ვინ არის ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც ქუჩაში ესროლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბჭოთა კავშირის დროს, ერთი უცნაური რამ ხდებოდა... არა, უცნაური ბევრი ხდებოდა, მაგრამ ეს მიმართულება განსაკუთრებით გამოირჩევა. ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც რაღაცის გამოგონებას ცდილობდნენ, მაშინვე ექცეოდნენ უშიშროების კომიტეტის ყურადღების ცენტრში. თუ გამოგონება სამხედრო თემას ეხებოდა, გამომგონებლები უბრალოდ ქრებოდნენ. მოარული ხმების მიხედვით, მათ საიდუმლო ობიექტებზე ამუშავებდნენ. თუ რიგითი გამოგონება იყო, ისეთი, რომელიც საზოგადოების ინტერესს გამოიწვევდა, მაგრამ ზიანს არც ხალხს მოუტანდა და არც გარეშე მტრებს (მაგალითად, მექანიკური სათამაშოს ელექტრო სათამაშოდ გადაკეთება), ხმაურს ატეხდნენ, გამომგონებელს გაზეთში გამოჭიმავდნენ, პრემიას აძლევდნენ და ეს პრემია, ძირითადად, 500 მანეთი იყო. მერე პატენტი სახელმწიფოს მიჰქონდა და გამომგონებელი მშრალზე რჩებოდა. ამის მიუხედავად, ადამიანები არ ჩერდებოდნენ, ეძებდნენ, იგონებდნენ, აგზავნიდნენ...

 

„იცით, მე გამომგონებელი ვარ. ახლა წამალს ვიგონებ, რომელიც ადამიანის დაბერებას შეაჩერებს და თუ მას რეგულარულად მივიღებთ, ყველაზე ცოტა, თითოეული ჩვენგანი 120 წლამდე იცოცხლებს. მთავარია, დოზები სწორად იქნას შერჩეული და რაც მთავარია, ყველას ინდივიდუალური მოდგომა სჭირდება“, - მილიციის განყოფილებაში მისული ახალგაზრდა კაცი დაბერებულს ჰგავდა, ცხვირზე უზარმაზარი სათვალე ჰქონდა წამოსკუპებული, დასაუთავებელი პერანგი და აშკარად გრძელი კოსტიუმი ეცვა, ან ვიღაცის ნაჩუქარი იყო, ან მაშინ იყიდა, როცა ათი კილოთი მეტს იწონიდა. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს, ჩვენ რა შუაში ვართო და მოსულმაც თითით სათვალე გაისწორა, მერე უხერხულად გაიღიმა და განაგრძო:

„ლაბორატორიაში, სადაც ვმუშაობ, კიდევ ახალგაზრდა ქლი მუშაობს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ისიც არ არის ჩემს მიმართ გულგრილი, მაგრამ ჯერ ვერ ვეუბნები. თანაც, ჯერ მზად არ ვარ ცოლის მოსაყვანად, გამოგონებაზე მუშაობა უნდა დავასრულო, მერე ექსპერიმენტები დავიწყო და პირველ ექსპერიმენტს საკუთარ თავზე ჩავატარებ. ეს ასე, 4-5 წელს წაიღებს და მერე ცოლის მოყვანასაც მოვახერხებ ანუ ჯერ ამის დრო არ მაქვს“, - თქვა სტუმარმა და ისევ გაჩერდა. ძალოვნები უფრო დაიბნენ, მხრები აიჩეჩეს და მოსულს ისევ ჰკითხეს, ჩვენ რა შუაში ვართ ბატონო, ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთო?

„საქმე ის გახლავთ, რომ ლაბორრატორიაში, სადაც ვმუშაობ, კიდევ არის რამდენიმე მეცნიერი, მაგრამ მათ ნიჭი არ აქვთ. არა, ამას ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ბევრი მართლა უნიჭოა. ჰოდა, ერთ-ერთი მათგანი მემუქრება, თუ მაგ გამოგონებაში თანაავტორად არ ჩამწერ, შენს საცოლეს მე დაველაპარაკები, მე შევაყვარებ თავს და ცოლადაც მე მოვიყვანო. გესმით, როგორ მაშანტაჟებს? ამის გაკეთება არ შეიძლება, ახლა ჩემი მოცდენა არ შეიძლება, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება და თუ მას არ დააკავებთ მანამ, სანამ მუშაობას დავასრულებ, უდიდესი გამოგონება ვერ შედგება“, - დაასრულა მოსულმა.

გამომძიებლებს გაეცინათ, მაგრამ ღიმილი მაშინვე მოსხიპეს, როცა ახალგაზრდა მეცნიერის გაბრაზებულ სახეს შეხედეს. მოსული არ ხუმრობდა და ერთადერთი, რაც ძალოვნებს შეეძლოთ, ის იყო, რომ მას განცხადება დაეწერა, შანტაჟის შესახებ ოფიციალურად ემცნო მილიციისთვის და ძიებაც სწორედ ამის საფუძველზე დაიწყებოდა. მოსულმა განცხადება დაწერა, მერე ხელი ჩაიქნია და წავიდა. რა თქმა უნდა, ძალოვნებმა ის ღიმილით გააცილეს, თუმცა იმავე საღამოს მიხვდნენ, რომ საქმე სასაცილოდ არ იყო - ახალგაზრდა მეცნიერს სახლთან მაშინ ესროლეს, როცა სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა.

„გასროლა სანადირო თოფიდან, საკმაოდ შორიდან განხორციელდა. ამიტომაც არის, რომ „კარტეჩმა“ ტანსაცმელი გაიარა და მხოლოდ ერთი შევიდა სხეულში, თუმცა ისიც უმნიშვნელოდ, დანარჩენმა, უბრალოდ, სხეული აუწვა, მაგრამ ახლო მანძლიდან რომ ესროლათ „კარტეჩის“ ტყვია, დაჭრილს გადარჩენის შანსი არ ექნებოდა“, - ასეთი იყო ექსპერტის დასკვნა.

გამოდიოდა, რომ ვიღაცას ახალგაზრდა მეცნიერის დაშინება სურდა და ის ვიღაც, სავარაუდოდ, სწორედ ის ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, რომელზეც მეცნიერმა საჩივარი დილით დაწერა. შესაბამისად, სამართალდამცავებმა სწორედ ის დააკავეს და მიხვდნენ, რომ შეცდნენ - დაკავებულს უტყუარი ალიბი ჰქონდა. ის ინციდენტის დღეს, ლაბორატორიის ხელმძღვანელს ორი საათით ადრე გაეთავისუფლა, რათა მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ წასულიყო და ექეიფა. ჰოდა, მის გარდა, კიდევ 12 ადამიანი ამბობდა, რომ მაშინ, როცა სროლა განხორციელდა, მთავარი ეჭვმიტანილი, ტყეში მწვადებს წვავდა. სამაგიეროდ, მას ბრალი შანტაჟში წარუდგინეს, თუმცა ვერც ეს ბრალდება იყო მყარი - დაკავებულმა თქვა, რომ უბრალოდ იხუმრა, რომ საცოლე ჰყავდა, რომ მასზე დანიშნულიც იყო და ქორწილიც მალე ექნებოდათ, ამ ყველაფერს კი, უბრალოდ კოლეგის გასაბრაზებლად ამბობდა. გამოძიება იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ დაკავებულს მომხდარ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა.

ახალგაზრდა მეცნიერს დაცვა დაუნიშნეს, თუმცა ისე, რომ მას არაფერი უთხრეს და თვალთვალი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომდევნო დღეებში არაფერი მომხდარა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, მაშინ, როცა ოპერები ობიექტის სამსახურის წინ მზესუმზირას აკნატუნებდნენ, ჩოჩქოლი ატყდა. კართან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა და წარმოიდგინეთ ძალოვნების გაოცება, როცა საკაცეზე სწორედ მათი თვალთვალის ობიექტი იცნეს.

„რა მოხდა“, - ღრიალით ეცნენ ისინი ექიმებს, მათ კი, მშვიდად მიუგეს, ეს კაცი კიბეზე დაგორდა და კეთილი ინებეთ, საავადმყოფოში მიყვანის შესაძლებლობა მოგვეცითო. მაშინვე მთელი კოლექტივის დაკითხვა გადაწყდა, მაგრამ საინტერესო ვერავინ ვერაფერი თქვა. კაცი მოსაწევად კიბის უჯრედში გავიდა, შემდეგ, იმავე უჯრედში, ასევე მოსაწევად, სხვა თანამშრომელი გავიდა და დაინახა, როგორ ეგდო კიბის ბოლოს მისი კოლეგა და როგორ მოსდიოდა თავიდან სისხლი. ექიმებმა თქვეს, რომ დაზარალებული გადარჩებოდა, მაგრამ მისი დაკითხვა მხოლოდ 48 საათის შემდეგ თუ იქნებოდა შესაძლებელი. ორი დღე გამოძიება წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა და ყველა იმედი სწორედ დაზარალებულის ჩვენებაზე იყო, მაგრამ ამაოდ. როცა მისი დაკითხვამ მოხერხდა, მან მხრები აიჩეჩა - „სიგარეტს ვეწეოდი, არც გამიგია, ვინმე თუ მომიახლოვდა, ზურგში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, იმდენად ძლიერი, რომ პირველი 4-5 საფეხური უბრალოდ ვიფრინე და მერე დავენარცხე. შემდეგ, აზრზე საავადმყოფოში მოვედი. ახლომახლო არავინ დამინახავს, არც ხმა გამიგონია და შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო. იმედი მაქვს, იმ კოლეგის ალიბი გადაამოწმეთ, რომელზეც მე ადრე გესაუბრეთ“...

ვაი, რომ სამართალდამცავებს ყველა თანამშრომლის ადგილმდებარეობა ჰქონდათ დადგენილი, ყველას ჰყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც ამოწმებდა, ერთად ვიყავითო და ისე გამოდიოდა, რომ დაზარალებულს ხელი სრულიად უცხომ ჰკრა, რაც გამორიცხული იყო, რადგან დაცვისა და სპეციალური საშვის გარეშე, უცხო პირი შენობაში ვერ შევიდოდა და იმ დროისთვის არცერთი საშვი გაცემული არ იყო. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა და დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა კაცის მოშორება მართლაც ძალიან სურდა ვიღაცას, მაგრამ ვის და რატომ?

„ჩვენ ყველას ალიბი გადავამოწმეთ, სრულად აღვადგინეთ სურათი, ვინ სად იყო იმ დროს, თუმცა გამოგვრჩა ერთი ადამიანი - დირექტორი. მისთვის ალიბი არც გვიკითხავს და თანაც, გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს, მისი მდივანი ადგილზე არ იყო და საპირფარეშოში დაქალს ეჭორავებოდა. დირექტორზე თვალთვალი დააწესეთ, ეგებ, სწორედ მას სურს ნაშრომის მითვისება“, - თქვა გამომძებელმა და ეს ვერსია ძალიან რეალური ჩანდა.

ძიებამ შედეგი მეორე დღესვე მოიტანა. დირექტორი სამუშაო დროის გასვლის შემდეგ შეყოვნდა, დაახლოებით, ერთი საათით გვიან გამოვიდა სამსახურიდან და რაც მთავარია, მარტო არ გამოსულა - მასთან ერთად, შენობა დაზარალებულის საცოლემ დატოვა, ისინი სამსახურის „ვოლგაში“ ჩასხდნენ და გეზი დირექტორის სახლისკენ აიღეს. ქალი სადარბაზოში ისე შეკუნტრუშდა, იქ პირველად აშკარად არ იყო და ძალოვნებმაც მეზობლები გამოჰკითხეს.

„ეს ქალი, ლამის ყოველდღე აქ არის, ამბობენ, ამ კაცის საყვარელიაო, მაგრამ რატომ საყვარელი, უცოლო კაცია. მართალია, ქალზე ათი წლით უფროსია, მაგრამ, ალბათ, ცოლად მოყვანას აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ღიად არ ივლიდნენ“, - თქვეს ჭორიკანა მეზობლებმა.

სამართალდამცავებმა დაზარალებული დაარიგეს, სამსახურში რომ გახვალ, მოიმიზეზე, რომ ბევრი საქმე დაგიგროვდა და შინ წასვლას 12-მდე არ აპირებ, დანარჩენი ჩვენ ვიცითო. მართლაც, ახალგაზრდა მეცნიერი ასეც მოიქცა, ხმამაღლა გამოაცხადა, დღეს 12-მდე უნდა ვიმუშაოო და როცა 12-ისთვის შენობა დატოვა, გადაწყვიტა, ტაქსი გაეჩერებინა. ამ დროს, საიდანღაც დირექტორის მანქანაც მოვიდა, დირექტორმა ავტომობილიდან ხელქვეითს ხელი დაუქნია და სახლში წაყვანა შესთავაზა. მეცნიერი დათანხმდა და წინა სავარძელზე მოკალათდა. სამართალდამცავებმა „ვოლგას“ გზა მაშინ გადაუჭრეს, როცა ის ქალაქიდან გასვლას აპირებდა. დირექტორის მკვრივ მუშტს, ახალგაზრდა კაცი, კიდევ ერთხელ გაეთიშა.

„მთელი ცხოვრება იდიოტი იყო, ჭკვიანი იდიოტი. ახლა რაღაც წამალი გამოიგონა და ვფიქრობ, მართლაც კარგი რამ შექმნა, მაგრამ რად გინდა, ვერ გამოიყენებდა. მარტო ის რად ღირს, რომ უყვარს ქალი, რომელიც ჩემი საცოლე კი არა, პრაქტიკულად, ცოლია და ორი წელია, ერთად ვცხოვრობთ. როცა ეს გავიგე, გადავწყვიტე, მისი გამოგონება მიმეთვისებინა, ჩემს საცოლეს ვთხოვე და ნაშრომები გამოართვა, ვითომ უნდა წაეკითხა და იმანაც სიხარულით მისცა. ასლები გავაკეთე, ახლა ხელნაწერებსაც ვაკეთებდი და... ბედმა მიმუხთლა“, - გულდაწყვეტით ამბობდა დირექტორი.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში კი ის გახლდათ, რომ გამოგონება რუსეთში წაიღეს და იქიდან პასუხი მოვიდა, რომ რაღაცები სწორად არ იყო გათვლილი და ამიტომ, წამალი წარმოებაში არ ჩაეშვებოდა.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე