რამდენ მოქალაქეს შეუწყდა და მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ბოლო წლებში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წელს, 1 იანვრიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა 556 პირს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბექა ლილუაშვილს მიაწოდა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს 1282 პირს, 2022 წელს - 2398, ხოლო 2023 წელს 3236 მოქალაქეს შეუწყდა. შეწყვეტის მიზეზები სადეპუტატო კითხვის პასუხში მითითებული არ არის.

კანონმდებლობის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს მოქალაქის სტატუსს, თუ:

საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, პოლიციის ან უშიშროების სამსახურში. გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და შევა თავისი ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის სამსახურში;
საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.
10 წელში საქართველოს მოქალაქეობა 43 ათასმა პირმა დაკარგა
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკას, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ჯამში 1295 პირს მიენიჭა მოქალაქეობა სხვადასხვა წესით, 2023 წელს ჯამში 3115 პირს, 2022 წელს - 4866, ხოლო 2021 წელს - 2486.

დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა.