როგორ გახდა მოსამართლეობაზე მეოცნებე ბიჭი „კანონიერი ქურდი“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

21-ე საუკუნეში „კანონიერ ქურდობაზე“ რომ ფიქრობს ვინმე, უკვე პრობლემაა. როცა ამდენი შესაძლებლობაა, როცა კარგი სწავლის შემთხვევაში, ძალიან დიდია შანსი, რომ ცხოვრებაში უამრავ რაღაცას მიაღწიო, უამრავი რამ ნახო, „კანონიერ ქურდობაზე“ ფიქრი, უბრალოდ, „ტეხავს“. ამის მიუხედავად, ის თითქოს რომანტიზმი, რომელიც ამ გზას ახლავს, ბევს ხიბლავს. რეალურად კი, რომანტიზმი და „კარგი პონტი“ არ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს „კანონიერი ქურდები“ ჰქვიათ, სამშობლოშიც კი ვერ ჩამოდიან, რადგან ჩვენთან ეს „სტატუსი“ პატიმრობით და პატიმრობის მოხდის შემდეგ, ქვეყნიდან გაძევებით ისჯება.

 

ისე, ამ კანონს ერთი დეტალი აქვს, რომელიც არ გვესმის - როცა „კანონიერი ქურდი“ სასჯელს მოიხდის და ციხიდან გამოდის, სტატუსს ხომ არ თმობს და ხომ ისევ, ზედ ციხის კართან გაიმეორებს, რომ ქურდია? მაშინ, რატომ უშვებენ? თუმცა, ამას ალბათ კვალიფიციური იურისტები ახსნიან, ჩვენ კი...

გასულ კვირას, „კანონიერი ქურდების“ რიგს კიდევ ერთი მიემატა. რა თქმა უნდა, სახელისა და გვარის დასახელებას არ ვაპირებთ, მაგრამ თავად მისი ისტორიაა იმდენად საინტერესო, რომ უნდა მოგიყვეთ. ეს ისტორია მან თავად მომითხრო მაშინ, როცა ჯერ „მომავალი“ იყო და ისიც ახსნა, რატომ აირჩია ეს გზა და რომ არა ერთი სრულიად უწყინარი შემთხვევა, „კანონიერი ქურდობაზე“ არასოდეს იფიქრებდა.

„15 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი. ძალიან, ძალიან კარგად ვსწავლობდი, იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, ვფიქრობდი, მოსამართლე გამოვალ-მეთქი და ეს იყო ჩემი ოცნებაც და მიზანი. გზაზე მანქანამ გამიჩერა, ჩემი უბნის ბიჭები ისხდნენ, ჩემი მეზობლები, დაჯექი, სახლამდე მიგიყვანთო. რა თქმა უნდა, დავჯექი, სახლამდე ნახევარ კილომეტრზე მეტი მიკლდა და თან ქარი ქროდა, ცივი ქარი. ასი მეტრიც არ გვქონდა გავლილი, როცა წინ და უკან საპატრულო პოლიციის მანქანები გადაგვიდგნენ, მერე პატარა „მარშუტკაც“ გაჩერდა, საიდანაც 6 ავტომატიანი და ნიღბიანი კაცი გადმოხტა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თუმცა ბევრი ფიქრის დრო არც მქონდა, მანქანიდან გადმოგვყარეს და ასფალტზე დაგვყარეს. მე არ დამინახავს, როგორ ამოიღეს საბარგულიდან ორი ავტომატი და ერთი „აბრეზი“, მერე, როდესაც წამომაყენეს, დავინახე, რაც იყო. იქიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს, გზაზე გვარიანად მირტყეს, მეორე დღეს კი, ჩემთან ადვოკატი შემოვიდა...

სწორედ ადვოკატისგან გავიგე, რომ ბიჭებს და მე ყაჩაღობის მომზადებას გვედავებოდნენ. ჰო, ყაჩაღობას კი არა, მის მომზადებას ანუ თურმე, საყაჩაღოდ მივდიოდით და იარაღი იმიტომ გვქონდა. გაოცებისგან პირი დავაღე, ვუთხარი, რაც იყო და როგორც იყო, დედას ვიფიცებოდი და, ალბათ, იმდენად გულწრფელი ვიყავი, მითხრა, დღეს კიდევ შემოვალ, ისინი რას ამბობენ, იმას გავიგებო. მართლაც, ორ საათში შემოვიდა, კმაყოფილი სახე ჰქონდა, ისინი ამბობენ, იარაღი ჩვენია, ის ბავშვი კდიევ შემთხვევით ჩავისვითო ანუ ჩემს წინააღმდეგ ერთიც არ აძლევდა ჩვენებას. ან როგორ უნდა მიეცა, როცა ყველაფერი მართლაც შემთხვევით იყო. მეტიც, ადვოკატმა მოითხოვა, თუ მანქანას უთვალთვალებდით და ვიდეოგადაღებას აწარმოებდით, ისიც ამოიღეთ, რომ ეს ბიჭი შემთხვევით, გზიდან აიყვანეს და მანქანაში თავიდანვე არ იჯდაო. ვიდეოზე ყველაფერი ეს მართლაც ჩანდა, მაგრამ მოსამართლემ არ დაიჯერა, აქაოდა, ისიც თანამზრახველი იყო, უბრალოდ, გზაში შეხვდაო და პროკურორის ეს სიტყვები სასამართლოში მარტივად დაიჯერეს. მოკლედ, იმ ბიჭებს 7-7 წელი ჩამოურიგეს და მე, როგორც არასრულწლოვანს, თანაც იქამდე, რამე დანაშაულში შეუმჩნეველს, 4 წელი „მაკმარეს“, თუმცა ჩემთვის ეს 4 წელი ყველაფრის დასასრული იყო - იურისტობაზე ოცნების, სწავლის გაგრძელების, სკოლის დამთავრების... ასე მოვხვდი არასრულწლოვანთა კოლონიაში...

ვისაც ჰგონია, რომ „მალალეტკებში“ ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე დიდებში, ძალიან ცდება. არავინ იცის, რას უნდა ელოდო არასრულწლოვანისგან და იქ ჩემსავით შემთხვევით ერთი, მაქსიმუმ, ორი თუ ხვდება. დანარჩენები „ხიშნიკი მოზარდები“ არიან, იპარავენ, ძარცვავენ, ქურდობა უნდათ, ზონის შიგნით  „მაყურებლობისთვის“ იბრძვიან. ჰოდა, მგლების ხროვაში მოვხვდი და რადგან გამოუცდელი და არიფი ვიყავი, ყველა ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა, რაც არცთუ მარტივი იყო. ის, რომ კრიმინალური წარსული და გამოცდილება არ მქონდა, არ ნიშნავს, რომ თავის დაცვას ვერ მოვახერხებდი. ამიტომ, პირველ ორ თვეში, სამჯერ ვიყავი კარცერში და ათამდე ჩხუბი გადამხდა. მივხვდი, რომ თავი ჩემით უნდა გამეტანა და გამქონდა კიდეც. ეგებ, კარგი განათლების გამო იყო, რომ მათში გამოვირჩეოდი, ბევრი რამ ვიცოდი და ერთ წელიწადში, მეც მომინდა „მაყურებლობა“, მეც მინდოდა, პირველი ვყოფილიყავი, „ყოჩი“ მრქმეოდა!

„სროკის“ ბოლო წელი დიდების ზონაზე მოვიხადე. „მალალეტკების მაყურებელი“ მოვიდაო, როგორც კი გაიგეს, მაშინვე „ვზროსლების“ „მაყურებლებმა“ დამიძახეს, გამომკითხეს რაღაცები, ვინ ვიყავი, რა მინდოდა.... ის ბიჭებიც იმ ზონაზე იყვნენ, ვის გამოც დამიჭირეს და თითქოს, მფარველობა იკისრეს, მაგრამ რა მფარველობა, აქეთ დავიფარავდი, თუ საჭირო იქნებოდა. ერთ თვეში, დიდების ზონიდან, კორპუსის „მაყურებელი“ წავიდა, „კრიტში“ გადაიყვანეს და დიდებს ბევრი არ უფიქრიათ, ისე დამნიშნეს კორპუსის მაყურებლად. ზონიდან გასვლამდე ორი თვით ადრე კი, მთელი ზონის „მაყურებელი“ ვიყავი და რადგან არ შეიძლებოდა, „მაყურებელი“ ჩვეულებრივი ზონიდან გასულიყო, ბოლო ორი კვირა კრიტში გავატარე.

რა მოხდა თავისუფლებაზე? ციხეში 15 წლის დამჯერი, ბეჯითი ბავშვი შევედი, რომელსაც ოცნებები ჰქონდა, რომელსაც სწავლა სწყუროდა, რომელსაც მომავლის იმედი ჰქონდა და იქიდან ჩამოყალიბებული კრიმინალი გამოვედი, რომელსაც გარეთ თანაკლასელები კი არა, უბნის ძმა-ბიჭები დამხვდნენ, რომელთაგან ნახევარს არც კი ვიცნობდი, მაგრამ გაგებული ჰქონდათ, რომ ზონაზე „მაყურებელი“ ვიყავი და ჩათვალეს, რომ ჩემთვის პატივი უნდა ეცათ. პარალელურად, პოლიციას ვყავდი აღრიცხვაზე, მამოწმებდა, რამეს ხომ არ ვაფუჭებდი და ამიტომ, რუსეთში „მოვხიე“. რეალურად, ჩვეულებრივად წავედი, მაგრამ კრიმინალურ წრეში ასე უნდა გეთქვა - „მოვხიე“. რუსეთში მალე დამიჭირეს, იქაც ზონაზე „მაყურებელი“ ვიყავი, მერე უკრაინაში გადავედი, ცოტა ხანს იქაც მომიწია, იქაც „მაყურებლად“ და „კანონიერ ქურდებთან“ უკვე სახელი მქონდა და ყველა ხვდებოდა, რომ მათ გზას დავადგებოდი. თანაც, უშეცდომოდ ვიარე და იერარქიულად ზემოთ მდგომი კრიმინალების გარდა, პატივს რიგითი პატიმრებიც მცემდნენ, ეს კი, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“...

ჩემს ნაცნობს ახლაც დავუკავშირდი და ვთხოვე ეთქვა ის, რატომ დათანხმდა, ამ გზას ბოლომდე გაჰყოლოდა, რადგან ვიცოდი, შეთავაზების მიუხედავად, თავს იკავებდა და არ სურდა „კანონიერი ქურდი“ დარქმეოდა.

„როცა ევროპაში წავედი, ჯერ - საბერძნეთში, მერე - ესპანეთში და სწორედ ესპანეთში მივხვდი, რომ „კანონიერი ქურდის“ სტატუსს უნდა დავთანხმდებოდი, სხვაგვარად, მე მიწევდა საქმეებზე სირბილი, ფულის შოვნა და ჩალიჩი, ქურდები კი მეფეებივით იყვნენ, ყოველ საღამოს წილი მისდიოდათ „ბლატატასგან“, რაღაც ნაწილს „ობშჩიაკში“ აგზავნიდნენ, დანარჩენს იტოვებდნენ და... დავიღალე, მართლა დავიღალე. ამიტომ, ახლა ჩემი „კამანდა“ მყავს, ბიჭები, რომლებსაც ვმფარველობ, რომლებიც დარბიან და მეც ისე ვიქცევი, როგორც დანარჩენები. ზუსტად ვიცი, რომელიმე მათგანი რომ დაიჭირონ, აუცილებლად ავიღებ „ობშჩიაკიდან“ სოლიდურ თანხას და თუ მათ ვერ ვუშველი, მათ ოჯახებს გავუგზავნი საქართველოში. აქ ყველა ასეა, ყველა გადარჩენაზეა და ათასი ქართველიდან, ერთი ან ორი არის მართლა კარგად, ლეგალური ბიზნესით და ლეგალური კარგი შემოსავლით. ვიღაცას რომ ჰგონია, რომ აქ 2-3 ათასი ევრო თვეში კარგი შემოსავალია, რეალურად არაფერია. 2-3 ათას ევროდ, დაახლოებით, ისე იცხოვრებ, საქართველოში თვეში ათას ლარამდე რომ გქონდეს, ამ ფულად კი, როგორც ცხოვრობენ ადამიანები ჩვენთან, თავადაც იცით“...

რა მოხდებოდა, რომ არა ის შემთხვევა, ძალოვნების გულგრილობა და იურისტობაზე მეოცნებე ბიჭის კრიმინალად ჩამოყალიბება? თითქოს, ისტორია ბანალურია, მაგრამ ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენმა გმირმა, ცდილობს, მისმა ძმისშვილმა გააკეთოს. ამიტომ წაიყვანა ძმისშვილი ევროპაში და ახლა საფრანგეთში, იურიდიულ განათლებას ეუფლება, ბიძა კი, ყველანაირად ხელს უწყობს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე