ძმამ დას ჯერ ავტომობილი დააჯახა, შემდეგ კი ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - გარდაბანში მომხდარი საზარელი მკვლელობის უცნობი დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

გასულ კვირას, კიდევ ერთი მძიმე დანაშაული მოხდა. უფრო სწორად, უმძიმესი დანაშაული. ქვემო ქართლში, კონკრეტულად კი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა კაცმა საკუთარი და მოკლა. მან გოგონას ჯერ ავტომობილი დააჯახა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ასფალტზე მწოლიარე ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თვითმხილველთა თქმით, როცა ბიჭი დარწმუნდა, რომ მისი და მკვდარი იყო, ავტომობილში დაბრუნდა, განყოფილებაში მივიდა, მკვლელობის იარაღი მორიგის მაგიდაზე დადო და განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ის მაშინვე დააკავეს, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო, ოპერატიული ჯგუფი და ექსპერტები გავიდნენ, თუმცა დაზარალებულს ცოცხალს ვერ მიუსწრეს.

 

რაც შეეხება მიზეზს, როგორც ამბობენ, მიზეზი ძმის მუქარა იყო. გოგონა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და შვილიც შეეძინა, თუმცა შემდეგ სხვა მამაკაცი გაიცნო და მასთან ცხოვრება გადაწყვიტა. შვილები ქალმა მამის ოჯახს დაუტოვა, იქიდან წავიდა და სხვა მამაკაცთან ერთად ბინა იქირავა. მომხდარის შესახებ გოგონას ძმამ რომ გაიგო, დაიმუქრა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო, მაგრამ მისი მუქარა სერიოზულად არავინ აღიქვა. სინამდვილეში, ბიჭს, თურმე, მართლაც სერიოზული განზრახვა ჰქონია და როგორც კი დას თვალი მოჰკრა, იმის შიშით, რომ გოგონა არ გაქცეულიყო, ჯერ ავტომობილი დააჯახა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუსწორდა ცივი იარაღით. სამწუხაროდ, ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, ერთგვარი ჩიხი ყოფილა და შესაბამისად, ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, ამიტომ გარდაცვლილის დახმარება ვერავინ შეძლო. როგორც გვიყვებიან, თვითმხილველი რამდენიმე ქალია, თუმცა ისინი მხოლოდ კიოდნენ და ახლოს მისვლა ვერ გაბედეს.

არანაკლებ საინტერესო იყო ამბის გაგრძელება. როგორც წესი, გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ნათესავებს ნება დართეს, რომ გარდაცვლილი შინ წაესვენებინაათ, მაგრამ... მისი წაყვანის მსურველი არავინ გამოჩნდა - ქმრის ოჯახი ამბობდა, ჩვენგან წასულია, სხვა კაცთან ცხოვრობდა და ჩვენ რა შუაში ვართო, გოგოს მამა კი ამტკიცებდა, მაგის გულისთვის, ჩემმა ბიჭმა თავი დაიღუპა, ამან ქვეყნის დასაცინი გაგვხადა და ასეთი შვილი არც ცოცხალი მინდა, არც მკვდარიო. რაც შეეხება მამაკაცს, ვისთანაც ცხოვრობდა, ის მომხდარის შემდეგ გაიქცა, რადგან შურისძიების შეეშინდა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავარკვიეთ, საბოლოო ჯამში, ვინმემ წაასვენა თუ არა გარდაცვლილის სხეული, მაგრამ ნათესავები უარზე რომ იყვნენ, ნაღდია. ჰო, დაკავებულს, ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით მკველობისთვის, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მედალს მეორე მხარეც აქვს და ალბათ, გაინტერესებთ, რას ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარზე, რას ფიქრობენ ის სოფლელები, სადაც გოგოს ოჯახი ცხოვრობდა და ამართლებენ თუ არა ბიჭის საქციელს?! ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ბიჭი ცუდად მოიქცა. პირიქით, არავის ეცოდებოდა გარდაცვლილი გოგო და ყველას ეცოდებოდა ბიჭი, რომელმაც ოჯახს ნამუსი შეუნახა და ამის გამო, ციხეში არაერთი წლის გატარება მოუწევს. შესაძლოა, გულის სიღრმეში, ვინმეს გოგონაც ეცოდება, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერავინ ბედავს, მით უმეტეს ქალები ვერ ამბობენ, რომ გოგონა მოსაკლავად არ უნდა გაემეტებინათ. ეგებ, ამის ხმამაღლა თქმისთვის, მთქმელმაც საკუთარ თავს იგივე განაჩენი გამოუტანოს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მოგონილ ზღაპარს ჰგავს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ ეს გახლავთ მწარე რეალობა, რომელში ცხოვრებაც ჩვენ გვიწევს.

საინტერესოა, როგორ ექცევიან იმ პატიმრებს, რომლებიც ანალოგიურ დანაშაულს სჩადიან და რა მდგომარეობაში უწევთ მათ სასჯელის მოხდა. კონკრეტულად ამ დანაშაულისთვის დაკავებული პირის მომავალზე, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, მასაც ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც ამგვარი დანაშაულისთვის გასამართლებულ სხვა პატიმრებს. რამდენიმე მაგალითს გიამბობთ.

დაახლოებით, 20 წლის წინ, ახალციხეში, მამაკაცი, რომელიც დაცვის პოლიციაში მუშაობდა, სახლში იმიტომ დაბრუნდა, რომ ფაღარათი ჰქონდა და სამსახურში საპირფარეშო გაიჭედა. მისდაუნებურად, თან სამსახურის იარაღი გამოჰყვა და როცა შინ შევიდა, საძინებლიდან ხმები გამოდიოდა, საძინებლის კარი შეაღო და დაინახა, რომ მისი ცოლი უცხო მამაკაცთან ერთობოდა. მან იარაღი ამოიღო, პირველი გასროლა ცოლის მისამართით განახორციელა, დანარჩენი კი მამაკაცს ესროლა. ქალი ადგილზე დაიღუპა და იმის მიუხედავად, რომ მამაკაცს ოთხი ტყვია მოხვდა, ის გადარჩა. რა თქმა უნდა, მკვლელი დააკავეს და ადვოკატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფექტი დაედგინათ და დაადგინეს კიდეც, მაგრამ სასამართლოზე, ბოლო სხდომაზე, მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა - „მაშინ აფექტში იყავით, ახლა კი მშვიდად ხართ, დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, ახლა, თქვენი ცოლი ცოცხალი რომ იყოს, იგივეს გააკეთებდით?!“ რა თქმა უნდა, ადვოკატმა მოასწრო და დაცვის ქვეშ მყოფს უჩურჩულა, თქვი, რომ ინანიებო, მაგრამ ბრალდებული ჩაფიქრდა და... „დიახ, იგივეს გავაკეთებდი და ათჯერ რომ შემეძლოს ჩემი ცოლის მოკვლა, ათივეჯერ მოვკლავდი“... მოსამართლემ ყველაფერი გადასარევად გაიგო და საბოლოო ჯამში, ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მთელი 6 წელი ჩამოაკლო და საბოლოო ჯამში, მას 12 წელი მისცეს. რაც შეეხება ზონას - მას ყველა პატივს სცემდა, ყველა ყვებოდა მის ისტორიას, თითით საჩვენებელი კაცი გახლდათ, კაცი, რომელმაც საკუთარი ოჯახის ღირსება დაიცვა და ციხეში წავიდა, თან წავიდა ისე, რომ მოსამართლისგან მინიმალური სასჯელის მიღება შეეძლო, თუმცა არ „დაზადნა“, სიმართლე თქვა და მართალია, დიდი „სროკი“ მიიღო, სამაგიეროდ, პატივისცემა მოიპოვა. გვერწმუნეთ, ორიოდე წლის შემდეგ, იმავე კაცისთვის მოსამართლეს იგივე კითხვა რომ დაესვა, ის აუცილებლად უპასუხებდა, არ ვესროდი, უბრალოდ, დავშორდებოდიო, რადგან როგორ კარგადაც არ უნდა გეპყრობოდნენ ციხეში, იქ ჯოჯოხეთია, ნამდვილი ჯოჯოხეთი და ეს არის სიმართლე. ეს პატიმარი, პრაქტიკულად, ყოველთვე წერდა წერილებს პრეზიდენტს და ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, აქედან გამიშვით და აღარასოდეს ჩავიდენ დანაშაულსო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და მან სასჯელი თითქმის სრულად მოიხადა. თითქმის იმიტომ, რომ მერე „ქართული ოცნების“ ამნისტიამ მოუსწრო და იარაღის გამოყენებისთვის მიღებული სასჯელი გაუნულა.

იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა პატიმარი, რომელმაც ასევე ცოლი მოკლა, ოღონდ მას განსხვავებულად ეპყრობოდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ მანაც საკუთარ მეუღლეს სხვა კაცთან მიუსწრო და როგორც საგამოძიებო საქმის მასალებში ეწერა, მან კაცს წასვლის უფლება მისცა, უფრო ზუსტად კი, იქ ეწერა, რომ ბინაში შესვლის შემდეგ, ბრალდებულმა მამაკაცს უთხრა, ჩაიცვი და წადიო, ცოლს კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ერთი დღის შემდეგ, პოლიციაში თავად გამოცხადდა. სწორედ ამ ორი მიზეზის გამო, მას პატივს არ სცემდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არასწორად მოიქცა, რომ თუ მოკვლა სურდა, ის მამაკაციც უნდა მოეკლა და რაც მთავარია, პოლიციაში თავისი ფეხით არ უნდა მისულიყო. აი, გარდაბანში მომხდარ დანაშაულშიც, ბრალდებულს ზონაზე პრობლემა, შესაძლოა, ამის გამო შეექმნას - პოლიციაში საკუთარი ნებით მისვლა, რა დანაშაულიც არ უნდა გქონდეს ჩადენილი, გამართლებული არაა, უნდა გაიქცე, უნდა დაიმალო, უნდა ეცადო... რამდენად გამოგივა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შენ შენი უნდა გააკეთო.

იყო კიდევ ერთი, განსაკუთრებული შემთხვევა. ბიჭმა დედა მოკლა იმის გამო, რომ მას სხვა მამაკაცთან შეუსწრო. მამა გარდაცვლილი ჰყავდა, თბილისში ცხოვრობდა და გადაწყვიტა, დედისთვის საახალწლოდ სიურპრიზი მოეწყო და 30 დეკემბერს, გვიან ღამით ჩავიდა. საძინებელში რომ შევიდა, დედის გვერდით, ვიღაც კაცი იწვა, მან კედლიდან სანადირო თოფი ჩამოხსნა, მამაკაცს თავზე დაადო და გაისროლა. მერე გაირკვა, დედასაც სურდა შვილისთვის სიურპრიზი, რომელსაც 31-ში ელოდა და უნდა ეთქვა, რომ ეს მამაკაცი მისი მომავალი ქმარი იყო, რომ შვილს თავის ცხოვრება ჰქონდა, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა, რომ დედა სულ მარტო იყო და აღარ შეეძლო მარტოობა. უდანაშაულო კაცის მოკვლისთვის, მას ზონაზე კარგი დღე არ ელოდა, მაგრამ გაუმართლა - თავის დროზე, ძალოვან უწყებაში იყო ნამუშევარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სასჯელი „მატროსოვზე“ უნდა მოეხადა და სხვა პატიმრებისგან არაფერი ემუქრებოდა.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე