საქართველოში ავტოავარიის შედეგად სიკვდილიანობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკავშირის რომელი ქვეყნებია ავტომობილის მართვისთვის ყველაზე საშიში - ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს (ETSC) უახლესი მონაცემების გაანალიზების შემდეგ, Vignette Switzerland-მა გამოავლინა ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა გზებზე მილიონ მოსახლეზე. ამის შესახებ euronews-ი წერს.

ათეულში მოხვდა ისეთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები, როგორებიცაა ხორვატია, პორტუგალია და იტალია.

კვლევის თანახმად, ევროპაში ავტომობილის მართვისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ბულგარეთია. 2023 წელს ბულგარეთში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 79%-ით მეტი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს ბულგარეთში 526 ადამიანი დაიღუპა - თითქმის 82 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. ბულგარეთს მოსდევს რუმინეთი, სადაც 2023 წელს გზებზე 1545 ადამიანი დაიღუპა - 81 ადამიანი მილიონ მოსახლეზე.

მესამე და მეოთხე ადგილებზე სერბეთი და ლატვია არიან. იქ საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 66%-ით მეტია.

ხორვატია მეხუთე ადგილზეა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რომელიც ევროკავშირის საშუალოზე 56%-ით მეტია, შემდეგ მოდის პორტუგალია 32%-ით და საბერძნეთი 31%-ით. იტალია მეცხრე ადგილზეა 2023 წელს 3 094 გარდაცვალების ფაქტით - ანუ დაახლოებით 54 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. ეს 15%-ით მეტია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.

ლიეტუვამ 23%-ით მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო 13%-ით მეათეზეა პოლონეთი.

მთლიანობაში ევროკავშირის მასშტაბით (449 მილიონი მოსახლე), 2023 წელს დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილის 20 418 ფაქტი, რაც მილიონ მოსახლეზე 45.5 ადამიანს უტოლდება.

რაც შეეხება ევროკავშირის ფონზე საქართველოს მონაცემებს. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა. 2024 წელს კი უკვე გარდაცვალების 179 ფაქტი დაფიქსირდა (I კვარტალი -93, II კვარტალი 86). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. საქართველოს მონაცემი 2023 წელს იყო დაახლოებით 120 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (მილიონ მოსახლეზე 45 ადამიანის გარდაცვალება) 2.5-ჯერ მეტია.