დენი დრინკუოტერი... მშენებლობაზე მუშაობს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ფეხბურთის გულშემატკივარს ეს სახელი და გვარი ახლა არაფერს ეუბნება, მაგრამ დენი დრინკუოტერი ერთ-ერთია „ლესტერის“ იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც 2016 წელს სასწაული მოახდინეს და ინგლისის ჩემპიონები გახდნენ. მაშინ გუნდმა „მანჩესტერ სიტი“, მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და არსენალი“ მოიტოვა ზურგს უკან, დრინკუოტერი კი, „ლესტერის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ, ეს ფეხბურთელი „ჩელსიმ“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა, მერე კი... დენი ლონდონური კლუბიდან, 2020 წელს, „ბარნლიში“ გაანათხოვრეს, მერე - „ასტონ ვილაში“, მერე - თურქულ „ქაზიმფაშაში“, მერე „რედინგში“ და 2022 წელს, მან კარიერაც დაასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დრინკუოტერმა 3 მატჩი ჩაატარა.

იმავე წელს, მან ინგლისში ლუდის ბარი იყიდა, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ საქმეები კარგად ვერ აეწყო, გაკოტრდა და ფული სხვა ბიზნესში ჩადო, სადაც ასევე არ გაუმართლა, მერე კიდევ სხვა ბიზნესში სცადა ბედი, მერე კიდევ და... მიმდინარე წლის დასაწყისში, დრინკუოტერი მიხვდა, რომ დანაზოგი ამოეწურა და მუშაობა გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, მან სამსახური მშენებლობაზე იშოვა და ახლა იქ რიგით მუშად შრომობს.

„მე ამის არ მრცხვენია. მთელი ცხოვრება საკუთარი, პატიოსანი შრომით ვშოულობდი ფულს და ახლაც ასეა“, - აცხადებს დრინკუოტერი და როგორ არ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ლეგენდარული მაიკ ტაისონი, ბუღალტრებმა ისე მოატყუეს, რომ 300-მილიონიანი ქონების პატრონი, ახლა რაღაც შოუეებში მონაწილეობს, გადასახადების გადახდა რომ მოახერხოს და... ტაისონი ლეგალურად მოყვანილ „მარიხუანასაც“ ჰყიდის.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე