საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში.
ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა – შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა.
დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე ვბრუნდები კერძო სექტორში.” – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის რიგით ჯარისკაცად.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება.”საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.
„მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.
მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი