ვინ არის რექტორი, რომელსაც ინტუმური ფოტოებით აშანტაჟებდნენ

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 ახლა იმდენი უმაღლესი სასწავლებელია, ყველას რექტორის გვარი არც საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ეგებ, არც იმ სასწავლებლის უკლებლივ ყველა სტუდენტმა იცოდეს. ადრე კი, ასე ნამდვილად არ იყო, „გე პე ი“-ს, სამედიცინო ინსტიტუტის, პედაგოგიურის, ფიზკულტურისა და, რაღა თქმა უნდა, თბილისის ივანე ჯავახიშვილისსახელობის უნივერსიტეტის რექტორთა გვარები არათუ ყველამ იცოდა, არამედ, ეს ადამიანები უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მათ ანგარიშს უწევდნენ და ასე განსაჯეთ, თავის დროზე, უნივერსიტეტის რექტორს, როინ მეტრეველს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ის ძალიან, ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო. ახლა კი, რექტორი ძალიან ბევრია და აკი გითხარით, ბევრი მათგანის სახელი და გვარიც კი არ იცის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა.

 

ჰოდა, კომუნისტების დროს, მაშინ, როცა რექტორობა უდიდეს პასუხისმგებლობასა და ავტორიტეტთან ერთად, სახელიც იყო, ზემოთჩამოთვლილი ერთ-ერთი სასწავლებლის რექტორი მილიციის განყოფილების ნაცვლად, პირდაპირ შს სამინისტროში მივიდა და განაცხადა, რომ მას აშანტაჟებდნენ. შანტაჟის საფუძველი ის ფოტოები გახდა, რომელიც რექტორს ქალაქგარეთ გადაუღეს, ფოტოებზე კი ჩანდა, რომ სამსახურის მანქანის სავარძელზე რექტორი იჯდა, მუხლებზე კი, ახალგაზრდა ქალი წამოსკუპებულიყო. იმ დროს ეს ფოტოები რექტორისთვის ყველაფრის დაკარგვას ნიშნავდა - კარიერის, ოჯახის, პატივისცემის... რაც მთავარია, ფოტოების ავტორი რექტორისგან - არც მეტი, არც ნაკლები - 120 ათას მანეთს ითხოვდა.

„ღარიბი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ 120 ათასი მანეთი არარეალური თანხაა, ფიზიკურად წარმოუდგენელია, ეს თანხა ვიშოვო, ყველაფერი რომ გავყიდო, ამდენს მაინც ვერ მოვაგროვებ ანუ შანტაჟისტს უნდა, რომ სურათები გამოაქვეყნოს, რადგან თავადაც უნდა იცოდეს, რომ რექტორებს ასეთი ფული, უბრალოდ, არ აქვთ“, -წუწუნებდა 60 წელს გადაცილებული კაცი.

ძალოვანი უწყების თანამშრომლები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ. სურათებზე, რექტორის ანაბეჭდების გარდა, სხვა რამე კვალი არ იყო და ისიც ნათელი გახლდათ, რომ ფოტოები კუსტარულად, სახლში იყო დაბეჭდილი, რადგან გამჟღავნების ხსნარის დოზები არ იყო დაცული, მაგრამ სურათი მაინც მკაფიო გახლდათ. ასეთი მინი ფოტო-ატელიე კი ლამის ყოველ მესამეს ჰქონდა მოწყობილი და ძებნა უზარობა იყო. გადაწყვიტეს, დალოდებოდნენ იმ სამი დღის გასვლას, რომელიც შანტაჟისტმა ფულის მოსაგროვებლად მისცა რექტორს და იმედოვნებდნენ, რომ ის რამე შეცდომას დაუშვებდა, თუმცა...

სამი დღის შემდეგ, რექტორის ტელეფონზე ზარი გაისმა და მამაკაცის მოგუდულმა ხმამ ფულის გარდა, მას გადადგომა და ცოლისთვის სურათების ჩვენება მოსთხოვა. ისე ჩანდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ შანტაჟი, ეს იყო ერთგვარი შურისძიება. ეგებ, დამნაშავე მის სტუდენტებს შორის უნდა ეძებნათ, მაგრამ როგორ? ათასობით მოქმედი და უფრო მეტი კურსდამთავრებული სტუდენტიდან რამდენიმე ასეული მაინც იქნებოდა, რომელსაც რექტორი უბრალოდ არ მოსწონდა. ამასთან ერთად, თავად რექტორს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი „გაფუჭებით“ დაინტერესებული. სამართალდამცავებმა მისი საყვარლის დაკითხვა გადაწყვიტეს.

„მე არავისთვის მითქვამს, იმ დღეს სად მივდიოდით, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, თუ ქალაქგარეთ გავისეირნებდით. საღამოობით მოდის ხოლმე, მე მანქანაში ვჯდები და მხოლოდ თავად იცის, სად მივდივართ და რამდენი ხნით. ამიტომ, ჩემზე ეჭვს ნუ მიიტანთ. თანაც, მე ამ საქმიდან რა ხეირი? ყველაფრით კმაყოფილი ვარ“, - ჟღურტულებდა ახალგაზრდა ქალი და რექტორმაც დაადასტურა, რომ ქალმა არ იცოდა, იმ დღეს სად წავიდოდნენ. შესაბამისად, ეჭვმიტანილი რექტორის გარემოცვაში უნდა ეძებნათ, მაგრამ ესეც თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა - რექტორი არც მეგობრებს ეუბნებოდა, რომ საყვარელთან ერთად, ქალაქგარეთ უნდა გასულიყო. ასეთ ამბებს მაშინ საგულდაგულოდ მალავდნენ.

„ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს, ცოლი, შვილები. გოგოს საქმრო ჰყავს, კარგი, ახალგაზრდა ბიჭია, სიმართლე გითხრათ, მისი ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ სახელი და გვარი და ის, რომ სადღაც მუშაობს და სწავლობს. ჩემი ცოლი მეუბნება, საქმროაო, მაგრამ ჩემთვის ოფიციალურად ხელი არ უთხოვია და როცა ამას გააკეთებს, მერე გადავწყვეტ, დავუძახო თუ არა საქმრო“, - ამბობდა რექტორი.

ძალოვნებს ისიც აფიქრებდათ, რომ რამდენიმე თვეში, რექტორის ახალი არჩევნები უნდა შემდგარიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასული რექტორი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა და ეგებ, ვიღაცას გზის გათავისუფლება უნდოდა. დაიწყეს სავარაუდო კანდიდატების მოძიება, მაგრამ ვერაფერი ნახეს, რადგან კონკურენტი, უბრალოდ, არ ჩანდა. ამასობაში, რექტორი გადარეული მივარდა განყოფილებაში და თქვა, რომ შუქნიშანზე ლამის მანქანამ დაარტყა, ძლივს გადარჩა და ეს მინიშნება იყო - ის, ვინც შანტაჟს უწყობდა,მზად იყო, მოეკლა კიდეც. ძალოვნებმა თვითმხილველები გამოკითხეს, მაგრამ ავტომობილის ნომერი ვერავინ დაინახა. გადაწყდა, რექტორისა და მისი ოჯახის წევრებისთვის თითო ოპერმუშაკი მიემაგრებინათ, თუმცა ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა.

„იქნებ, რექტორი დათანხმდეს თანხის მიცემაზე, ფულის ნაცვლად, ჩანთაში ქაღალდები ჩავდოთ და როცა მას წაიღებენ, დამნაშავე მაშინ ავიყვანოთ“, - თქვა ერთ-ერთმა გამომძებელმა და პრინციპში, სხვა გზა არც იყო. ამიტომ, რექტორი კარგად დაამუშავეს, აუხსნეს, რა და როგორ უნდა ეთქვა და როცა სახლში ტელეფონის ზარი კვლავ გაისმა, მან მხოლოდ ადგილი იკითხა, თუ სად უნდა მიეტანა ფული. პროფესორს აუხსნეს, რომ ფულით სავსე ჩანთა თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანაგვე ურნაში უნდა ჩაეგდო და იქაურობას გასცლოდა. სპეცოპერაცია დაიგეგმა, თბილისის ზღვაზე, იმ ურნის ახლოს, ოთხი ოპერმუშაკი ანკესით იდგა და „თევზაობდა“, გვერდით, მენაყინე ქალიც ოპერმუშაკი იყო, იქვე მდგარი ტაქსის მძღოლებიც ძალოვნები გახლდნენ და ზოგადად, იმ ადგილზე, დაახლოებით, 30-მდე შენიღბული თანამშრომელი იდგა და მოუთმენლად ელოდა დამნაშავის გამოჩენას. რექტორი სანაგვესთან მივიდა, ქაღალდის დასტებით გაძეძგილი ჩანთა მითითებულ სანაგვეში ჩააგდო და იქაურობას ჩქარი ნაბიჯით გაეცალა. სამართალდამცავები დაიძაბნენ, ახლა გადამწყვეტი მომენტი დგებოდა, ვიღაცას ის ჩანთა უნდა წაეღო და ის ვიღაც აუცილებლად უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან მეორე შანსი აღარ იქნებოდა.

სანაგვე ყუთთან ნახევარი საათი არავინ გამოჩნდა, ვიღაც წყვილმა გაიარა, ბიჭმა ურნაში სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ეგ იყო. მალე, სანაპიროზე, ქალი გამოჩნდა, ნელი ნაბიჯით მოდიოდა, მძიმე-მძიმედ, მერე გეზი სანაგვისკენ აიღო, ჩაიხედა, ჩანთას ხელი მოკიდა, ამოიღო და ისევ მძიმედ გაუყვა ნაპირს, მაგრამ 20 მეტრიც კი არ ჰქონდა გავლილი,როცა სამართალდამცავები ეცნენ, მიწაზე დააწვინეს და ჩანთა გამოსტაცეს.

„მე უსახლკარო ვარ, ზაფხულში აქ, სანაპიროზე ვარ ხოლმე, საჭმლის ბევრი ნარჩენია და იოლად გავდივარ. ვიღაც ბიჭმა ფული მომცა, სანაგვეში ჩანთა დაგხვდება და თუ მომიტან, ერთ ამდენს კიდევ დაგიმატებო. ახლა სწორედ მასთან მივდივარ, იმდენს მაძლევს, ორი კვირა მეყოფა საჭმლისთვის“, - განაცხადა ქალმა, მაგრამ... ბიჭის აღწერა ვერ მოახერხა, კეპი ჰქონდა ჩამოფხატებული და სახეს ბენდენაში მალავდაო.

სამართალდამცავებმა უღონოდ ჩამოუშვეს ხელები. ცხადი იყო, დამნაშავე ქალს შორიდან უთვალთვალებდა და ყველაფერს კარგად დაინახავდა. ახლა, რექტორისა და მისი ოჯახის წევრებისთვის დაცვა ნამდვილად უნდა გაეძლიერებინათ. ამასობაში, უსახლკარო ქალი მილიციის განყოფილებაში თავად მივიდა და გაიხსენა, რომ მამაკაცს, რომელმაც ჩანთის აღება სთხოვა, ნეკა თითზე დიდი ნაიარევი ჰქონდა.

„ნეკა თითზე ნაიარევი? არ ვიცი, მე არავინ მახსენდება, ჩემი ოჯახის წევრებს ვკითხავ“, - თქვა რექოტრმა და ერთ საათში, განყოფილებაში გულგახეთქილი მივარდა - ჩემი გოგოს საქმროს ჰქონია თითზე დიდი ნაიარევი და ახლა ის ბიჭი, ჩემს შვილთან ერთად, სადღაც სასეირნოდ არის წასულიო. სამართალდამცავებმა ბიჭის ვინაობა მალე გაარკვიეს, მისი სურათი უსახლკარო ქალს ანახეს და მან ეჭვით თქვა, ძალიან ჰგავს, მაგრამ სახეს მალავდა და გადაჭრით ვერ ვიტყვიო. ის უფრო იმას ამტკიცებდა, ნეკა თითს თუ დამანახებთ, ვიცნობო. ბიჭი, რექტორის შვილთან ერთად, ერთ-ერთ კაფეში ნახეს და მამაკაცი იქვე დააკავეს.

„მე მისი განადგურება მსურდა იმიტომ, რომ წლების წინ, მამაჩემი სათევზაოდ იყო წასული, ამ იდიოტმა კი, მანქანა ისე დააყენა, ხელის მუხრუჭი არ ამოსწია. მანქანა დაგორდა და სანაპიროზე მდგარ მამაჩემს დაეჯახა. მაშინ ეს არაკაცი გამოძვრა, მე 6 წლის ვიყავი და ის, რომ არც კი ახსოვდა, რა გვარი იყო გარდაცვლილი, იქიდანაც ჩანს, რომ ეჭვიც არ შეპარვია, როცა მის გოგოსთან ურთერთობა დავიწყე. მე უმამოდ სწორედ მისი წყალობით გავიზარდე“, - განაცხადა დაკითხვაზე ბიჭმა.

როცა რექტორს მისი ჩვენება წაუკითხეს, თავი ჩაღუნა და ჩუმად ჩაილაპარაკა - „მე არაფერი დამვიწყებია. უბრალოდ, მაშინ მანქანაში, ჩემი პატარა შვილი შეძვრა და „რუჩნოი“ დასწია, სწორედ ამის მერე დაგორდა მანქანა. ჰო, ის შვილი, ამ ბიჭს ვითომ ცოლად მოყვანა რომ უნდოდა. ყველაფერი მე დავიბრალე და არ დამიჭირეს. ვნანობ, მაგრამ“...

რექტორმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბიჭი არ დაეკავებინათ, მერე კი... მერე, რექტორობიდან საკუთარი ნებით წავიდა და მოღვაწეობა მეცნიერებათა აკადემიაში გააგრძელა.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე