62 წლის ბიზნესმენისა და 24 წლის ქალის კრიმინალნარევი სიყვარულის ისტორია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სამანიშვილის დედინაცვლის“ თანამდროვე ვერსია

„სამანიშვილის დედინაცვალი“ წაკითხული თუ არა, ნანახი მაინც ექნება მკითხველთა უმრავლესობას. ბეკინა და პლატონ სამანიშვილების ისტორია, ერთდროულად, სასაცილოც არის და ტრაგიკულიც და ნათლად ასახავს იმ ყოფას, რომელშიც ე.წ. შემოდგომის აზნაურები იყვნენ. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა და ხმაური იმიტომ არ მოჰყოლია, რომ სამართალდამცავებმა კრიმინალის ნიშნები ვერ ნახეს. არადა... შესაძლოა, არც ნახეს, რადგან მთავარმა „დაზარალებულმა“ ჩივილი არ ისურვა.

სამართალდამცავებს ახალგაზრდა ქალმა მიმართა და განაცხადა, რომ კაცი, რომელთანაც მომვლელად მუშაობდა, უბრალოდ, გაქრა. საინტერესო ის გახლდათ, რომ მამაკაცს ჰყავდა ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილები, მაგრამ მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ამასთან, მამაკაცი არ იყო რიგითი ადამიანი, უზარმაზარი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა და მის ანგარიშზე რამდენიმე მილიონი ირიცხებოდა. დაკარგული 62 წლის იყო, ბიზნესს ნელ-ნელა შორდებოდა და ყველაფერი ქალიშვილისთვის ჰქონდა გადაბარებული, რომელიც საქმეებს ურიგოდ ნამდვილად არ უძღვებოდა და ყველა ამბობდა, რომ მამაზე უკეთესი მმართველი იყო. უკეთესი არა ხასიათით, ან თანამშრომლებთან მიდგომით, არამედ, ბიზნესის კუთხით. ის არ დებდა გარიგებას, რომელიც სერიოზულ სარგებელს არ მოუტანდა, ბიზნესის მიმართებით არ ინდობდა არავის, სამსახურში არ აჰყავდა ნათესავები და მეგობრები, მკაცრად სთხოვდა პასუხს ყველას, მაგრამ იმავდროულად, კარგად იხდიდა ანუ კარგი პირობები ჰქონდა, თუმცა უმკაცრესი მოთხოვნები.

სამართალდამცავებმა დაკითხვაზე სწორედ დაკარგულის ქალიშვილი დაიბარეს, რომელიც ძალიან გაბრაზდა, როცა უთხრეს, რომ დამხმარემ შეიტანა განცხადება.

„ვინ ჰკითხავს მას, სად არის მამაჩემი? ჩემზე მეტად უყვარს? სხვის საქმეში რატომ ერევა? მე არ ვაღიარებ, რომ მამაჩემი დაიკარგა, არც იმას ვაღიარებ, რომ მას რამე საფრთხე ემუქრება და განცხადებას არ ვეთანხმები. არ ვაპირებ იმის ახსნას, სად არის მამა, ის კარგად არის და შემეშვით“, - ყვირილით დატოვა ქალმა განყოფილება და ზუსტად ნახევარ საათში, გამომძიებელს დამხმარე გოგონამ დაურეკა, სწორედ მან, ვინც განცხადება დაწერა და ტირილით განაცხადა, რომ იმ კაცის შვილმა, ვისაც უვლიდა, სამსახურიდან გააგდო.

სამართალდამცავებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ერთი მხრივ, ოჯახის წევრი ამბობდა, რომ არავინ დაკარგულა და კაცს საფრთხე არ ემუქრებოდა, მეორე მხრივ, დამხმარე გოგონა ტიროდა, დაიკარგა, არც სახლშია და ტელეფონიც გათიშული აქვსო. გადაამოწმეს საავადმყოფოები, მაგრამ მამაკაცი არსად იყო. სამსახურიდან გაშვებულმა გოგონამ სოფელს მიაშურა, წავიდა იქ, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ, რადგან უსამსახუროდ დარჩენილს, დედაქალაქში ცხოვრება გაუჭირდებოდა. მას ბინაც არ ჰქონდა ნაქირავები, იმ კაცთან ცხოვრობდა, ვისაც ეხმარებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა 24 წლის იყო, ხოლო მამაკაცი - 62-ის, არავინ ფიქრობდა, რომ მათ შორის, შესაძლოა, რამე მომხდარიყო. საავადმყოფოების შემდეგ, გადაამოწმეს მორგებიც, მაგრამ მამაკაცი ვერც იქ იპოვეს. ამის მიუხედავად, გამქრალი მამაკაცის შვილზე თვალთვალი დააწესეს, მაგრამ ის სახლსა და სამსახურს შორის მოძრაობდა და ისე იქცეოდა, თითქოს მამამისი არც დაკარგულა. არადა, ძალოვნებმა გადაამოწმეს და ყველამ დაადასტურა, რომ კაცი უბრალოდ გაქრა, არ ჩანდა და რაც მთავარია, დუმდა მისი ტელეფონი. ქალი დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს, მაგრამ ისევ მშვიდად თქვა, მე არავინ დამიკარგავს, ზუსტად ვიცი, სად არის მამაჩემი, არ ვაპირებ თქმას და იმის გამო, რომ ვიღაც გომბიოს ინტერესი დავაკმაყოფილო, არ მსურს, ოჯახური ამბები გავახმაუროო.

სავარაუდოდ, ქალი მიხვდებოდა, რომ მას არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ, ტელეფონზეც უსმენდნენ და ამიტომ, ყველაფერს აკეთებდა, რათა მამის ადგილსამყოფელი არ გაეთქვა. სამართალდამცავებმა სატელეფონო ანძებით გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე, მამა-შვილი სასაფლაოზე იმყოფებოდა. კაცმა გადაწყვიტა, გარდაცვლილი ცოლის საფლავი მოენახულებინა, შვილიც თან გაჰყვა და სწორედ სასაფლაოზე ითიშებოდა ტელეფონი, რაც მთავარია, ითიშებოდა ორივე ნომერი. მერე მხოლოდ ქალის ნომერი ჩაირთო და ისიც მაშინ, როცა ის სახლს მიუახლოვდა. კითხვაზე, რატომ გაითიშა ორივე ტელეფონი ერთდროულად, ქალმა მშვიდად მიუგო, ალბათ, დაჯდა, გვიან შევნიშნეო. სასაფლაოს ტერიტორია გულდასმით დაათვალიერეს, გამოკითხეს მესაფლავეები, მაგრამ მათ საეჭვო არაფერი უნახავთ. ასევე, არ იყო ისეთი ახალი საფლავი, რომელსაც შეიძლებოდა, სამართალდამცავებში ეჭვი გამოეწვია. ერთადერთ იმედად ის რჩებოდა, რომ ადრე თუ გვიან, ქალი მამას აუცილებლად ნახავდა და სწორედ ეს არ უნდა გამოპარვოდა პოლიციას. უფრო სწორად, ნახავდა, თუ ის ცოცხალი იყო.

ასე გავიდა, დაახლოებით, ერთი კვირა და სწორედ კვირის თავზე, ოპერმუშაკებმა გამომძიებელს ამცნეს, რომ ქალი ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მივიდა და იქ საათზე მეტხანს დაჰყო. გამომძიებელი კლინიკის მთავარ ექიმსა და ადმინისტრაციულ დირექტორს დაუკავშირდა, შეხვედრა დაუთქვა და ისიც კლინიკაში მივიდა.

„დიახ, ასეთი პაციენტი ჩვენთან წევს და მისი შვილის თანხმობით, არ გავახმაურეთ, ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ეს კაცი არ არის რიგითი ადამიანი, შვილმა მითხრა, მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდეს, როგორც ბიზნესს, ისე მის რეპუტაციას ავნებს და ამიტომ, საიდუმლოდ შევინახოთო. ჩვენც დავთანხმდით და ვემზადებით, რომ ის კლინიკიდან გავწეროთ. ეს კი, დაახლოებით, სამ-ოთხ დღეში მოხდება. ის ჩვენთან შვილმა გულის შეტევით მოიყვანა“, - განაცხადეს მედიკოსებმა.

გამომძიებელმა ავადმყოფის ნახვა მოისურვა და პრობლემა არ შექმნია - ის პალატაში შეუშვეს, სადაც აშკარად გამოჯანმრთელებული და მომღიმარი „გაუჩინარებული“ კაცი დახვდა.

„სასაფლაოზე წავედი, ცოლს ბოდიში მოვუხადე. როცა ის კვდებოდა, პირობა მივეცი, რომ ცოლს არასოდეს შევირთავდი და ამ პირობას პირნათლად ვასრულებდი. კი მქონდა ქალებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს უფრო ბიოლოგიური კავშირები იყო, ვიდრე რამე გრძნობა. ახლა კი... ახლა შემიყვარდა და შემიყვარდა, როგორც მოზარდს. ამიტომ, ცოლს მივაკითხე და ბოდიში მოვუხადე. როცა ჩემმა ქალიშვილმა გაიგო, რას ვაპირებდი, კინაღამ გაგიჟდა, აქამდე ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამს, ახლა კი, ბებერი და ყეყეჩი მეძახა. სწორედ მაშინ გავხდი ცუდად და შვილმა აქ მომიყვანა. ამ მადლიანმა ხალხმა კი მიმკურნალა, ფეხზე დამაყენა და ერთი სული მაქვს, აქედან როდის გავალ და რაც მთავარია, როდის მომცემენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას. თურმე, ამ ეტაპზე, ჩემთვის მობილურის გამოსხივება საზიანოა და არ შეიძლება“, - განაცხადა მამაკაცმა.

გამომძიებელმა ისიც გაარკვია, რომ მისი სიყვარულის ობიექტი... დამხმარე გოგონა იყო, რომელსაც თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, აქაოდა, ჩემი შვილიშვილის ტოლიაო, მერე და მერე კი, გრძნობა გაჩნდა. წინააღმდეგი გოგონაც არ ყოფილა, მეც მომწონხართ, მაგრამ ვერ გიმხელდითო და ასე დაიწყო 38-წლიანი სხვაობის ადამიანებს შორის ურთიერთობა, რომელიც ქორწინებით უნდა დასრულებულიყო. ახლა გასაგებია, რატომ ცდილობდა „ბიზნესვუმენი“, რომ დამხმარე გოგონა მანამ მოეშორებინა, სანამ მამა საავადმყოფოში იმყოფებოდა, მაგრამ ისე ჩანდა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. კაცმა ისიც აღიარა, ჩემი სიყვარული ფეხმძიმედ არის და ბიჭს ველოდებით, ჩემი ოცნება ახდებაო. როგორც ჩანს, ესეც იცოდა მისმა ქალიშვილმა და ქონებაში მეწილის გამოჩენა დიდად არ სიამოვნებდა.

ასე იყო თუ ისე, კაცი საავადმყოფოდან გამოვიდა და პირველ რიგში, სწორედ დამხმარე გოგონა იპოვა. შვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქორწინებაზე განაცხადი შეიტანა და დაქორწინდა კიდეც, ხოლო როცა ბავშვი დაიბადა... მისმა ქალიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, დნმ-ანალიზი ჩატარებულიყო იმის დასადასტურებლად, მართლა მისი ნახევარძმა იყო თუ არა ახალშობილი. ბავშვის მამა თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ჩემს ცოლს ვენდობიო, მაგრამ შემდეგ დაითანხმეს და დნმ-ანალიზი გააკეთეს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ელოდა ამ დასკვნას ყველა მხარე. დასკვნაში კი, შავით თეთრზე ეწერა, რომ პატარა ბიჭის მამა, სწორედ 62 წლის ბიზნესმენი იყო და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

შემდეგ დაიწყო გრძელი სასამართლო პროცესი, ქალი თავისას ითხოვდა და მიიღო კიდეც - მამამ მას ქონების უდიდესი ნაწილი დაუთმო, სანაცვლოდ, ნახევარძმასთან ურთიერთობას სთხოვდა, მაგრამ ქალიშვილმა სურვილი არ შეუსრულა და ბიჭს ძმად არ აღიარებდა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე