ტრაგედიით დასრულებული სასიყვარულო სამკუთხედი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთი დაავადებაა, როდესაც თავის ტვინში დარღვეულია ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც გულყრას იწვევს. გულყრის დროს, ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს - გონების დაკარგვის ჩათვლით. შესაძლოა, ეს ეპიზოდური შეტევვა იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი ან წუთი), ან ხანგრძლივი (ძირითადად, კრუნჩხვითი გულყრა). ცნობისთვის, მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს (დაახლოებით, 75 მილიონი ადამიანი) აქვს ეპილეფსია. ასაკის მატებასთან ერთად, გამოვლინების სიხშირეც მატულობს. ახალი შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით ხშირია ჩვილებსა და ასაკოვნებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - გვიან ბავშვობასა და ადრეულ მოზარდობაში, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ჩვილობისა და ბავშვობის ეპილეფსიების გაქრონიკულებულობით (ძირითადად, არასწორი მართვის გამო).

ყველაფერი ეს იმის გამო მოგიყევით, რომ იცოდეთ - ეპილეფსიის მქონე ადამიანი, შესაძლოა, უცაბედად გაითიშოს, კრუნჩხვებში ჩავარდეს და არაადეკვატური ქცევა ჰქონდეს. სწორედ ასეთი, ეპილეფსიით დაავადებული ბიჭი გადმოვარდა თბილისის ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან და გარდაიცვალა. არც მშობლებსა და არც სამართალდამცავებს, არანაირი ეჭვი არ გასჩენიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ის შემთხვევით გადმოვარდა, რომ სახურავზე სწორედ ეპილეფსიური შეტევა დაემართა და თავი ვერ გააკონტროლა. ერთადერთი, ვინც ამას უარყოფდა, მისი ჯარის მეგობარი იყო, ისინი ერთად მსახურობდნენ.

„ჯერ ის მაინტერესებს, როგორ მსახურობდა ეპილეფსიანი ადამიანი ჯარში და მერე კიდევ ის, რატომ გგონიათ, რომ ის გადმოაგდეს?“ - გამომძიებელმა ჯარის მეგობრის დაკითხვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის განყოფილებაში მეათედ მივიდა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მკვლელობის მუხლით ითხოვდა.

„ის ჯარში არ მიჰყავდათ, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ წასულიყო, სამშობლოს სადარაჯოზე მინდა ყოფნა, კაცი რომ ჯარში არ არის ნამყოფი, ის რა კაციაო და შეძლო, ყველა დაერწმუნებინა, რომ გაეშვათ. ორი წელი ერთად ვიმსახურეთ და ამ ორი წლის განმავლობაში, მისი პატრონი მე ვიყავი. ალბათ, ასჯერ მაინც ჰქონდა შეტევა, ყველა შეტევის დროს მის გვერდით გახლდით და მინდა გითხრათ, რომ არცერთხელ, ამ ასი შემთხვევიდან არცერთხელ, კრუნჩხვებში არ ჩავარდნილა. უბრალოდ, გრძნობას კარგავდა, ადგილზე იკეცებოდა და დაახლოებით, 2-3 წუთში აზრზე მოდიოდა. არანაირი გულყრა, კოტრიალი, ან ხელებისა და ფეხების ქნევა - მოცელილი ხესავით ეცემოდა და გაუნძრევლად იწვა. ახლა, იმაზე საუბარი, რომ სახურავზე, სადაც ყოფნა ძალიან უყვარდა, გაითიშა და მერე კოტრიალი დაიწყო, სისულელეა. ის მოკლეს, გაითიშა და გადმოაგდეს. მეტიც, მგონია, რომ ეს ყველაფერი, მისი შეყვარებულის მამამ გააკეთა“, - განაცხადა მეგობარმა.

სხვათა შორის, მშობლებმაც თქვეს, რომ თუ მათ შვილს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, ის კრუნჩხვებში არ ჩავარდებოდა, რადგან მას არც გულყრა ემართებოდა და შეტევის დროს, მხოლოდ გონებას კარგავდა. გამოდიოდა, რომ ის სახურავზე, გადასავარდნ ზოლთან ძალიან ახლოს უნდა მდგარიყო, რაც ასევე გამორიცხული ჩანდა - გარდაცვლილს სიმაღლის ეშინოდა და სახურავზე რომ ადიოდა, მხოლოდ შუაგულში ჩერდებოდა, წვებოდა და ცას შეჰყურებდა. ამბობდა, ასე ცასთან უფრო ახლოს ვარო. ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მშობლებმა განაცხადეს, მათი შვილის სუიციდი იმიტომ დაიჯერეს, რომ შეყვარებულმა მიატოვა, გოგონამ, რომელზეც მას მზე და მთვარე ამოსდიოდა, მაგრამ როგორც კი ბიჭს მისი თანდასწრებით ეპილეფსიის შეტევა დაემართა, გოგონამ გადაწყვიტა, საქმროდ უკეთესი ვინმე შეერჩია. გამომძიებლებმა გოგონას მონახულება გადაწყვიტეს და მას მარტივად მიაგნეს.

„მას შემდეგ, რაც ეპილეფსიური შეტევა დაემართა, უფრო მეტად მომინდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ უკვე თავად იყო უარზე. ყველაფერს აკეთებდა, რომ მე სხვას გავყოლოდი ცოლად, მეუბნებოდა, ასაკის მატებასთან ერთად, ეს დაავადება უფრო გააქტიურდება და განკურნების შანსი არ მაქვსო. ბოლოს ძალიან მეჩხუბა, სახლში მივაკითხე და გამომაგდო. მოიკლავდა თუ არა თავს? არ ვიცი, ამაზე არასდროს არ უსაუბრია, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ იმ დონეზე ვუყვარდი, შესაძლოა, მისგან რომ წავსულიყავი, ეს მოიფიქრა“, - განაცხადა გოგონამ და ისიც დაადასტურა, რომ მამამისი აძალებდა სხვას გაჰყოლოდა ცოლად.

ის სხვა, რომელსაც გოგოს მამა ურიგებდა, ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭი იყო. უფრო სწორად, პერსპექტიული იმიტომ იყო, რომ გოგონას მამას, საკმაოდ გავლენიან და მდიდარ კაცს მოსწონდა სიძედ და საუცხოო მომავალსაც ჰპირდებოდა, ოღონდ საამისოდ, ბიჭს მისი ქალიშვილი უნდა მოეყვანა ცოლად. ისიც ყველაფერს აკეთებდა და როგორც ჩანს, არც თუ ურიგოდ გამოსდიოდა, რადგან გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, პრაქტიკულად, ყოველდღე სტუმრობდა გოგონას, მასთან ერთად სასეირნოდაც მიდიოდა და ავტომობილს სასიმამროსგან თხოულობდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდები ურთიერთობას მალე დააკანონებდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, ძალოვნებმა ის ბიჭიც დაკითხეს, მან მხრები აიჩეჩა, გარდაცვლილი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ბევრს ვერაფერს გეტყვით, ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩემს მიმართ არც აგრესია გამოუხატავს, არც პატივისცემა, უბრალოდ, ამხედ-დამხედა და გამეცალაო. სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, სახურავი კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინათ, ეგებ, წინა დათვალიერების დროს, რაღაც გამორჩათ და ამჯერად, სახურავზე სამის ნაცვლად, ერთბაშად ექვსი მაძებარი ავიდა. სამ წყვილ თვალს ექვსი აშკარად სჯობდა და აკი იპოვეს კიდეც - პიჯაკის ღილი, რომელიც მანამდე ვერავინ შენიშნა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ღილი მკვლელს აწყვეტოდა, მაგრამ ასევე არ იყო მცირე იმის შესაძლებლობა, რომ ღილი ბავშვებს აეტანათ და დავარდნოდათ, ან სხვა ვინმე ყოფილიყო სახურავზე და მას ასწყვეტოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ღილი განყოფილებაში წაიღეს და თან ექსპერტს ანახეს.

„პიჯაკი არ ვიცი, მაგრამ ღილი ძვირფასია და სავარაუდოდ, ის ძვირფას ქსოვილზე იყო დამაგრებული, რადგან მასზე შერჩენილი ძაფის ნაწილაკები მიუთითებს, რომ ქსოვილი აშკარად კარგი და ხარისხიანი უნდა ყოფილიყო. ღილზე ნახევარი თითის ანაბეჭდია, სავარაუდოდ, როცა იკრავდა, ან იხსნიდა მეპატრონე, ანაბეჭდს მაშინ ტოვებდა. ხარისხი ცუდია, მაგრამ თუ ანაბეჭდის პატრონს მომიყვანთ, მე დავამტკიცებ, რომ ღილი მისია“, - განაცხადა ექსპერტმა.

აბა, ღილის პატრონი სად უნდა ეპოვათ, ყოველი შემთხვევისთვის, იმავე კორპუსში მოიკითხეს, ძვირფას პიჯაკს ვინმე ხომ არ ატარებსო და ასეთი ვერავინ გაიხსენეს. ძიება გრძელდებოდა, მაგრამ ისე, რომ დიდი შანსი იყო, საქმე თაროზე შემოედოთ და ისევ თვითმკვლელობის ვერსიას გაჰყოლოდნენ, მაგრამ თავადაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბიჭი თავისით არ გადმოვარდა, ის გადმოაგდეს და ამიტომ, არ სურდათ, მკვლელს დაუსჯელს ევლო. მომდევნო კვირა ისე გავიდა, ახალი ვერაფერი გაიგეს, ძიებამ წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია, მაგრამ გამომძიებლები საქმის დახურვას არ ჩქარობდნენ. კიდევ ორი დღე გავიდა და ერთ-ერთი ოპერ-მუშაკი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ძიებაში, გამომძიებლის კაბინეტში კი არ შევიდა, შევარდა.

„დღეს მეუღლესთან ერთად კინოთეატრში ვიყავი, დღის სეანსზე, საღამოს ცვლაში ვარ და მაგიტომ. იმ გარდაცვლილი ბიჭის აწ უკვე ყოფილი საცოლე და მისი საქმრო შეგვეჩეხნენ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და ბიჭს პიჯაკის ღილებზე დავაკვირდი, რადგან აშკარად ძვირფას პიჯაკს, სხვადასხვა ღილი ჰქონდა, ორი ერთნაირი, მესამე კი თითქმის ისეთი, მაგრამ თითქმის ფერი იყო უფრო ღია. რაც მთავარია, დანარჩენი ორი ღილი ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ სახურავზე ვიპოვეთ“, - ერთ ამოსუნთქვაში თქვა ოპერმა.

გამომძიებელი ჩაფიქრდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა. მან ხომ ყველას ალიბი გადაამოწმა, გარდა იმ ბიჭისა და როგორც ჩანდა, სულ ტყუილად. ის განყოფილებაში დაიბარეს და როცა დაინახეს, რომ სხვა პიჯაკით მივიდა, მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. რა თქმა უნდა, ნივთი ამოიღეს და ექსპერტიზამაც დასკვნა მალე დადო - ღილი აღნიშნულ პიჯაკს ეკუთვნოდა და ეს არა მარტო ღილებით დამტკიცდა, არამედ, ნაპოვნ ღილზე შერჩენილი ქსოვილის ნაწილაკებითაც. დაკავებული თავიდან ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ როცა უტყუარი მტკიცებულებები დაუდეს წინ, იძულებული იყო, აეხსნა, რას აკეთებდა სახურავზე.

„მე თავად მან დამიბარა იქ სასაუბროდ. მივედი და მითხრა, იმ გოგოზე ვგიჟდები, ცოლად არ მოვიყვან, არ დავტანჯავ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერც შენ მოიყვანო, რადგან არ იმსახურებო. მე გავბრაზდი, ვიკამათეთ და ამ დროს გონება დაკარგა, გაითიშა. დაახლოებით, 2 წუთი ვცდილობდი, აზრზე მომეყვანა, მერე კი... მერე... ახლაც არ ვიცი, როგორ დამემართა, რა ეშმაკი შემიჩნდა, მაგრამ კიდისკენ გადავაგორე, ავწიე და გადმოვაგდე. იქაურობა მალე დავტოვე, შინ რომ მივედი, მაშინ აღმოვაჩინე ღილი რომ მაკლდა, მაგრამ უკან დაბრუნების შანსიც არ იყო. ჯერ ერთი, იქ უკვე სამართალდამცავები მუშაობდნენ და მეორეც - შემეშინდა. თუ ღილი საპოვნელი იყო, უკვე იპოვიდნენ, თუ არადა, გადავრჩებოდი“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გოგო კი, რომელიც მას უნდა შეერთო, მამამისმა მომხდარიდან სამ თვეში გაათხოვა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე