ოლეგ დერიპასკა - „ოლიგარქიული რევოლუციის“ პირველი მერცხალი?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ იაპონურ გამოცემა Nikkei Asia-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომს „სიგიჟე“ უწოდა, გააკრიტიკა რუსეთის საომარი ხარჯები და თქვა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქის ეს თამამი განცხადებები სავარაუდოდ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებულ შეჭრას უნდა უკავშირდებოდეს.

იური ბუტუსოვი, გამოცემა Censor.NET-ის მთავარი რედაქტორი Nikkei Asia-ში გამოქვეყნებულ სტატიას მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევს, რადგან რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე და რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ, სწორედ რუსეთისთვის არამეგობრულ იაპონიაში განაცხადა, რომ:

„სიგიჟეა“ სპეციალური სამხედრო ოპერაცია
არ მიესალმება ომზე სამხედრო ხარჯების ზრდას
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი
„ეს არის პირველი საჯარო დემარში პუტინის ელიტაში 2022 წლის (უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის) შემდეგ. პირველად ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც აყალიბებს სახელმწიფოს პოზიციას, საჯაროდ გამოვიდა ომის დასრულების მოწოდებით“, - დაწერა იური ბუტუსოვმა თავის Telegram-არხზე.

„თუ გინდა ომის შეჩერება, ჯერ ცეცხლი უნდა შეწყვიტო“, - თქვა ბიზნესმენმა და დაამატა - „დაუყოვნებლივ, უპირობოდ [უნდა] შეწყდეს ცეცხლი“.

Nikkei Asia დერიპასკას „პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს“ უწოდებს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან, ბიზნესმენმა უპასუხა: „არანაირი ცვლილება არ არის, ისინი [კრემლი] მე არ მეხებიან და ჩვენ არ ვეხებით პოლიტიკას“.

კიდევ რა უთხრა რუსმა მილიარდერმა იაპონურ გამოცემას?
ოლეგ დერიპასკას თქმით, რომ არა აზიის ქვეყნებთან ვაჭრობის შესაძლებლობა, რუსეთის ეკონომიკა დიდი ხნის წინ ჩაიძირებოდა, მაგრამ რუსეთის მაშველი რგოლი გახდა საქონლის ექსპორტი ინდოეთსა და ჩინეთში.

რუსეთის ვაჭრობა დასავლეთთან ფაქტობრივად შეჩერდა 2022 წლის დასაწყისიდან, როდესაც G7-ის ქვეყნებმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის ავსტრალიამ, სამხრეთმა კორეამ და სინგაპურმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს უკრაინაზე მისი სამხედრო თავდასხმის შესაზღუდად.

ამის საპირისპიროდ ინდოეთმა, რომელმაც ოფიციალურად არ დაგმო შეჭრა, ომის დაწყების შემდეგ რუსული იმპორტი უპრეცედენტოდ გაზარდა. ინდოეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანამ 12 თვეში (2023 წლის მარტამდე) $46,2 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული საქონელი მიიღო, რაც 368%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით.

ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის ვაჭრობა ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან. ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 50%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი - 12%-ით. ამავე დროს, რუსეთის ორმხრივი ვაჭრობა ინდონეზიასთან 2022 წელს 45%-ით გაიზარდა (თითქმის 4,8 მილიარდ დოლარამდე).

ოლეგ დერიპასკა გაუმართლებლად მიიჩნევს რუსეთის მთავრობის სამხედრო ხარჯებსაც, რომლებიც ამჟამად რუსეთის მშპ-ის 6%-ს შეადგენს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2024 წლის თებერვლის შეფასებით, უკრაინაში ომი მოსკოვს უკვე დაუჯდა 211 მილიარდი დოლარი.

ოლიგარქების რევოლუცია?
რუსი პოლიტოლოგისა და ვლადიმირ პუტინის ყოფილი „სპიჩრაიტერის“, აბას გალიამოვის თქმით, როცა მმართველი წაგებას იწყებს, ხალხს ნელ-ნელა უქრება მისი შიში:

„დერიპასკა საკმაოდ სისტემური ადამიანია, ამიტომ სანამ ასეთ რამეებს იტყვის, ყოველთვის ინტერესდება სხვა ელიტების განწყობებით. შესაბამისად, ეს არ არის მარტო ერთი დერიპასკას ხმა“.

მიმომხილველების შეფასებით, ოლეგ დერიპასკას ინტერვიუ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. რუსეთის ფედერაციის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ბევრად უმტკივნეულო გამონათქვამების გამო დევნის მოქალაქეებს. რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია რუსული სოციალური ქსელების განწყობების გადმოსაცემად ციტირებს მოქალაქეების კომენტარებს:

„როგორც ჩანს, რეჟიმის დასრულება დიდი ოლიგარქიული რევოლუციის შედეგად მოხდება. სწორედაც რომ მდიდარი ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე ქმედითი და ეფექტიანი ოპოზიცია“, - ვიქტორ შმაკოვი.

„ეს არის ძალიან უცნაური დემარში, რომელიც ამბობს, რომ პუტინის ირგვლივ მყოფებმა დაიწყეს ჩალის დაფენა რეჟიმის დამხობის მოლოდინში. შეგახსენებთ, რომ დერიპასკა არის პუტინის ერთ-ერთი ბანდიტი, რომელმაც საწარმოები ფსბ-ს დახმარებით ჩაიგდო ხელში“, - დმიტრი სმირნოვი.

ცნობილი რუსი პოლიტოლოგის, სტანისლავ ბელკოვსკის თქმით, დერიპასკას სამშვიდობო განცხადებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების ლოგიკას აქვს ერთი მთლიანი, გლობალური კონტექსტი.

პოლიტოლოგი წერს თავის Telegram-არხზე, „ზოგიერთმა ინფორმირებულმა ადამიანმა უკვე იცის, რომ შეერთებული შტატები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის + კამალა ჰარისის სახით დაინტერესებულია, დაასრულოს, უფრო ზუსტად, შეაჩეროს საეტაპო ომები (ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში) 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებამდე, რათა მშვიდობის დაფნის გვირგვინი ერგოს აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ქალბატონ ჰარისს და არა მის მეტოქე დონალდ ტრამპს, რომელიც დებს პირობას, რომ მალევე დაასრულებს ყველა ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“.

„საყურადღებოა ის, რომ მაგნატმა დერიპასკამ ომთან დაკავშირებული ეს „ბლანტი სიტყვები“ წარმოთქვა კრემლის მიმართ არამეგობრულ ტოკიოში, სადაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლად ჩავიდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ბიზნესსაბჭოს ფორუმზე.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მოახლოებას გრძნობს უკრაინაც. ამიტომაც ის ყველანაირად ცდილობს გააძლიეროს მოლაპარაკებებზე თავისი პოზიცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მიმდინარე შეჭრით“, - ამბობს სტანისლავ ბელკოვსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი კი მიიჩნევს, რომ უკრაინა კვლავაც ვერ ხედავს რუსეთთან მოლაპარაკების აზრს.

„გამარჯვება - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კიევი არ არის მზად ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციასთან კომპრომისისთვის“, - უთხრა ერმაკმა უკრაინულ „ევროპეისკა პრავდას“. ერმაკის თქმით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მეორე სამშვიდობო სამიტი იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყისი.

„გვინდა, რომ მეორე სამიტი წელს იყოს, მაგრამ არის პირობები, რის გარეშეც ის ვერ შედგება. როგორც კი ისინი შესრულდება, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ვადებზე. ზელენსკის დროს არასოდეს იქნება „ახალი მინსკი“ ან ის, რასაც უკრაინული საზოგადოება არ მიიღებს. სამართლიანი მშვიდობა - ეს უკრაინის გამარჯვებაა“, - ამბობს ანდრი ერმაკი.

ოლეგ დერიპასკა არის რუსული ალუმინის გიგანტის Rusal-ის, ენერგეტიკული კომპანიის „En+ Group-ის დამფუძნებელი და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კონგლომერატის „Basic Element“-ის თანადამფუძნებელი. Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად მისი ქონება 3 მილიარდი დოლარია.
რუსეთის მთავრობასთან მისი სავარაუდო კავშირების გამო 2018 წლიდან იმყოფება აშშ-ის სანქციების ქვეშ. დერიპასკას გვარი დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამაც შეიტანეს სანქცირებულთა სიებში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. დიდმა ბრიტანეთმა მიუთითა მის კავშირზე პუტინთან. დერიპასკას აქტივები გაყინულია და მას მოგზაურობა აქვს აკრძალული.
2021 წლის სექტემბერში ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავები სისტემატურად იყენებენ ოლეგ დერიპასკას კერძო თვითმფრინავებს, სახლებსა და სასტუმროებს. სანაცვლოდ, ლავროვი ლობირებს მეწარმის ინტერესებს.
სამი წლის წინ ნავალნიმ გამოაქვეყნა გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ ისვენებდა დერიპასკა იახტაზე რუსეთის იმდროინდელ ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოსთან ერთად, რასაც საგამოძიებო ჯგუფი ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევდა. პუბლიკაციამ იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ მილიარდერთან და მაღალი რანგის ჩინოვნიკთან ერთად იახტაზე ისვენებდა ესკორტ-სააგენტოს თანამშრომელი ნასტია რიბკა.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი