“ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება. გაერთიანების ახალ წევრად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეები“ ოფიციალურად წარადგინეს.

პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება გუდიაშვილის სკვერში მიმდინარეობდა. ამომრჩეველს მორიგი გაერთიანების მიზნები გააცნეს და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სამი მთავარი დაპირებაა ევროპული გზა, 200 000 სამუშაო ადგილი და 1000-ლარიანი პენსია.

სიტყვით გამოსვლისას ალეკო ელისაშვილმა მისი და მამუკა ხაზარაძის შერიგების საკითხზე განმარტება გააკეთა.

„ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით, ჩვენი ერთობით და მოყვარე ძალიან გავახარეთ. პატარა ახსნაც უნდა ამ ამბავს, რადგან გახსოვთ, მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს. შემდეგ ჩვენ ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ ერთმანეთს და ერთმანეთს ვუთხარით, რომ არც ბოდიშების დროა ახლა, ახლა შერიგების და ერთად დადგომის დროათქო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მან და მამუკა ხაზარაძემ საკუთარ თავში ძველი წყენა დაამარცხეს.

„მეც ჩემს თავში და მამუკამაც თავის თავში დავამარცხეთ ის წყენა, რადგან არ გვაქვს უფლება, მარტო იმ ეთერში ვიყოთ ჩარჩენილები და იქ რა საზიზღრობებსაც ერთმანეთს ვეუბნებოდით, იქ დავრჩეთ. არა, ახლა იმის დროა, რომ ერთ მუშტად შევიკრათ და დავიგრგვინოღთ 26 ოქტომბერს და ამათ ვაჩვენოთ, მართლა ვისია საქართველო, ამათ ვაჩვენოთ ერთი, რა ბიჭები და გოგოები ვართ ქართველები. ამიტომ ვდგავარ აქ, იმიტომ ჩამოვართვით მე და მამუკა ხაზარაძემ ერთმანეთს ხელი და ამისთვის ვართ, რომ ბოლომდე უნდა გავიტანოთ და ლელოც დავდოთ, გავიმარჯვოთ და ისევ მხრებში გავიმართოთ, ყველას ვუთხრათ, რომ საქართველო იქნება ძლიერი ყოველთვის“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.