ტიმ უოლზი - ვინ აირჩია მეწყვილედ კამალა ჰარისმა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორკვირიანი განხილვის შემდეგ კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მეწყვილე ტიმ უოლზი იქნება - მინესოტის 60 წლის გუბერნატორი.

დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ მხიარული, მაღალფარდოვანი ფრაზების გარეშე მოლაპარაკე ეროვნული გვარდიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელი დაეხმარებათ იმ შტატების მოგებაში, სადაც არჩევნების ბედი გადაწყდება.

ვინ არის ტიმ უოლზი?

ტიმოთი ჯეიმს უოლზი 1964 წლის 6 აპრილს ნებრასკაში დაიბადა და იმავე შტატში, 400-კაციან ქალაქ ბუტში გაიზარდა.

„რომ ვიზრდებოდი, ზაფხულობით ოჯახის ფერმაში ვმუშაობდი“, - გაიხსენა უოლზმა 6 აგვისტოს ფილადელფიაში, როცა კამალა ჰარისმა მისი კანდიდატურა მხარდამჭერებს წარუდგინა.

17 წლის ტიმ უოლზი კორეის ომის ვეტერანი მამის რჩევით ეროვნულ გვარდიაში ჩაირიცხა, სწავლის დასრულების შემდეგ კი მასწავლებლობას მიჰყო ხელი.

„მამაჩემი მასწავლებელი იყო. ჩემი და, ძმები და მეც მის გზას გავყევით. უი, ოთხიდან სამმა მასწავლებლებზე ვიქორწინეთ“, - თქვა უოლზმა ფილადელფიაში გამოსვლისას.

ის 20 წელი ასწავლიდა მინესოტის შტატის პატარა ქალაქ მანკატოს სკოლაში და პარალელურად, სკოლის (ამერიკული) ფეხბურთის გუნდს წვრთნიდა.

2005 წელს გადაწყვიტა, რომ პოლიტიკაში ეცადა ბედი და აშშ-ის კონგრესის არჩევნებში იყარა კენჭი. მინესოტის პირველ ოლქში, სადაც 1892 წლის შემდეგ მხოლოდ ერთ დემოკრატს ჰქონდა მოგებული, უოლზი მოქმედ რესპუბლიკელ კონგრესმენს დაუპირისპირდა.

2006 წლის არჩევნებზე ტიმ უოლზმა დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელიც მეშვიდედ იყრიდა კენჭს, თავად კი ექვსი ვადით დარჩა წარმომადგენელთა პალატაში.

2017 წელს ვაშინგტონიდან მინესოტაში დაბრუნება გადაწყვიტა და მომდევნო წელს, შტატის გუბერნატორის არჩევნებში 11%-იანი სხვაობით დაამარცხა რესპუბლიკელი მოწინააღმდეგე. 2022 წელს ოდნავ მცირე სხვაობით ტიმ უოლზი მეორედ აირჩიეს მინესოტის გუბერნატორად.

გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას უოლზი დემოკრატებისთვის დამახასიათებელ დღის წესრიგს მისდევდა - მის ინიციატივებს შორის იყო უფასო კვება სკოლებში, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებელი ნაბიჯები, საშუალო კლასისთვის გადასახადების შემცირება და დასაქმებულებისთვის ანაზღაურებადი შვებულების გახანგრძლივება.

ეპიზოდი, რომლის გამოც უოლზი უთუოდ დაიმსახურებს რესპუბლიკელების კრიტიკას, 2020 წლის გამოსვლებია, რომლებიც მინეაპოლისის პოლიციის ოფიცრის მიერ შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის დახრჩობას მოჰყვა.

ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, მინესოტა და დანარჩენი ამერიკა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, რომლებიც რიგ შემთხვევებში ძალადობაში გადაიზარდა. ოპონენტები ამბობენ, რომ უოლზმა ქუჩებში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიის გამოყვანა დააგვიანა, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეები და ბიზნესი დააზარალა. უოლზი და მისი გუნდი ამბობს, რომ რაც შეეძლოთ, ყველაფერი იღონეს მაშინდელ კრიზისთან გასამკლავებლად.

კონგრესში ყოფნისას, ტიმ უოლზი მხარს უჭერდა დემოკრატების ძირითად საკითხებს, როგორიც იყო საყოველთაო ჯანდაცვა და ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება, თუმცა ჯამში მაინც ცენტრისტ პოლიტიკოსად იყო მიჩნეული.

რატომ უოლზი?

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, დემოკრატების ბანაკში მთავარი ინტრიგა ის იყო, ვის შეარჩევდა მეწყვილედ ახალი კანდიდატი.

რამდენიმე ვარიანტიდან, რომლებსაც მედია აქტიურად განიხილავდა, ყველა თეთრკანიანი მამაკაცი იყო.

„[კამალა] ჰარისი პრეზიდენტობისთვის არატიპური კანდიდატია. ქალია, თეთრკანიანი არაა და ამიტომაც, ისეთი ვინმე ენდომებოდა, ვინც ამას დააბალანსებდა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჰანს ნოელი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი.

პირველ ეტაპზე, ტიმ უოლზი მათ შორისაც არ განიხილებოდა. მისი ვიცე-პრეზიდენტად დასახელების დღეს გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, რომ ამერიკელების 71%-მა არ იცის, უოლზი ვინაა - ექვსმილიონიანი შტატის გუბერნატორობა 335-მილიონიან ქვეყანაში პოპულარობისთვის საკმარისი როდია.

ამის მიუხედავად, უოლზი დემოკრატების ფავორიტად ერთი სატელევიზიო გამოსვლით, ანდაც ერთი ფრაზით იქცა, რომლითაც დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვანსი 23 ივლისს, MSNBC-ის დილის გადაცემაში შეამკო:

„არ მოგვწონს, რაც ხდება, როცა მადლიერების დღის სადილზე ვერ წავსულვართ ბიძასთან ერთად, იმიტომ, რომ რაღაც უცნაურ კამათში უნდა მოყვე, რომელიც არაფერშია საჭირო.

არა, მართლა. უბრალოდ უცნაურია ეს ხალხი [რესპუბლიკელები]“.

მომდევნო დღეებში ოპონენტებთან მიმართებით სიტყვა „უცნაური“ დემოკრატების ყველა ლიდერს პირზე ეკერა, სოციალურ ქსელებში კი რესპუბლიკელებს თავის მართლება უწევდათ, რომ „უცნაურები“ ისინი კი არა, დემოკრატები იყვნენ.

„ბოლო კვირების განმავლობაში, მან გამოავლინა, რომ ძალიან ეფექტური კომუნიკატორია და ისეთი ვინმე ჩანს, ვინც კამპანიისას თავისიანების გზავნილის გადმოცემას ძალიან ეფექტურად შეძლებს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჯოელ გოლდსტეინი, მისურის სენტ ლუისის უნივერსიტეტის პროფესორი.

დემოკრატიულ პარტიაში იმედი აქვთ, რომ სკოლის მასწავლებელი, გვარდიის ვეტერანი, ფეხბურთის მწვრთნელი, მონადირე და იარაღის მფლობელი დაეხმარებათ ბოლო წლებში მათზე გულაცრუებული ამომრჩევლის მხარდაჭერის დაბრუნებაში.

„პატარა ქალაქიდანაა და რაღაც მხრივ, წარმოადგენს "ჩვეულებრივ კაცს", ისეთ ვინმეს, ვინც საკუთარ თავს სხვებს დაუკავშირებს და ვისაც უამრავი სხვა ამერიკელი დაუკავშირებს თავს“, - ამბობს ჯოელ გოლდსტეინი.

როგორც გამოკითხვები აჩვენებს, არჩევნების ბედი ცენტრალურ ამერიკაში გადაწყდება, იმ შტატებში, რომლებზეც ხშირად გაიგებთ, რომ „სანაპიროების ელიტებმა“ მიივიწყეს.

ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი პოლიტიკოსია უოლზის უშუალო მეტოქე, დონალდ ტრამპის მეწყვილე, ჯეი დი ვანსიც. უოლზის მსგავსად, ისიც პატარა ქალაქში გაიზარდა, სადაც გაჭირვებასა და უამრავ სხვა პრობლემასთან უწევდა გამკლავება. მოგვიანებით, ვანსმა მშობლიურ ქალაქში გატარებულ ცხოვრებასა და იქაურ პრობლემებზე წიგნი დაწერა, რომლის მეშვეობითაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი. თუმცა ფილადელფიაში გამოსვლისას, ტიმ უოლზი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა:

„ყველა ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად, ვისთან ერთადაც ამერიკის შუაგულში გავიზარდე, ჯეი დიც იელში [აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი - რ.თ.] სწავლობდა, კარიერა "სილიკონ ველის" მილიარდერებმა დაუფინანსეს და შემდეგ ბესტსელერი დაწერა, სადაც თავისი ხალხი გალანძღა. კარგით, რა, შუაგული ამერიკა ასეთი არაა“.

აქვს კი მნიშვნელობა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს?

სხვა საკითხია, რამდენად შეუძლია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, საპრეზიდენტო ბრძოლაში რაიმე შეცვალოს.

„ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა არ აქვს, მაგრამ გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თავის მშობლიურ შტატში“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჰანს ნოელი.

იმის გამო, რომ ტრამპსა და ჰარისს შორის გამოკითხვებში სხვაობა მინიმალურია, დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენამდე ელოდნენ, რომ კამალა ჰარისი მეწყვილედ რომელიმე მერყევი შტატის წარმომადგენელს დაასახელებდა, მაგალითად, პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროს ან არიზონის სენატორ მარკ კელის.

მართალია, მინესოტაში 2020 წელს ტრამპმა სულ მცირედით წააგო ბაიდენთან, თუმცა ამჯერად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჰარისს იქ უკეთესი შანსები აქვს. მეწყვილედ უოლზის არჩევა, წესით, გაამყარებს მის პოზიციებს.

ჯოელ გოლდსტეინი კი ამბობს, რომ კანდიდატებს შორის ასეთი მცირე განსხვავების ფონზე, ის სულ მცირე გავლენაც შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლზის არჩევას ექნება.

„განსხვავება შეიძლება მინიმალური იყოს, მაგრამ ჩვენთან ბევრი არჩევნების ბედს მინიმალური სხვაობა წყვეტს.

საარჩევნო კოლეგიის სისტემით კი სწორედ ამ საკვანძო შტატების შედეგია მნიშვნელოვანი და არა ის, ვინ მიიღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტ ხმას. ამდენად, თუ გუბერნატორი უოლზი შეძლებს ზოგიერთ მერყევ შტატში ამომრჩევლების დარწმუნებას, ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაშიც, თუ ძალიან ცოტა ადამიანი მისცემს ხმას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის გამო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯოელ გოლდსტეინმა.

 

წყარო: " რადიო თავისუფლება"