12 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის ჯარები კურსკის ოლქის 40 დასახლებაში მოქმედებდნენ - ISW

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რეალობას არ ასახავს რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადება, რომ უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაიკავეს 28 დასახლებული პუნქტი და საზღვრის 40-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს დაახლოებით 12 კილომეტრით.

ეს მონაცემები სმირნოვმა 12 აგვისტოს წარუდგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან მოქმედებენ.

ISW-ის ექსპერტები საჯაროდ გავრცელებული ცნობების და გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე წერენ, რომ 11 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინელი სამხედროები მოქმედებდნენ კურსკის ოლქის 29 დასახლებულ პუნქტში, ხოლო 12 აგვისტოს - 40-ში. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სულ ახლახან უკრაინის ძალები საზღვრიდან 24 კილომეტრის სიღრმეში იყვნენ.

ISW-ს ეჭვი ეპარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის განცხადებაშიც, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ დაახლოებით 1000 კმ²-ს. ამერიკელი ანალიტიკოსები არ მიიჩნევენ, რომ უკრაინის ძალები წინსვლის გაცხადებული მასშტაბის ფარგლებში მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ.

12 აგვისტოს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 24 წლის წინ, რუსეთში პუტინის მმართველობის დაწყების სიმბოლო იყო ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის” კატასტროფა და დღეს ფინალი ისევ იქნება კურსკი - პუტინის ომის კატასტროფა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა სხვებს მოუტანა ომი, რომელიც ახლა სახლში უბრუნდება.

რუსეთის პრეზიდენტად პუტინის პირველად არჩევიდან რამდენიმე თვეში, 2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში წვრთნებისას კატასტროფა განიცადა ატომურმა წყალქვეშა ნავმა, სახელად „კურსკი”. დაიღუპა ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი.

უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში შექმნილი სიტუაციის გამო 12 აგვისტოს მოსკოვში გამართულ თათბირზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა ისევ პროვოკაციაში დაადანაშაულა და „ღირსეული პასუხით“ დაემუქრა. პუტინის განცხადებით, კიევის პროვოკაცია მიმართულია მომავალი მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებისკენ, თუმცა აზრს მოკლებულია კონტაქტი მთავრობასთან, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას უტევს.

რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.