40 წლის კაცმა ცოლი დაკარგა - გაქცეული პატარძლის ისტორია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფილმი „გაქცეული პატარძალი“, ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი (თუ არ გაქვთ, ნახეთ). დაახლოებით, ასეთი რამ მოხდა საქართველოში მაშინ, როცა ქორწილისთვის არავის ეცალა, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და შესაბამისად, ქორწილის გადახდაც საშარო იყო - იქ ყველა იარაღით დადიოდა და ქართული ქორწილის „ხიბლი“ ჩხუბისა და დაჭრის გარეშე, ძნელად ჩაივლიდა. იყო მეორე საშიშროებაც - სიძე-პატარძალს, შესაძლოა, რომელიმე საძმოს წევრები დადგომოდნენ და ქორწილში შესული ფული წაერთმიათ. ჰო, ასეთებიც ხდებოდა და ქორწილს ვინ ჩივის, გასვენებაში აღებული თანხის გამოც დაუყაჩაღებიათ ოჯახები.

 

მილიციის განყოფილებაში 40 წლის კაცი მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი დაკარგა. ჰო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაკარგა.

„ჩემთვის მცირე ბიზნესი მაქვს, სამ „ბუტკას“ ვამუშავებ და ადვილი მისახვედრია, რომ თანამშრომლები ქალები მყავს. ორ ცვლაში მუშაობენ და შესაბამისად, ექვსი გოგონა დავასაქმე. მათგან ერთ-ერთი მომეწონა, მერე შემიყვარდა და მშობლების ნატვრაც ახდა, დაოჯახება გადავწყვიტე. ქორწილი ვიწრო გარემოში მქონდა, მხოლოდ ძალიან შინაურებს დავუძახე, არ არის ახლა პომპეზურობის დრო და პირველი ღამე სასტუმროში უნდა გაგვეტარებინა. ცოლმა მითხრა, თავს ცუდად ვგრძნობ, იქნებ, ძილის საშუალება მომცეო და დავთანხმდი - არც იმ ასაკში ვარ, ქალზე გადავირიო და ცოლს ხომ პატივი უნდა სცე. სასტუმროს ნომერში დავტოვე და წავედი, სხვა სასტუმროში ავიღე ნომერი, რადგან ჩავთვალე, რომ ღელავდა, რომ პირველი ღამის შიში ჰქონდა. დილით დავბრუნდი, თუმცა მითხრეს, რომ ჩემი გასვლიდან, დაახლოებით, 10 წუთში, ისიც წავიდა და... გაქრა. მე მგონია, რომ გაიტაცეს, მოტყუებით გაიყვანეს გარეთ და ახლა ფულს მომთხოვენ. ამიტომ მოვედი თქვენთან, გთხოვთ, ცოლი მომაძებნინეთ“, - კაცი აშკარად სასოწარკვეთილი იყო.

აუცილებელი გახლდათ, ყველა სტუმრის დაკითხვა, რომელიც იმ დღეს ქორწილში იყო და მათი რიცხვი 25-ს არ აღემატებოდა. სიძემ ისიც თქვა, სპეციალურად ამ დღისთვის, ფოტოგრაფი მყავდა დაქირავებული, აპარატს წამდაუწუმ აჩხაკუნებდა და ეგებ, ფოტოებიც დაათვალიეროთ და რამეში გამოგადგეთო. ფოტოების გარდა, მამაკაცმა გამოძიებას ვიდეოკასეტაც მისცა, რომელზეც, ძირითადად, სუფრა იყო გადაღებული.

„ამ ფოტოებზე ერთი უცნაური რამ ჩანს. პატარძალი ძალიან ბედნიერია მაშინ, როცა სახლიდან გადიან, ბედნიერია ეკლესიაში, ბედნიერია ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, მაგრამ სახე რადიკალურად ეცვლება მას შემდეგ, რაც ისევ შინ დაბრუნდნენ, ეზოში გადაღებულ ფოტოებსა და შემდეგ უკვე, სახლში, სუფრაზე გადაღებულ კადრებში, მისი უბედური სახეა აღბეჭდილი“, - თქვა გამომძიებელმა და დაკითხვაზე ისევ სიძე დაიბარეს.

„ჰო, ეგ მეც შევნიშნე და ძალიან გამიკვირდა. მართლა ბედნიერი და მხიარული იყო, მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც უკან დავბრუნდით, ვერ გეტყვით. ის რადიკალურად შეიცვალა, აღარც კი გაუღიმია, ჩავთვალე, რომ სწორედ მაშინ აღიქვა გათხოვება და ცოტა „დაიგრუზა“. უცხო არავინ ყოფილა, არც არავინ შემიმჩნევია და არც არავინ გამოლაპარაკებია ისეთი, ვისაც არ ვიცნობ და თან, მუდმივად გვერდით ვედექი, რამე რომ მომხდარიყო, კი დავინახავდი და გავიგონებდი“, - თქვა კაცმა.

დაიწყო ქორწილის სტუმრების დაკითხვა, მაგრამ საინტერესოს არავინ არაფერს ამბობდა. ერთი ეგ იყო, მეჯვარე გახლდათ ცოტა დამფრთხალი და სამართალდამცავებმა ჩათვალეს, რომ მან რაღაც იცოდა და ბოლომდე არ ამბობდა. პოლიციელებმა ფოტოები დაულაგეს წინ და სათითაოდ ხელს ადებდნენ სტუმრების სახეებს, აინტერესებდათ, მოხდებოდა თუ არა ცვლილება ამა თუ იმ სტუმრის დანახვისას. გოგონას რეაქცია არავისზე ჰქონია, მაგრამ როგორც კი ერთ-ერთ სურათს დახედა, მაშინვე ფერი წაუვიდა. გამომძიებელი ფოტოს დასწვდა, მასზე აღბეჭდილი სტუმრები გავლილი ჰქონდა და... მაშინ, რამ შეაკრთო მეჯვარე ისე, რომ ფერი დაკარგა?

„პატივცემულო, ამ ფოტოზე, უკანა კადრში ვიღაც ბიჭი ჩანს, ის სტუმარი აშკარად არ არის, უბრალო გამვლელს ჰგავს, მაგრამ ნახეთ, სხვა ფოტოზეც არის, კიდევ არის და... ყველა ფოტოში, მხოლოდ პატარძალს უყურებს“, - თქვა ერთ-ერთმა ოპერ-მუშაკმა.

სიძემ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი ვერ იცნო, ისე კი გაიხსენა, რომ უცხო კაცი თვალში მასაც მოხვდა, ის სადარბაზოსთან იდგა და მაყრიონს ათვალიერებდა, ამიტომ უბრალო ცნობისმოყვარედ ჩათვალა. ისევ მეჯვარე დაიბარეს, ამჯერად, პირდაპირ იმ უცხო მამაკაცის ფოტოს დაადეს თითი და ჰკითხეს, ამ ბიჭს ხომ არ იცნობო? უარყოფითი პასუხის მიუხედავად, სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ მეჯვარე იმ უცხოს კარგად იცნობდა და სწორედ ეს იყო საქმის გასაღები. მთავარი გახლდათ, გოგოს ეთქვა, ვინ იყო ეს ბიჭი და შემდეგ უკვე, საქმეს ძალოვნები მარტივად მიხედავდნენ. გოგონა კი გაჯიუტდა, მაგრამ, როცა წინ ბორკილები დაუდეს, ალაპარაკდა.

„ეს ბიჭი ჩემი დაქალის საქმრო იყო. შემდეგ, ექსპედიციაში წავიდნენ რუსეთის რომელიღაც ქალაქში, სადაც რაღაც მღვიმე უნდა შეესწავლათ. მერე გავიგეთ, რომ მღვიმეში ყოფნის დროს, მიწა ჩამოიშალა და ექსპედიციის ყველა მონაწილე დაიღუპა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა გათხოვება და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როცა ქორწილის დღეს, უკან რომ დავბრუნდით, ეს საქმრო სადარბაზოსთან იდგა და უყურებდა. მერე რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს, არც ის ვიცი, ის ბიჭი სად გაქრა, მისი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცი, სად ცხოვრობს, არ უთქვამს“, - განაცხადა მეჯვარემ.

სახელთა და გვარით, ბიჭს ადვილად მიაგნეს და საინტერესო ისტორიაც მოისმინეს.

„მართლაც ექსპედიციაში ვიყავი და იქიდან რომ დავბრუნდებოდი, ცოლიც უნდა მომეყვანა. უბედური შემთხვევა მოხდა, მთელი ექსპედიცია დაიღუპა, მხოლოდ მე გადავრჩი, მაგრამ ამას გადარჩენაც არ ერქვა, გვამების გვერდით, ორ კვირაზე მეტი გავატარე, ხრწნის სუნი მკლავდა, მაგრამ ვერსად გავრბოდი. საბოლოოდ, მაშველებმა მიპოვეს და მათი დანახვა იმდენად გამეხარდა, სტრესისგან გონება დავკარგე და როგორც მითხრეს, კომაში ვიყავი. მერე, როცა აზრზე მოვედი, ვერაფერს ვიხსენებდი და მეხსიერება ნელ-ნელა, სპეციალური თერაპიებით დამიბრუნდა. მაშინ გამახსენდა, რომ საცოლე მყავდა, წამოვედი, მოვიკითხე და მითხრეს, დღეს ქორწილი აქვსო. სულ რაღაც ერთი დღე დამაგვიანდა, ერთადერთი დღე. მინდოდა გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ქორწილის დღეს არ გამოვიდა ეგ ამბავი. მერე სასტუმრომდე მივყევი და რომ დავინახე, როგორ ავიდნენ ნომერში, შინ წავედი, მეზობელს დავუძახე და დავთვერი. ახლა კი ვიგებ, რომ ის გაქრა და წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება ვეძებო. ერთ რამეს კი ვხვდები, გაქრა იმიტომ, რომ მე ვუყვარვარ“, - განაცხადა მთავარმა ეჭვმიტანილმა.

გოგონა უბრალოდ გაიქცა და თავი ვინმეს შეაფარა, ეს ვინმე ძალიან ახლობელი უნდა ყოფილიყო. მისი საახლობლო სია კი, არც ისე დიდი გახლდათ და საბოლოოდ, სამართალდამცავები შეთანხმდნენ - მისი ადგილსამყოფელი მეჯვარემ უეჭველად იცის, მაგრამ გვიმალავსო და ამიტომ, მასზე  თვალთვალი დაწესდა. თვალთვალმა შედეგი ვერ მოიტანა, რადგან მეეჯვარე სამსახურში დადიოდა, არსად არავის სტუმრობდა და მისი მთავარი მარშრუტი, სწორედ სახლი და სამსახური იყო. ამის მიუხედავად, ხუთდღიანი თვალთვალის შემდეგ, გამოცდილმა ოპერ-მუშაკმა გამომძიებელს დაბეჯითებით უთხრა - გოგონა მეჯვარესთან იმალება, რადგან პურის ის ოდენობა, რომელსაც ჩვენი ობიექტი ყიდულობს, აშკარად ბევრია ერთი ადამიანისთვის და ამდენ პურს რომ ჭამდეს, საკმაოდ მსუქანი იქნებოდა და არა ისეთი გამხდარი, როგორც ახლააო. იმავე საღამოს, გამომძიებელმა მეჯვარის სახლის კარზე დააკაკუნა. როცა გოგონამ კარი გააღო და ძალოვანი დაინახა, მოულოდნელობისგან შეჰკივლა და ამით თავი გასცა. გაქცეული პატარძალი სწორედ მასთან იყო.

„რა უნდა ვთქვა? მე მთელი ცხოვრება მხოლოდ ის მიყვარდა, ვინც გამოვიგლოვე და დავასაფლავე. ქორწილის დღეს, გამომეცხადა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ შემიძლია, ის ცოცხალი იყოს და მე სხვისი ცოლი მერქვას, მაგრამ ვერც იმას ვხვდები, როგორ უნდა მოვიქცე, ქმრისაც მერიდება, იმისი, ვისაც ერთგულება შევფიცე და ვინც არაფერი დააშავა, სიკეთის მეტი, ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, მე კი... მე მასთან ცხოვრება არ მინდა, არ შემიძლია“, - ზლუქუნებდა პატარძალი.

ყველაფერი იმაზე მარტივად დასრულდა, ვიდრე სამართალდამცავებს და თავად პატარძალს წარმოედგინა. როგორც კი მომხდარის შესახებ გაიგო, კაცმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და ხმამაღლა თქვა, ქალი, რომელიც ჩემთან იცხოვრებს და სხვაზე იფიქრებს, არ მჭირდებაო.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე