შოვი - გამქრალი კურორტი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. კურორტის ადგილას ახლა ქვა-ღორღის გორები დგას და ირგვლივ უზარმაზარი ლოდები ყრია. 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება. გამოძიება კი ჯერაც არ დასრულებულა.


შორიდან ქვებით დაფარული დიდი თეთრი სივრცე მოჩანს. თუ სტიქიის შემდეგ აქ ფეხი არ დაგიდგამს, ვერც მიხვდები, რომ ერთი წლის წინ, ამ ადგილას, უზარმაზარი ნაძვებით და ფიჭვებით დაფარული, მწვანე მინდორი იყო - კურორტი შოვი.


ჩვენი „მარგალიტი“ იყო. ჩვენი „სამოთხე“, ჩვენი „დედოფალი“, - დღემდე ასე ამბობენ ზემო რაჭაში შოვზე, კურორტზე ზღვის დონიდან დაახლოებით 1600 მეტზე, რომლის ისტორიაც, დაახლოებით, 100 წლის წინ იწყება: სწორედ მაშინ გადაწყვიტა ვენაში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სიმონ (შანშე) ლეჟავამ რაჭაში კურორტი გაეკეთებინა.

 

ახლა აქ სიჩუმე და სიცარიელეა. მხოლოდ მთის ჩქარი მდინარის ხმა ისმის. შოვის სტიქიას გადარჩენილები, დღესაც იხსენებენ, რომ ვინც მაშინ მდინარესთან ახლოს იყო, მათკენ მომავალი ღვარცოფის ხმა მხოლოდ ბოლო წამებში გაიგეს.


თუ ყოფილი კურორტის ტერიტორიას სიმაღლიდან გადახედავ, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც შარშან ამ დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი იდგა, გეგონება, რომ მიწის გადასწორებულ ზედაპირს ხედავ, რომელსაც უცებ გადაირბენ - ეს ის ადგილია, სადაც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილი ღვარცოფის შემდეგ თვეების განმავლობაში ეძებდნენ დაღუპულებს.

მაგრამ უახლოვდები და ხედავ, რომ ღვარცოფისგან დატოვებული და მთიდან ჩამოტანილი ტალახის, ქვების, ხეებისა და სხვა ნარჩენების გაქვავებულ ბორცვებს შორის დგახარ - სიარული ძალიან რთულია, აქ დიდხანს მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ყველაფერი გადათხრილია. თუ რომელიმე ბორცვის წვერზე არ დადექი, ირგვლივ ვერაფერს ხედავ.


ეს სტიქიის კვალია, რომელიც შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. მშვიდ, მზიან ამინდში - დამსვენებლების ნაწილი კოტეჯებში იყო, ნაწილი - კურორტის ტერიტორიაზე სეირნობდა, ნაწილს ღვარცოფი ხიდზე დაეწია, ნაწილს კი - „მჟავე წყლებზე“. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წამში ღვარცოფი მთლიანად გადაფარავდა ტერიტორიას და 33 ადამიანის სიცოცხლესაც შეიწირავდა.


გარშემო დაყრილ, ფესვიანად მოგლეჯილ ხეებს და უზარაზარ ლოდებს როცა ხედავ, მაშინ ხვდები, რა სიმძლავრის შეიძლება ყოფილიყო დარტყმის ტალღა - რა ძალას შეიძლება ჩამოეტანა ეს ყველაფერი კურორტის ტერიტორიაზე. იქ მდგომს ერთხელ მაინც გაგიელვებს: იგივე რომ მოხდეს? მყინვარი, თითქოს, პირდაპირ თვალებში გიყურებს.

ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან რვა თვის შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაწერა, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და, რომ გაფრთხილების სისტემა სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა.

დასკვნაში წერია, რომ შოვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ძველის ამუშავება დაუშვებელია და, თუ ამ ადგილას სტიქიური პროცესები გასული წლის აგვისტოს მსგავსად მორიგ ჯერზე თავს მოიყრის, ხეობაში შესაძლოა 700 000 მ³ მოცულობის ღვარცოფი გააქტიურდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნა მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ჩატარებული საველე კვლევების შემდეგ ასეთი იყო:

„მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება მოჰყვა. ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა".

ამავე დასკვნით, ღვარცოფული მასა წამში, საშუალოდ, 24 მეტრს ფარავდა. ამ გათვლით ღვარცოფულ ნაკადს შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე 7-10 წუთში უნდა მიეღწია.

ხეობაში მონიტორინგის სისტემა არ მუშაობდა. იქ მანამდე არც კვლევები ჩაუტარებიათ.


ეს ყოფილი „სანსეტ შოვია“ - სტიქიის დროს ტალახის და წყლის მასამ სასტუმრომდე ნაწილობრივ მიაღწია. კომპლექსის ერთ-ერთი შენობის პირველი სართული ამ დრომდე მიწითაა სავსე. ირგვლივ მიტოვებული ნივთები ყრია. და ერთ ადგილას, ნანგრევებში ვარდის ბუჩქი ყვავის. იქ მყოფები გადარჩნენ.

დაკარგულებს დიდხანს ეძებდნენ. მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც - „გლოლი ბიჭები“, როგორც მათ მერე მოიხსენიებდნენ. მათ შორის იყო ილია ბიძიშვილიც. „ეს იყო ჯოჯოხეთი“ - ერთი სიტყვით ასე იხსენებს ილია ერთი წლის წინანდელ ამბავს.

 

„ალბათ, შოვში ვერასოდეს ავალ“, - მეუბნება ეკა გოგლიძე, შოვში დაღუპული ნიკა ჩალაძის ცოლი. ღვარცოფის მოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს მესინჯერში ელაპარაკებოდნენ - დღე-დღეზე, უფროსი ვაჟის დაბადების დღის გადახდას გეგმავდნენ შოვში, მისთვის ველოსიპედი უნდა ეყიდათ და ვარიანტებს განიხილავდნენ. ერთ-ერთ მესიჯზე ნიკამ ეკას პასუხი აღარ დაუბრუნა. მალე კი ხმა გავარდა, რომ შოვში სტიქია მოხდა. ნიკა ჩალაძე ღვარცოფიდან მეჩვიდმეტე დღეს იპოვეს.


გამოძიება ამ დრომდე არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა.


დაზარალებულების ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცეს - მათ მხოლოდ ქუთაისში ჩასვლა და მასალების ადგილზე გაცნობა შეუძლიათ. მიზეზად გამოძიების ინტერესების შესაძლო დაზიანება დაასახელეს. დავით მაისურაძის ადოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერ იგრძნო მომხდარზე იმდენი პასუხისმგებლობაც კი, რომ საზოგადოება მუდმივად ჩაეყენებინა გამოძიების მიმდინარეობის საქმის კურსში. ადვოკატი ამბობს, რომ საქმე დანომრილი და აკინძულიც კი არ არის.

 

შოვის ტრაგედიას გადარჩენილებიც ჰყავს. ლანა ჯელაძე თავის და-ძმებთან, მათ შვილებსა და დედასთან ერთად იყო შოვში გასასეირნებლად ამოსული, როცა ღვარცოფის ტალღამ დაარტყათ და დაახლოებით ოთხი საათი იდგნენ ტალახში - სამაშველო ვერტმფრენის მოლოდინში. „გაყინულ მიწაში ჩაფლულები ვიდექით. ვფიქრობდი, რომ ვკვდები. მკვდარი ვარ“, - იხსენებს ლანა. გადარჩენილებს დაზარალებულების სტატუსი არ მიუღიათ.


შოვის გაქრობამ ყველაზე დიდი გავლენა მაინც სოფელ გლოლასა და მის მოსახლეობაზე მოახდინა. კურორტამდე რომ მიხვიდე, სწორედ სოფელი გლოლა უნდა გაიარო. გლოლას სტიქიამ 13 ადამიანი წაართვა.


წლის ამ პერიოდში, სოფლის გზაზე, წესით, შოვისკენ მიმავალი, ბარგით დატვირთული მანქანები უნდა მოძრაობდნენ. ახლა გზა ცარიელია. დამსვენებელიც კანტიკუნტად მოდის.

„ზოგს ეშინია, - გვეუბნება გლოლელი გულნაზი ბიჭაშვილი, - მაგრამ ცხოვრება გრძელდება, უნდა გავაგრძელოთ“.

სტიქიის დროს დაღუპული ადამიანების გარდა, მსხვერპლი მოჰყვა შოვში სამძებრო სამუშაოებსაც - ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა - შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი სიკვდილის მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.


კურორტ შოვის აღდგენაზე დღეს აღარც არავინ ლაპარაკობს და აღარც ფიქრობს. კითხვას, აღდგება თუ არა კურორტი შოვი, დუმილი მოსდევს. ხალხმა ახლა მხოლოდ ის იცის, რომ შოვში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.


წყარო: რადიო თავისუფლება
ავტორები: ეკა ქევანიშვილი და ილია რატიანი