და ორი ნანემსარი ვნახე. ერთი ჩემი გაკეთებულია, ჰაერი რომ შესულიყო, მეორე კი, სავარაუდოდ, იმიტომ გააკეთეს, რომ ის სითხე ჩაესხათ, რომელმაც კომა გამოიწვია. მიშველე, ამ ამბის გახმაურება ჩემთვის სიკვდილია, რძალს კი გადავარჩენ, მაგრამ ვიღაცა მის მოკვლას შეეცადა და მისი მოკვლით, ჩემი კარიერის დასასრულიც გარანტირებული იყო“, - მოთქვამდა ექიმი.

ამჯერად, გამომძიებელმა მეგობარს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ განცხადება დაეწერა, რადგან ეს არ იყო სახლიდან ოჯახის წევრის მიერ ფულის მოპარვა, ეს მკვლელობის მცდელობა იყო, რასაც ოფიციალური სახე უნდა მისცემოდა, გამოძიებაც ოფიციალურად უნდა დაწყებულიყო. მეტიც, ბატონ თენგიზს ეს რომ არ გაეკეთებინა, დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე ხდებოდა, რისთვისაც თავზე ხელს არავინ გადაუსვამდა. თავის მხრივ, გამომძიებელი მეგობარს დაპირდა, რომ საქმეს თავად გამოიძიებდა და ნებისმიერ უხერხულ მომენტს მაქსიმალურად გააკეთილშობილებდა.

„დიდი ხანია, მეუღლე ავადმყოფობს. ჰყავს თუ არა მას მტრები? დაახლოებით, სამი წელია, პრაქტიკულად, კონტაქტი არავისთან ჰქონია, ერთი დაქალი მოდიოდა ხოლმე მხოლოდ და ისიც ორი თვეა, აფრიკაშია მივლინებით. ვის აწყობდა მისი სიკვდილი? არ ვიცი, ვერ ვხვდები... ის ჩემი შვილების დედაა, ყველაფერს ვაკეთებდი მის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ პრეპარატი, რომელსაც მამაჩემი შოულობს, უშველიდა. შედეგიც გვქონდა და რაც მთავარია, იმ დღეს, სწორედ მამამ მოიტანა სახლიდან გადასასხმელი სითხე, მას ჰქონდა კაბინეტში, მანვე შემოიტანა და თავად დადგა სისტემა. ამის შემდეგ, მე ოპერაციაზე შევედი და რომ გამოვედი, ეს ამბავი დამხვდა ანუ ვიღაც მანამ შევიდა ჩემი ცოლის პალატაში,  სანამ მე ოპერაციას ვაკეთებდი“, - ამბობდა ექიმის უფროსი შვილი და სიმწრით თმებს იგლეჯდა.

თავად ექიმი ყველაფერ ამას ადასტურებდა და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სითხეში წამალი მას შემდეგ შეიყვანეს, რაც მისი რძალი ოთახში მარტო დარჩა, მაგრამ რატომ არ ჰქონდა რეაქცია, როცა ვიღაც პალატაში შევიდა, შპრიცი მოიმარჯვა და ვენაში შეუშხაპუნა? გამოდის, ავადმყოფმა პალატაში შესული იცნო და თან ისე ენდობოდა, რომ ეჭვიც არ გასჩენია, გადასხმის სისტემასთან ისე მიუშვა. გამოდიოდა, რომ დამნაშავე სწორედ საავადმყოფოს პერსონალს შორის უნდა ეძებნათ. ვერც მთავარმა ექიმმა და ვერც მისმა შვილმა ეჭვი ვერავისზე მიიტანეს. ყოველ შემთხვევაში, ორივე ამბობდა, რომ მედპერსონალიდან პაციენტს სასიკვდილოდ არავინ გაიმეტებდა და ერთადერთი იმედი ქალის კომიდან გამოსვლა იყო, რათა ეთქვა, ვინ გაურია სამკურნალო სითხეში პრეპარატი, რომელსაც წესით, სიკვდილი უნდა გამოეწვია, მაგრამ როგორც კი პაციენტი გაითიშა, მთავარი ექიმის მითითებით, სისტემა გამოურთეს და რეანიმაციული პროცედურები დაიწყეს. ექიმი პირობას დებდა, რომ ქალს კომიდან გამოიყვანდა, რაც მთავარია, პალატაში შესვლა ყველას აუკრძალა, გასაღებით დაკეტა და რძლის მკურნალობას მხოლოდ თავად აკონტროლებდა.

მართლაც, მისი მოლოდინი გამართლდა და სამ დღეში, ქალი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა, მეოთხე დღეს კი, ექიმმა გამომძიებელს უფლება მისცა, ქალი 3 წუთით დაეკითხა და ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო.

„როცა დაკითხვაზე შევედი, ქალმა გამიღიმა, კითხვის დასმა არ დამაცადა, ისე მითხრა ერთ-ერთი ექთნის სახელი და გვარი, რომელიც მეცნო და როგორც ვიცოდი, ყველაზე მეტად, მამა-შვილი სწორედ მას ენდობოდა. პალატა მაშინვე დავტოვე, ექთანი მოვიკითხე და მითხრეს, დღეს სამსახურში არ მოსულა, დარეკა და სიცხე მოიმიზეზაო. მის დასაკავებლად პირადად წავედი, მაგრამ სახლში არ დამხვდა“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

მესამე დღეს, ეჭვმიტანილი სხვა ქალაქში დააკავეს და დასაკითხად დედაქალაქში ჩამოიყვანეს.

„დიდი ხანია, მე და მთავარი ექიმის შვილს ერთმანეთი გვიყვარს. ის მპირდებოდა, როცა ცოლი გარდაიცვლება, შენ შეგირთავო და მეც ამ დღეს ველოდი. სისასტიკეა? შეიძლება, მაგრამ მე ის მიყვარს. მერე, ისე მოხდა, რომ ექიმმა რაღაც ახალი პრეპარატი იშოვა და დავრწმუნდი, რომ ქალი გამოჯანმრთელდებოდა. ამიტომ, მოქმედება გადავწყვიტე და მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა დაკითხვაზე ექთანმა და ექიმის შვილმაც აღიარა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა.

ექიმმა რძალი გადაარჩინა, გამოაჯანმრთელა, მაგრამ მან გადამრჩენელის შვილთან ცხოვრება მაინც აღარ ისურვა, დაშორდა და... ბიჭმა ექთანი ცოლად ვერ თუ არ მოიყვანა, რადგან მას მკვლელობის მცდელობისთვის, 6-წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე