ტრაგედია ზუგდიდში - ხანძარს ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტრაგედია ზუგდიდში - საერთო საცხოვრებლის მეექვსე სართულის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გასულ ღამეს ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა. ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ორი ბავშვი, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს, კლინიკაში გადაიყვანეს.მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

"მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა ორი მოზარდი, რომლებიც მოთავსდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით იყვნენ შემოყვანილნი. ორივეს გაეწია შესაბამისი პირველადი დახმარება. ორივე მათგანის მდგომარეობა, ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ-ჯერობით რჩებიან [კლინიკაში] დაკვირვების მიზნით. დამწვრობის ნიშნები არ აღენიშნებათ კანზე. მოზარდები არიან რვა-ათი წლის ბავშვები," - ამბობს კლინიკის ექიმი.