60 უბანი საზღვარგარეთ - რომელ ქალაქებში შეძლებენ ხმის მიცემას ემიგრანტები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცესკოს ახალი განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ემიგრანტებს 7 ოქტომბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად. არ შესრულდა მათი მოთხოვნა დამატებითი უბნების გახსნის შესახებ.

ემიგრანტები უფლებების შელახვაზე ლაპარაკობენ და ეჭვქვეშ აყენებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემსაც, რომლის მიხედვით, საკონსულო აღრიცხვის პროცედურა სულ 65 508 ამომრჩეველმა გაიარა.

2024 წლის არჩევნებისთვის პირველად იხსნება უბნები: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ამ ქვეყნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 52-დან 136-მდე მერყეობს.

ახალი განკარგულება [№191/2024] ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა, მწვავე კამათის თანხლებით.

ემიგრანტები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობაზე უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ.

ეს მოთხოვნა ეყრდნობა საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც: საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ცესკომ [საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე] „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის“ უნდა გახსნას.

ემიგრანტთა პლატფორმებმა 50-ზე მეტი ამომრჩეველი ევროპისა და აშშ-ის არაერთ ქალაქში აღრიცხეს. გროვდებოდა ხელმოწერები და იმართებოდა აქციებიც.

სად იხსნება საარჩევნო უბნები

ცესკოს ახალი განკარგულებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნაა დაგეგმილი:

თითო-თითო საარჩევნო უბანი [დედაქალაქებში] გაიხსნება შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ისრაელი, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, კატარი, ჩინეთი, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია.
ორი უბანი გაიხსნება: ესპანეთში [მადრიდი და ბარსელონა].
სამი უბანი გაიხსნება: აზერბაიჯანში [სამივე - ბაქო]; თურქეთში [ანკარა, სტამბოლი, ტრაპიზონი]; იტალიაში [რომი, ბარი მილანი].
ოთხი უბანი გაიხსნება: გერმანიაში - ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი, შტუტგარტი.
ხუთი უბანი გაიხსნება: აშშ-ში [ნიუ-იორკი - 3, ვაშინგტონი და სან-ფრანცისკო]; საბერძნეთში [ათენი - 3, სალონიკი - 2].
ცესკოს ინფორმაციით, ყველა ამ საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - ან საკონსულოებში, ან საელჩოს შენობებში. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს კანონის მოთხოვნაა და, მაგალითად, შტუტგარტისგან განსხვავებით, სტრასბურგში უბანი იმიტომ ვერ გაიხსნა, რომ იქ საკონსულო არ არის.

სად რამდენი ამომრჩეველი დარეგისტრირდა?
ცესკოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა 65 508-წევრიანი სია მიიღო, რაც 60 უბნის გახსნის შესაძლებლობას იძლეოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნებში, სადაც არჩევნები წელს პირველად ტარდება, აღრიცხულთა სტატისტიკა ასეთია:

იაპონია [ტოკიო] - 52;
ავსტრალია - 54;
სამხრეთი კორეა [სეული] - 63;
ფინეთი [ჰელსინკი] - 74;
არაბთა გაერთიანებული საამიროები [აბუ-დაბი] - 136.
საკონსულო აღრიცხვის ცხრილებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა:

საბერძნეთში: ათენი - 8600, სალონიკი - 5372
აშშ: ნიუ-იორკი - 6486, ვაშინგტონი - 745, სან-ფრანცისკო - 537
აზერბაიჯანი: ბაქო - 6419.
ცხრილშია ასევე:

საფრანგეთი: პარიზი - 2976;
ესპანეთი: მადრიდი - 1502, ბარსელონა - 2790;
იტალია: რომი - 2325, ბარი - 1320, მილანი - 1080;
გერმანია: ბერლინი - 1860, ფრანკფურტი - 1846, მიუნხენი - 1295, შტუტგარტი - 619.

მომზადებულია "რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით