როგორ ცდილობდა ძმა ძმის მოცილებას

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 დავა ქონებისთვის და დედმამიშვილისთვის დაგებული კრიმინალური ხაფანგი

 სოციალურ სიდუხჭირეს ნუ დააბრალებთ, ეს ყველა ქვეყანაში ხდება, როცა საქმე ქონების გადანაწილებას ეხება. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად დაიწყო. განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მის საქმროს თავს დაესხნენ და მოკვლა სცადეს. დაზარალებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და რაღა თქმა უნდა, გამომძიებლებიც სწორედ იქ წავიდნენ.

 

„ეს კაცი ღამით მოიყვანეს, როგორც თავად თქვა, მაღაზიასთან იდგა, საცოლეს ელოდა, რომელიც მაღაზიაში რაღაცის საყიდლად იყო შესული. ამ დროს, საიდანღაც მანქანა გამოვარდა, ტროტუარზე ავარდა, კაცს მუხლზე დაარტყა და მიიმალა. უფრო ზუსტად, ეს კაცი ამტკიცებს, გვერდზე გავხტი, თორემ გადამივლიდაო“, - სულ ეს იყო, რაც ექიმმა სამართალდამცავებს უთხრა.

რაც შეეხება დაზარალებულს, მას ახალი არაფერი დაუმატებია. მუქი ფერის ავტომობილი ოყო, ნომერი არ დამიმახსოვრებია და არც  მძღოლის სახე დამინახავსო. რაც შეეხება საცოლეს, ის მაღაზიაში შევიდა, კაცი სიგარეტს ეწეოდა და ამიტომ არ შეჰყვა, ყველაფერი კი წამებში მოხდა. ექიმი ადასტურებდა, რომ დარტყმა მართლაც ძლიერი იყო და მანქანას მუხლს ზემოთ ანუ წელის არეში რომ დაერტყა, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგი დამდგარიყო. როგორც დაზარალებული ამბობდა, მას კარგი სამსახური ჰქონდა, დაწინაურების პერსპექტივით და ამიტომ, ეჭვი ჰქონდა, რომ შესაძლებელი იყო, რომელიმე თანამშრომელს ჰქონოდა სურვილი მოეკლა, რათა მისი ადგილი დაეკავებინა. ერთი შეხედვით, ეს არარეალური გახლდათ, მაგრამ თანამშრომლების შემოწმება მაინც გადაწყდა. ამასთან, გამოძიებამ მთლიანად მისი ოჯახის შემოწმება გადაწყვიტა, თუმცა ბევრი საინტერესო ამ მიმართულებით აშკარად არ ჩანდა. მას ერთი ძმა ჰყავდა, დედა გარდაცვლილი იყო და ეტლში მყოფ მამას სწორედ ძმა უვლიდა. მოხუცმა შვილის თავს გადამხდარი ისტორია იცოდა და თავს ნერვიულად აქნევდა, სულ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მისი ნიჭის შეშურდებოდათო. ექიმების ვარაუდით, მოხუცს დაახლოებით სამი თვე ჰქონდა დარჩენილი და უმცროსი შვილი ყველაფერს აკეთებდა, მამისთვის ბოლო დღეები რომ შეემსუბუქებინა. აი, სამსახურს რაც შეეხება...

„უსინდისოა ეგ კაცი, დაზარალებული კი არა. სამსახურში ძმაკაცმა მოიყვანა და როცა საქმე საქმეზე მიდგა, ძმაკაცი ჩაუშვა, სამსახურიდან გააგდებინა, მის ადგილზე მოჯდა და ახლა დაწინაურებისთვის იბრძვის. ვინმე მოკვლას ეცდებოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მისი სიკვდილი რომ არავის ეწყინებოდა, ეს ნაღდია“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სანამ გამომძიებლები დაზარალებულის გარემოცვის შესწავლას აგრძელებდნენ, საავადმყოფოდან მორიგი, საგანგაშო ამბავი მოვიდა - მამაკაცის მოკვლა კლინიკაშიც სცადეს. უფრო კონკრეტულად კი, წვენში, რომელიც მას საცოლემ მიუტანა, საწამლავი აღმოჩნდა.

„პაციენტმა თავი ცუდად იგრძნო, მერე გული აერია, მერე - გრძნობა დაკარგა და ამის შემდეგ სასწრაფოდ ანალიზები ავუღეთ, შესაბამისი პროცედურები ჩავუტარეთ და შეიძლება ითქვას, გადავარჩინეთ. უფრო ზუსტად კი, ის საავადმყოფოში რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გადარჩებოდა, საავადმყოფოში კი, ნებისმიერი დილენანტიც კი მოახერხებდა მისთვის კუჭის ამორეცხვასა და დიდი ოყნის გაკეთებას. მერე ვკითხეთ, რა მიიღო და გვითხრა, მხოლოდ წვენი დავლიეო და ის წვენი დილით საცოლემ მოუტანა“, - ასეთი იყო ექიმის განცხადება.

რა თქმა უნდა, სამართალდამცავები, პირველ რიგში, საცოლის ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ, მაგრამ მისი დანაშაულში მონაწილეობა თავად დაზარალებულმა გამორიცხა, აქაოდა, წვენი კი მან მოიტანა, მაგრამ, გაუხსნელი იყო და მხოლოდ მაშინ გავხსენი, როცა წავიდაო. სასმელი შუშის ჭურჭელში იყო, რკინის თავსახურით და ძალიან ძნელი იქნებოდა, იქ შხამი შეუმჩნევლად შეეშვათ. შესაბამისად, გოგონას მონაწილეობა გამოირიცხა, თუმცა დაზარალებულმა თქვა, როცა სასმელი მოვსვი, არაფერი მიგრძვნია, მერე ჯერ ექთანი შემოვიდა პალატაში, მის შემდეგ - ჩემი ძმა და აი, ძმა რომ წავიდა და წვენი ისევ რომ დავლიე, ცუდად მაშინ გავხდიო. გამოდიოდა, რომ საწამლავი ბოთლში ექთანმა, ან ძმამ ჩაყარა, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა ერთს, ან მეორეს ამის გაკეთება? ექიმმა ექთნის მონაწილეობა გამორიცხა, წლებია ჩვენთან მუშაობს და მეეჭვება, რაიმე ინტერესი ჰქონოდაო, აი, ძმას კი... როგორც გაირკვა, მამა ბინას უფროს შვილს უტოვებდა და უმცროსს ყველაფრის გარეშე ტოვებდა. ძმის სიკვდილის შემთხვევაში კი, ბინა მას დარჩებოდა, რადგან უფროს ძმას, არც ცოლი ჰყავდა (ჯერჯერობით), არც შვილი. ამასობაში, გამომძიებლებს იმ საწამლავის სახელიც წამოეწიათ, რომელიც ბოთლში იყო ჩაყრილი. ძალოვნები დაზარალებულის ძმას სახლში დაადგნენ და როცა მისვლის მიზეზი უთხრეს, მან მხრები აიჩეჩა, სულ რაღაც 3-4 წუთით შევედი, მისვლა თავად მთხოვა, იმ მაისურის მიტანა დამავალა, რომელიც წლებია, ჩვენთან დევს და არ მოუკითხავსო. როცა ჰკითხეს, რა ეცვა, როცა კლინიკაში იმყოფებოდა, საკიდზე დაკიდებული პიჯაკი და ჯინსის შარვალი დაანახა. პიჯაკის ჯიბეში ძალოვნებმა რაღაც ფხვნილის ნაწილაკები ნახეს, რომელიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს და... ექსპერტიზას არ გასჭირვებია იმის დადგენა, რომ ჯიბეში აღმოჩენილი საწამლავი წვენში ჩაყრილის იდენტური იყო. უმცროსი ძმა დააკავეს და ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოტივი კი... მოტივი ადვილი მისახვედრი იყო - მას სურდა, რომ მამისგან სამოთახიანი ბინა დარჩენოდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ძმის მკვლელობა, სწორედ ძმამ სცადა და ის დააკავეს, თუმცა...

„აქ ერთი საინტერესო დეტალია, უფრო სწორად, ძალიან საინტერესო. მაშინ, როცა დაზარალებულის მოკვლა მანქანით სცადეს, მთავარი ეჭვმიტანილი სახლში იყო და ამას მამა ადასტურებს, ის მამა, რომელიც მზად არის, შვილზე უარი თქვას იმის გამო, რომ ძმის მკვლელობას აპირებდა. რა გამოდის? საწამლავი მან ჩაუყარა და ავტომობილით სხვა დასდევდა მოსაკლავად? ლოგიკაში არ ჯდება ყველაფერი ეს“, - თქვა გამომძიებელმა და სხვებიც დაეთანხმნენ.

სამართალდამცავებმა იმსჯელეს და 48 საათის გასვლის შემდეგ, სასამართლოს მთავარი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თხოვნით მიმართეს, თანაც გირაო მხოლოდ ორი მეგობრის თავდებობით შემოიფარგლებოდა და თანხა არ იყო გადასახდელი. ამ გადაწყვეტილებამ ყველა გააოცა, მაგრამ ისე ჩანდა, გამოძიებას რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ძალოვნებმა თვალთვალი, როგორც ბრალდებულზე, ისე... დაზარალებულზე დააწესეს. დაზარალებული ძიების ქმედებით ძალიან გაბრაზებული იყო, მაინცდამაინც უნდა მომკლანო, ხმამაღლა ყვიროდა, თუმცა მას არავინ მოუსმინა.

დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, დაზარალებული სამსახურიდან შეღამებულზე გამოვიდა. მას ორი ოპერმუშაკი უთვალთვალებდა და როცა მამაკაცი სამსახურის უკან, კუთხეში მიიმალა, თან გაჰყვნენ, სილუეტს ხედავდნენ, მაგრამ ახლოს არ მისულან. კაცმა ჯერ ტანსაცმელი შემოიხია, შემდეგ უკან დაიხია და კედელს დაეჯახა, ჯერ მკერდით, მერე გვერდიდან, ბოლოს კი, კედელს თავი დაარტყა და დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კაცი ბარბაცით ჩაიკეცა. ცოტა ხანში, აზრზე მოვიდა, ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი კიდევ რამდენიმე ადგილას გახია და მიწაზე დაწვა, შემდეგ, ფოფხვით გამოვიდა გზამდე და ყვირილი დაიწყო. პირველები მასთან სწორედ ოპერმუშაკები მივიდნენ. რა თქმა უნდა, მან ოპერები ვერ იცნო და ამიტომ, ბოლო ხმაზე შებღავლა, მოკვლას მიპირებდნენ, მგონი ჩემი ძმა იყო და ახლავე სასწრაფო გამოიძახეთო. ოპერებმა მამაკაცი ავტომობილში ჩასვეს და განყოფილებაში მიიყვანეს. იმ თანამშრომლებმა, რომლებიც უმცროს ძმას უთვალთვალებდნენ, თქვეს, რომ იმ დროს, მათი ობიექტი, შეყვარებულს ხვდებოდა და სკვერში, სკამზე ესაუბრებოდა. დაკავებულ დაზარალებულს გამომძიებლებმა მაგიდაზე ის დასკვნა დაუდეს, რომლის მიხედვითაც, საწამლავის ნაწილაკები მისი პიჯაკის ჯიბეშიც იპოვეს ანუ საწამლავი მასაც ჰქონდა და შეეძლო, საკუთარი თავი მოეწამლა ზუსტად ისე, როგორც ვიღაცისთვის ავტომობილის მცირედით დაჯახება ეთხოვა.

„ვერ ვიტან.. ვერც მამაჩემს ვიტან და ვერც ჩემს ძმას. გამოჭიმულან სამოთახიან ბინაში უსაქმური და ბებერი ყრუ, რომელიც დღე-დღეზე მოკვდება. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მამამ რაც უნდა დაწეროს, ძმას წილი ეკუთვნის. ამიტომ მოვიფიქრე ჩემზე თავდასხმის გეგმა, ჰო, საკუთარ თავს თავადვე ვაზიანებდი, არც მანქანა დამჯახებია, ფეხი ძლიერად მივარტყი ბეტონის კედელს, საწამლავიც ჩემით ჩავიყარე ის დოზა, რომელიც არ მომკლავდა და ჩემი ძმა რომ დაგეჭირათ, მე ბინა უპრობლემოდ დამრჩებოდა“, - დაკავებული კი არ საუბრობდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა.

სასამართლომ „მონდომებულ“ კაცს „კარგად გაუგო“ და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე