კესარია აბრამიძის მკვლელი დაკავებულია - რა გახდა მკვლელობის მიზეზი?

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ საღამოს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.

კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.

26 წლის ბექა ჯაიანს, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა. ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დაადეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.

დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია. გარდაცვლილის ახლობლების ნამბობით დგინდება, რომ ბრალდებული კესარიაზე ხშირად ძალადობდა, მათი თქმით, ამას არც კესარია მალავდა და ამ ფაქტის გამო დროებით ქვეყნიდანაც კი იყო წასული. 

იმდენად არ სჯეროდა, რომ მოკლავდა, ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო - ამბობს მოკლული კარის მეზობელი და აღნიშნავს იმასაც, რომ ორი წლის განმავლობაში კესარია და ბექა ჯაიანი, როგორც ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ.

„მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, რომ მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და მითხრა მემუქრებაო, ღიმილით. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, რომ ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა. ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო, დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში. სმს მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა და ადგა და წავიდა საქართველოდან", - ამბობს მეზობელი.

რაც შეეხება მკვლელობის დღეს, მეზობლები ყვებიან, თუ როგორ გაიგეს კივილის ხმა და როგორ დახვდათ სახლში შესულს კესარიას დაჩეხილი სხეული, რომელიც მთლიანად სისხლში ცურავდა.

ადგილობრივი "პირველებს" უყვება, რომ მკვლელობამდე ორი საათით ადრე, კესარია მეზობელს უყვებოდა, რომ მისთვის ბექა ჯაიანი ხელის თხოვნას აპირებდა.

მეზობლებს გაუგიათ წივილ-კივილი, მაგრამ რომ გავიდნენ, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა და რომ შევიდნენ დახვდათ სისხლში. ზამთარშიც იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოუვარდა და მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს, მაშინ პოსტიც დაწერა მაგაზე. მერე ყველა ეუბნებოდა, შეეშვი, არ გინდაო... ორი საათით ადრე მჯდარა მეზობელთან ერთად, მანამდე პოსტიც დაუდია, მეზობლისთვის უთქვამს, ხელი უნდა მთხოვოსო. კესო სახლში იყო და ის მერე მოვიდა. კამერები რაც ვნახე, ის წყანარად მშვიდად მოვიდა, დიდი ალბათობით, წინასწარ არც არაფერი არ აგრძნობინა.

შსს განცხადება

შსს-ს  გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.