"სრული განუკითხაობა" - ოჩამჩირეში მილიციამ ბრალდებული სასამართლოდან გაიტაცა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოჩამჩირის რაიონული სასამართლოდან მილიციამ, პროკურატურის წარმომადგენლებთან ხელჩართული ბრძოლის შემდეგ, ბრალდებული გაიტაცა. მოსახლეობას დამნაშავეთა დასჯის იმედი არ აქვს.

მილიციელებმა სასამართლოს განაჩენის გამოცხადებაც კი არ აცალეს და, როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ბრალდებული ალმას ვოუბა სასამართლოს შენობაშიც არ შეუშვეს. გატაცებული ბრალდებული ბოლოს მილიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელოდებიან ახალი ინფორმაციის გაგებას, მაგრამ დეტალები არ ხმაურდება. სოციალურ ქსელებში სხვა მსგავსი ფაქტების შესახებაც წერენ.

სრული განუკითხაობაა, სრული ქაოსია

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამარხებზე გავრცელდა. ვიდეომასალაში, რომელიც სააგენტო «Аиашара»-მ გამოაქვეყნა, ჩანს მილიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილებს უპირისპირდება.

ხმაურში ისმის ქალის მოწოდებები რუსულ ენაზე - „შეჩერდით“, „გაუშვით“, „წყნარად“.

მილიციელების შეჩერება ვერავინ შეძლო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვოუბა სასამართლოს კართან, პირდაპირ პროკურატურის წარმომადგენლებს გამოგლიჯეს ხელიდან.

  • ბრალდებულ ვოუბას ე.წ. პროკურატურა სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდა და სასამართლოზე დაკავებულისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
  • მაგრამ ოჩამჩირის ე.წ.-მა მილიციამ ბრალდებულთან ანგარიშსწორება თავად გადაწყვიტა, სასამართლოსა და პროკურატურის უფლებების სრული იგნორირებით.

 

„ჰყავთ [ოჩამჩირის რაიონულ მილიციაში] მე-4 სართულზე. ვოუბას ნათესავებმა არაფერი იციან მისი მდგომარეობის შესახებ, რადგან მასთან შესვლის უფლებას არ აძლევენ ადვოკატებს“, - წერდა «Аиашара“ 31 ივლისს.

იმავე დღეს, მოგვიანებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, ანას ქიშმარიამ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ „ადვოკატი დაკავებულთან დაუშვეს და მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა".

„სრული განუკითხაობაა“, - წერენ კომენტატორები სოციალურ ქსელებში. კომენტარების შინაარსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საერთო მძიმე სურათსაც ხატავს:

  • "რას უნდა მოელოდე მათგან, ვინც ნარკოტიკებს საკუთარ ხალხზე ასაღებს".
  • "წაიყვანეს, რომ მერე ჯგუფურად სცემონ განყოფილებაში,

რას დაამსგავსეს ქვყანა, სრული ქაოსია".

  • "ვთქვათ, რომ ძველბიჭურად ვცხოვრობთ და ნუ მოგვაქვს თავი, რომ თითქოს კანონს ვემორჩილებით".
  • "ასეთები სჭირდებათ სისტემაში და ასეთებს ასაქმებენ".
  • "სრული დეგრადაცია".
  • "არავინ იცის თავისი უფლებები, რაღაც ბრძოლაა წესების გარეშე".
  • "არეულობაა ყველგან და ყველაფერში".
  • "მთლად ჭკუიდან შეიშალნენ. ფსკერი".
 

მილიცია ხელშეუხებელია

ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში მედიას უთხრეს, რომ საქმის აღძვრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მათ საჩივრით მიმართავენ. შედეგად, 31 ივლისის შემდეგ, შიდა მოკვლევაც არ იყო დაწყებული.

დუმს ე.წ. უზენაესი სასამართლოც.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჩამჩირელი მილიციელების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი დაადასტურეს და ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ ე.წ. მინისტრის, რობერტ კიუტის მიერ „დანიშნულია სამსახურებრივი შემოწმება“ და, რომ ამ შემოწმებას „საკუთარი უსაფრთხოების სამსახური“ აწარმოებს.

ხალხი სოციალურ ქსელებში კითხულობს - რა არის ეს „საკუთარი უსაფრთხოების სამსახური“?

დამნაშავეთა დასჯის იმედი არავის აქვს.

«Аиашара» მილიციის თავგასულობის სხვა არაერთ შემთხვევას იხსენებს, რომელთა გამოც საერთოდ არავინ დასჯილა.

  • სოხუმის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, ალფრედ ნარმანიამ დაკავებულს პირდაპირ სასამართლოს დარბაზში სცემა, ჩაშალა სასამართლო პროცესი და ბრალდებული მილიციის განყოფილებაში გადაიყვანა;
  • იმავე ალფრედ ნარმანიამ სხვა დაკავებულს პროკურატურაში, დაკითხვის დროს სცემა;
  • მილიციის სხვა თანამშრომლები დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ განყოფილებაში და მთელი ეს მოქმედებები ტელეფონით გადაიღეს.

 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ახლო წარსულში მილიცია ასე ცდილობდა მისი ძმის გატაცებასაც, სასამართლოს დარბაზიდან მისი გათავისუფლების შემდეგ და შემთხვევას შეტაკებაც მოჰყვა, ხოლო ვითარების მათ სასარგებლოდ შეტრიალება მხოლოდ მედიის ჩარევის შედეგად მოხერხდა. დასჯით კი არავინ დასჯილა.

იხსენებენ აპრილში არასრულწლოვნის სასტიკად ცემის ფაქტსაც.

ბოლო პერიოდში ოჩამჩირე ხმაურის ეპიცენტრია.

ხმაური იყო ასევე 19 ივლისს, როცა „აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებმა ოჩამჩირეში საზოგადოებრივი შეკრება დაგეგმეს.

მაშინ ოჩამჩირიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მილიცია მომიტინგეებს შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდა. იყო უხეში ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირებაც.

მიტინგის მონაწილეები სამართალდამცველებს „აფხაზეთის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების“ მიმართ უპატივცემლობაში სდებდნენ ბრალს და საპირისპიროსკენ ყვირილით მოუწოდებდნენ.

ეს დღე სოციალურ ქსელებში ბოლო ინციდენტის შემდეგაც გაიხსენეს. ოჩამჩირის მილიციას ლამის „სამოქალაქო ომის“ პროვოცირებაშიც სდებენ ბრალს.

ფართოდ გაშლილი საპროტესტო აქციების ფონზე დე ფაქტო პარლამენტიდან „აპარტამენტების კანონი“ ინიციატორმა დეპუტატებმა უკან გაიწვიეს.

ვინ შეიძლება იყოს ალმას ვოუბა?

„ეხო კავკაზა“ იხსენებს მაისში აფხაზეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ მარკულას მკვიდრს - ალმას ვოუბას კრიპტოვალუტის მაინინგის ხუთი აპარატი წაართვეს. თუმცა ჯერჯერობით კვლავ შეუძლებელია გადამოწმება - ეს იგივე ალმას ვოუბაა თუ არა.

რუსეთის სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ვოუბას 5 აპარატის გარდა, მაისში ჩატარებული რეიდის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მფლობელებს კრიპტოვალუტის კიდევ 18 აპარატი წაართვეს: 13 - ბიჭვინთაში, სასტუმრო „რივიერას“ დამხმარე მეურნეობის ტერიტორიაზე და კიდევ 5 - გაგრაში.

მაინინგი აფხაზეთში ხშირად ხდება დაპირისპირების საგანი, რადგან ოკუპირებული ტერიტორია ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, დენის განაწილება ხშირად გრაფიკით უწევთ - ხოლო კრიპტოვალუტის გამომუშავება ელექტროენერგიის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ამასთან, რაც ეკრძალებათ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, ხშირად არალეგალურად ნებადართულია მსხვილი და გავლენიანი ჯგუფებისთვის.

 

წყარო: "რადიო თავისუფლება"