„კანონიერი ქურდის“ აღიარებითი ჩვენება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მე მოვკალი“

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ იმ ავადსახსენებელი 90-იანებიდან ბევრს შემორჩა ბიზნესი თუ ქონება. ჰო, ადამიანების ნაძარცვი ფულით ბევრმა ცხოვრება აიწყო და მეტიც, ისეთებიც იყვნენ, მაშინ ნაძარცვი ფული წარმატებით რომ დააბანდეს და ახლა ათეულობით მილიონი ლარი თუ დოლარი აქვს. ხანდაზმულობის ვადისა, თუ დიდი დროის გასვლის გამო, მათ პასუხს ვერც სამართალდამცავები სთხოვენ, ვერც ის ოჯახები, რომლებიც თავის დროზე დააზარალეს.

 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი მამაკაცი იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილთან. მას თავში მძიმე, ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დარტყმა ძლიერი არ იყო, მაგრამ თავში კაპილარი გასკდა, რამაც გაჟონვა გამოიწვია და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა მისი გარემოცვის შესწავლა დაიწყეს და ბევრი საინტერესო რამ გაარკვიეს. მას საკუთარი სახელოსნო ჰქონდა და იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ეჭვი, სახელოსნოში მოპარულ ავტონაწილებს იბარებდნენ, მაგრამ ფაქტზე ვერც ერთხელ დაიჭირეს. კიდევ ის იყო საინტერესო, რომ სახელოსნოში ასი პროცენტით ნასამართლევი პირები მუშაობდნენ, ისინი, რომლებსაც „სროკი“ ჰქონდათ მოხდილი და ამიტომ, საერთო ენის გამონახვა არ უჭირდათ. გადაწყდა, პირველ რიგში, სწორედ ეს ადამიანები დაეკითხათ. თავიდან თავი ყველას ყინჩად ეჭირა, ძალოვნებთან ურთიერთობას მიჩვეულები იყვნენ და არაფრის ეშინოდათ, მაგრამ გამომძიებელს ერთ-ერთის ქცევა არ მოეწონა, ნარკოტიკულ თრობაზე შეამოწმა და დადებითი პასუხიც მიიღო.

„ახლა აირჩიე, ან „სროკზე“ წახვალ, ან თავიდან ბოლომდე მოყვები, ვინ ემუქრებოდა, რატომ ემუქრებოდა, ვისთან ჰქონდა „რაზბორკები“. ბევრი დრო არ მაქვს, მოსაფიქრებლად 30 წამს გაძლევ“, - უთხრა გამომძიებელმა დაკავებულს და მაშინვე მიხვდა, რომ ის ყველაფერს დაფქვავდა.

„მაგის „პადელნიკი“ გამოვიდა ციხიდან, დიდხანს იჯდა, მთლიანობაში, 20 წელი გამოუვიდა, ჯერ გარეთ მოკლა ყაჩაღობის დროს ვიღაც, მერე ციხეშიც დაიმატა სასჯელი. ჩვენს უფროსს მოადგა და გამოუცხადა, ხომ იცი, რაზეც ვიჯექი, ისიც ხომ იცი, რომ ჩემი დუმილის გამო, შენ არავინ შეგეხო, არც წილი მინდა შენი ბიზნესებიდან, არც ყოველთვიური ფული, ერთოთახიანი ბინა მიყიდე, დასარჩენი რომ მქონდეს, ჩემს თავს თავად მივხედავო. უფროსი გაჯიუტდა და ის კაციც წავიდა, თუმცა დაუბარა, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. ეს ამბავი მკვლელობამდე, დაახლოებით, 10-12 დღით ადრე იყო და მგონია, რომ სწორედ ის მოკლავდა“, - თქვა კუთხეში მიმწყვდეულმა მოწმემ და იმ დაუპატიჟებელი სტუმრის მეტსახელიც გაიხსენა.

სამართალდამცავებს პიროვნების დასადგენად ბევრი არ უწვალიათ, მარტივად გაიგეს, ვისზე იყო საუბარი და უფრო მარტივად მის სახლსაც მიადგნენ, მაგრამ იქ მხრები აიჩეჩეს, ასეთი არავინ ცხოვრობსო. ამიტომ, მასზე ძებნა გამოცხადდა და განყოფილებების გარდა, მისი სურათი გაჩერებებზე, სადგურებზე, ხალხის თავშეყრის ადგილებზეც გამოფინეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან... ძებნილი განყოფილებაში თავად მივიდა, გამომძიებელი იკითხა, მერე საკუთარი ფოტო დაუდო წინ და მშვიდად გააბოლა, თან ფოტოზე ანიშნა, ვერ გავიგე, რა ხდებაო...

„ჩემი სურათი ვნახე, თურმე, მეძებთ და აგერ, მოვედი, გამოვცხადდი და გისმენთ, რაში მედება ბრალი? ოღონდ, გაითვალისწინეთ, მე ციხეში დამბრუნებელი აღარ ვარ, პატიოსნად ვცხოვრობ“, - განაცხადა მოსულმა და როცა გაიგო, რომ მისი ყოფილი „პადელნიკი“ მოკლეს, თავი გადააქნია, მხრები აიჩეჩა და ანიშნა, მე რა შუაში ვარო. გამომძიებელმა დეტალებში მოუყვა მოწმის ნათქვამი და მოსულსაც ჩაეცინა, სულ „გაბოზდა“ ეს ხალხიო, მერე კი დაიწყო:

„თქვენ არასრული, თან არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ჩემი ძმაკაცი პირველ ჯერზე კი გაჯიუტდა, მაგრამ მერე თავად მიპოვა და ერთის ნაცვლად, ოროთახიანი ბინა მიყიდა, ამას გარდა, მცირე ბიზნესის აწყობაში დახმარებას დამპირდა, ფულსაც მოგცემო და როგორ გგონიათ, ასეთ კაცს მოვკლავდი? რატომ? რისთვის“, - თქვა მოსულმა და თუ მისი სიტყვები სიმართლე იყო - მოტივი არ ჰქონდა, „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამო“ მოეკლა. გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ის მართალი იყო, გარდაცვლილმა მართლაც უყიდა ბინა, მართლა ეხმარებოდა საქმის წამოწყებაში და მისი მოკვლა ყველაზე ნაკლებად, სწორედ მას აწყობდა. დანარჩენებს კი, პრაქტიკულად ხმა არ ამოუღიათ. გამოძიება ჩიხში შევიდა.

„როგორც მეზობლები ამბობენ, მოკლულს ცოლთან კარგი ურთერთობა არ ჰქონდა, არც თუ იშვიათად, სცემდა და ეგებ, ცოლმა დაიქირავა მკვლელი. თანაც, მისი სიკვიდლის შემდეგ, მთელი ბიზნესი სწორედ ცოლის სახელზე გადავა“, - თქვა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა და ცოლის დაკითხვა გადაწყდა.

„მესმის, რისი თქმაც გუნდათ, მაგრამ დამიჯერეთ, მე შეგუებული ვარ, რომ მეზობლებს დაჩაგრული ქალი ვგონივარ, ეს კი სრული სიცრუეა. რაც შეეხება ცემას, ხელი არასდროს დაუკარებია, ეს მეზობლებს ეგონათ, რომ მცემდა, სინამდვილეში, თუ ნასვამი მოდიოდა, რაღაცები ახსენდებოდა არცთუ საამაყო წარსულიდან, მუშტებს კედელს ურტყამდა და იგინებოდა, მაგრამ ჩემი მიმართულებით - არა. ხელები რომ არ დამტვრეოდა, სახლში, კედლებზე რბილი რეზინი გვაქვს მიკრული, თავად გააკეთა, იცოდა საკუთარი ხასიათი. ვის შეიძლებოდა მოეკლა? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ის ან უყვარდათ, ან ისე ეშინოდათ, რომ ვერაფერს უბედავდნენ. ჰო, ხანდახან იმდენად უხეში იყო, რომ ყველაფერი ეს თავხედობაში გადასდიოდა, მაგრამ მე არ მიკვირდა, რაც გამოიარა, იმის შემდეგ, ყველაფერს შეგუებული ვიყავი და არასდროს დამიშლია არაფერი“, - განაცხადა ქალმა.

გამოძიებისთვის, ბოლო იმედი გარდაცვლილის გასვენება იყო, ეგებ, იქ გაეგოთ რამე, ან ენახათ ვინმე ისეთი, ვინც ძაფის ბოლო იქნებოდა. თანაც, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, მკვლელი მოკლულის დაკრძალვას აუცილებლად ესწრება. მოკლედ, დაკრძალვის დღეს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოცამდე ოპერმუშაკი ხალხში გაერია. დღის ბოლოს, საგანგებო თათბირი იყო ჩანიშნული და სწორედ იქ უნდა გარკვეულიყო, გაიგეს თუ არა რამე საინტერესო. აბსოლუტურად ყველა თავჩაღუნული მივიდა და აღიარა, რომ ვერც ყური მოჰკრეს ვერაფერს და ვერც საინტერესო რამ გაიგეს. მხოლოდ ერთმა, საპენსიო ასაკში მყოფმა ოპერმა თქვა, ხალხში გავლენიანი კანონიერი ქურდი შევნიშნე, ეს ჩვენი მკვდარი კი იყო კრიმინაალი, მაგრამ არ მეგონა ისეთი ავტორიტეტი თუ გახლდათ, ამ დონის ქურდს დაეფასებინა, თანაც, ბოლო წლებში, ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ერთხელაც არ ჩამოსულა. თან არც სამძიმარი უთქვამს ვინმესთვის, მოშორებით იდგა და თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას აკვირდებოდაო. გამომძიებლებმა ინფორმაციის მოძიება დაიწყეს.

როგორც გაირკვა,  „კანონიერი ქურდი“ საქართველოში, მკვლელობამდე სამი დღით ადრე დაბრუნდა. რაც მთავარია, მისი შვილი, თურმე, იმ სახელოსნოში მუშაობდა, რომლის მფლობელიც გარდაცვლილი იყო და ძალოვნებმა სასწრაფოდ ის მამაკაცი დაიბარეს, რომელიც ნარკოტიკების გამო აალაპარაკეს.

„რაა? ის ლაწირაკი ცნობილი ქურდის შვილია? ყველაზე მეტად მაგ ბიჭს ავიწროვებდა და სავარაუდოდ, როგორც ჩვენ, ისე არც იმან იცოდა, ვინ იყო, თორემ ვერ გაბედავდა. შავ დღეში ჰყავდა, აგინებდა, ხელით ეხებოდა. არადა, მაგარი თავმდაბალი ბიჭი იყო, ცდილობდა ყველას დაგვხმარებოდა, ხელობა არ იცოდა, მაგრამ მიიტანე, მოიტანე კარგად ეხერხებოდა. ჩემთვის იმის ნახევარი რომ ექნა, რასაც იმ ბიჭის უკეთებდა, იქ ერთი დღეც არ გავჩერდებოდი, მაგრამ ბიჭს, ალბათ, წასასვლელი არსად ჰქონდა, რადგან სახელოსნოში რჩებოდა, იქ პატარა ოთახი მოუწყო უფროსმა და სულ იქ იყო“, - თქვა მოწმემ.

ძალოვნებმა „კანონიერი ქურდი“ დააკავეს და ბრალი მკვლელობაში წაუყენეს. მისი რეაქცია ძალიან საინტერესო იყო.

„ზუსტად ვიცი, რომ ჩემზე არაფერი გაქვთ, მაგრამ ჰო, ვაღიარებ, რომ მე მოვკალი. ახლა ციხე ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. თავზეხელაღებულ ტიპებს დავუპირისპირდი, ნამდვილი ომი წამოიწყეს და მივხვდი, რომ შვილი უნდა გადამემალა. ეს იდიოტი ჩემთან ვალში იყო, ერთხელ სიკვდილს გადავარჩინე და ვთხოვე, შენთან შეიფარე, არავინ უნდა იცოდეს, ვისი შვილია-მეთქი. მეტიც, ოთახის მოსაწყობად ფული მე მივეცი, სხვა თანხაც დავუტოვე, ბიჭისთვის ხელფასი რომ ეხადა. ვუთხარი, მანქანებში არაფერი გაეგება, მაგრამ საბურავის მოხსნა-დაყენება კი იცის და არ დატვირთო-მეთქი. ამან კიდევ, გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილი უნდა დაეჩაგრა, რომ შავ დღეში ჰყოლოდა, რომ ნორმალური ოთახის ნაცვლად, საღორე მოეწყო. შვილს რომ ველაპარაკებოდი ტელეფონით, ვერაფერს ვხვდებოდი, მიმალავდა, იცოდა, პრობლემები მქონდა, მაგრამ ბოლოს მითხრა, ეგებ, სხვა სამუშაო მიშოვოო და ჩამოვედი, სახელოსნოში ღამე მივედი, დავიმალე და დილას დაველოდე. დილა კი იმით დაიწყო, რომ უფროსი მოვიდა და მისალმების ნაცვლად, ჩემს შვილს პანღური ამოარტყა. ჩუმად დავტოვე იქაურობა და მერე შეხვედრაზე დავიბარე. მოკვლა არ მინდოდა, მაგრად უნდა მეცემა, მაგრამ შემომაკვდა. მარტო ერთ რამეს გთხოვთ, არ გაახმაუროთ, რომ ის ჩემი შვილია, მოკლავენ“, - განაცხადა „კანონიერმა ქურდმა“.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე