გავლენიანი მაღალჩინოსნის შვილის ფეხმძიმე შეყვარებული ავარიას ემსხვერპლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ამ სტატისტიკას ვერაფრით ვაუმჯობესებთ და წლიდან წლამდე, ასეულობით ადამიანს სწორედ გადაჭარბებული სიჩქარის, სიმთვრალისა და სხვადასხვა მიზეზის გამო ვკარგავთ. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა შორის ბევრია არასრულწლოვანი, ჩვილი ბავშვი, ორსული. ისევ გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებით კანონი უფრო უნდა გამკაცრდეს და მაგალითად, ნასვამ, ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მძღოლს მართვის მოწმობა არა ერთი და ორი წლით, არამედ, სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას. სხვაგვარად, არაფერი გამოდის, ვერ თუ არ მიეჩვივნენ ქართველი მძღოლები, რომ ნასვამი, ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნის შემთხვევაში, ავტომობილის მართვა არ შეიძლება.

 

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბანალური დასაწყისი და ზედმეტად დრამატული ფინალი ჰქონდა. მერე, როცა ყველაფერი დასრულდა, ვიღაცებმა თქვეს, რომ მომხდარი ახალგაზრდული გამოუცდელობის ბრალია, სხვებმა გათამამებულ, „მამიკოს ბიჭების“ თაობას დააბრალეს, სინამდვილეში კი...

წყნეთიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლს, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა, ავტომობილი დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლი კი მიიმალა. რა თქმა უნდა, მიიმალა საკუთარი მანქანით და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ წყნეთის მიმართულებით ბევრი ავტომობილი არ მოძრაობდა, მოწმის პოვნის იმედიც ძალიან მცირე იყო. გარდაცვლილის ვინაობა მალე დაადგინეს და ისიც გაარკვიეს, რომ ახალგაზრდები (მათ შორის, ეს გოგოც), წყნეთში, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის აგარაკზე ერთობოდნენ და მეტიც, ეს გოგო, სწორედ იმ მაღალჩინოსნის შვილის შეყვარებული იყო. ახალგაზრდები დაკითხეს და, პრაქტიკულად, ყველამ ერთი და იგივე ჩვენება მისცა.

„გარდაცვლილი და სახლის პატრონი დიდი ხნის შეყვარებულები არიან, ველოდებოდით, რომ დღე-დღეზე იქორწინებდნენ. ახლა, რომ ვქეიფობდით, გარდაცვლილმა თქვა, სიურპრიზი მაქვს, რომელსაც სუფრის ბოლოს ხმამაღლა გამოვაცხადებო და ყველა ამ სიურპრიზის მოლოდინში ვიყავით. მერე რაღაც მოხდა, სახლის მეპატრონემ თქვა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო და იმის მიუხედავად, რომ ნასვამი იყო, საჭესთან უახლოეს ძმაკაცთან ერთად დაჯდა და წავიდა. გოგონამ თქვა, მართლაც, რაღაც ხდებაო და უკან მოტოციკლით დაედევნა. ეს მოტოციკლი შეყვარებულმა უყიდა, გიჟივით დააქროლებდა და არასდროს იკეთებდა ჩაფხუტს, არ მიყვარსო. ამჯერადაც ასე წავიდა, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა“...

გამომძიებლებმა ბიჭებიც დაკითხეს, მათ მხრები აიჩეჩეს, ჩვენ არავინ გვინახავს, რამდენიმე მანქანა კი გაგვცდა, მაგრამ აბა, რა ვიცით, იმას რომელი დაეჯახაო. ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმეს ის ავტომობილიც, რომლითაც ბიჭები იყვნენ წასულნი და მას დაზიანება არ ეტყყობოდა ანუ ისინი ავარიასთან კავშირში არ იყვნენ. მაშინ, ავტოსახელოსნოებიც არ იყო ასე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გახსნილი და ამიტომ, მათი მეპატრონეები და ხელოსნები კატეგორიულად გააფრთხილეს, თუ საეჭვო დაზიანებით მიიყვანდნენ ავტომობილს გასაკეთებლად, აუცილებლად ძალოვნებისთვის უნდა ეთქვათ. ამასობაში, ექსპრტიზის დასკვნაც მოვიდა, რამაც ძიება უფრო დაამწუხრა - გოგონა ორსულად იყო და სავარაუდოდ, ეს გახლდათ ის სიურპრიზი, რომლის გამოცხადებასაც აპირებდა. განმეორებითი დაკითხვის დროს ბიჭმა მხრები აიჩეჩა, არ ვიცოდი, თუ ორსულად იყო და ზოგადად, დაახლოებით, ორი კვირის წინ ვუთხარი, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა, მე სხვა შემიყვარდა და მალე ქორწილიც უნდა მქონდეს-თქო. ეს რაღაც ახალი იყო, ის, რომ ბიჭს სხვა უყვარდა, არცერთმა მისმა მეგობარმა არ იცოდა, მაგრამ ბიჭი ჯიუტად ამტკიცებდა, ყველამ ყველაფერი იცისო და იმ გოგონას ვინაობაც დაასახელა, ვის მოყვანასაც აპირებდა. გოგო მამამისის მეგობრის, გავლენიანი მაღალჩინოსის შვილი გახლდათ და მართლაც, ქორწილი ერთი თვის შემდეგ იყო დანიშნული.

ძალოვნებმა ხელები უიმედოდ ჩამოუშვეს, მიხვდნენ, თუ ავტოსახელოსნოებიდან არ იქნებოდა რამე საინტერესო, ვერაფერს გახდებოდნენ. თანაც, არც ის იცოდნენ, რამდენად დიდი დაზიანება მიადგა ავტომობილს? ვინ იცის, ეგებ, ოდნავ დაზიანდა, უმნიშვნელოდ, ისე, რომ მისი მფლობელი მანქანას გასაკეთებლად სამი-ოთხი თვის შემდეგ მიიყვანდა, ან საერთოდ არ მიიყვანდა. ამასობაში, ქორწილის დღეც მოვიდა და ერთ-ერთმა გამომძიებელმა, ყოველი შემთხვევისთვის, გადაწყვიტა დასწრებოდა, უფრო ზუსტად, თვალი შორიდან მიედევნებინა და ასეც მოიქცა. დიდი ბედნიერება არც სიძეს ეტყობოდა, არც - პატარძალს, უფრო კმაყოფილები მათი მშობლები ჩანდნენ, მაგრამ ეს არ იყო მთავარი - გამომძიებლის ყურადღება ამ ავტომობილმა მიიპყრო, რომელიც შეამოწმეს და რომელიც სიძეს ეკუთვნოდა. მას კარგად ახსოვდა, რომ როცა ერთი თვის წინ მანქანა ნახეს, მას შინდისფერი ჩიხოლები ჰქონდა, გაუკვირდა კიდეც, მწვანე მანქანას შინდისფერი ჩიხოლები რომ არ უხდებოდა, ახლა კი, ჩიხოლები მომწვანო ფერის იყო. ახლოს მივიდა, დააკვირდა და იმასაც მიხვდა, რომ ჩიხოლები ახალი ნამდვილად არ იყო ანუ არ შეუცვლიათ. მაშინ შემოირტყა თავში ხელი გამომძიებელმა, როცა გაიხსენა, რომ ავტომობილი უბრალოდ გარედან დაათვალიერეს, სანომრე ნიშანი შეამოწმეს და არ შეამოწმეს ძრავის ნიშანი. მარტივად შეიძლებოდა, ნომრები სხვა მანქანაზე გადაეტანათ და ის ენახებინათ სამართალდამცავებისთვის. იგივე მარკისა და იგივე ფერის ავტომობილი, სიძის მაყრიონში კიდევ იყო და მას... შინდისფერი ჩიხოლები ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გამოძიება უბრალოდ მოატყუეს, „დიდი კოვზით აჭამეს“ და მათაც სატყუარა გადაყლაპეს.

ქორწილის მეორე დღეს, შესაბამისი ორდერით, გამომძიებელი მანქანის ახლიდან სანახავად მივიდა. ავტომობილი „ამოიღეს“ და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნით, მას წინა, მარჯვენა „კრილო“ ახალი შეღებილი ჰქონდა. ცხადი გახლდათ, ავარია სწორედ ამ ავტომობილით მოხდა, მაგრამ გამორიცხული იყო, ბიჭს რამე ეღიარებინა, მით უმეტეს, პირველად მანქანაზე ეჭვი არ მიუტანიათ და იმ ახლობელმაც მარტივად დაადასტურა, მანქანის ჩიხოლებს ხანდახან ვხსნით და ერთმანეთს ვუცვლითო, რაც რეალურად, დიდი სისულელე იყო. მთავარი ის გახლდათ, ეპოვათ ხელოსანი, რომელმაც მანქანა ჩუმად გადაღება და სამართალდამცავების გაფრთხილების მიუხედავად, მათ არ შეატყობინა. მანქანის მღებავი თბილისში თითზე ჩამოსათვლელი იყო და ძალოვნებმა ყველა „პრესში“ გაატარეს, დაემუქრნენ, ხელიც შემოარტყეს და ერთ-ერთმა აღიარა, საერთო ნაცნობის მეშვეობით მომაგნეს, 1000 მანეთი გადამიხადეს, მე რა ვიცოდი, რომ ქალი იყო მკვდარი, თანაც ორსული ქალიო. ხელოსანმა პირობა დადო, რომ სასამართლოზე იგივეს გაიმეორებდა და ახლა მთავარი გახლდათ, ამ ოქროს მოწმეს გაფრთხილებოდნენ. ბიჭი დააკავეს, დააკავეს მისი მეგობარიც, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვაში დასდეს. სწორედ ეს უკანასკნელი დაამუშავეს საგულდაგულოდ, თუ ითანამშრომლებ, მხოლოდ პირობითს მოგცემთ, თუ არადა, რეალური „სროკი“ არ აგცდებაო. მანაც ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო.

„არ ვიცი, ვინ, მაგრამ შუა ქეიფის დროს, ჩემს მეგობარს უთხრეს, რომ მისი შეყვარებულის სიურპრიზი მისი ორსულობა გახლდათ. ამ დროს, მამამისს კატეგორიულად ჰქონდა საკითხი დაყენებული, ვინ უნდა მოეყვანა მის შვილს ცოლად და როგორ უნდა დაენებებინა თავი ვიღაც ალქაჯისთვის, რომელიც მოტოციკლით დაჰქროდა. ბიჭი მამას წინააღმდეგობას ვერ უწევდა და გადაწყვიტა, იმ საღამოს ყველაფერი დაესრულებინა, მაგრამ ორსულობის გაგებამ შეაშინა, დააბნია და იქიდან უბრალოდ წასვლა დააპირა, მეც გავყევი და მალე შეყვარებული დაგვეწია. არ უჩერებდა, ის წინ გადაუდგა მოტოციკლით და დაუმუხრუჭა. ამან დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო, მარჯვენა გვერდი გაჰკრა და გზიდან გადააგდო. არ გაგვიჩერებია, რადგან თან შეგვეშინდა, თან გვეგონა, რომ დარტყმა არცთუ ძლიერი იყო. მაშინვე მანქანის გადამალვაზე დავიწყეთ ფიქრი, მაგრამ მერე მივხვდით, რომ სამართალდამცავები აუცილებლად მოითხოვდნენ მის ნახვას. ამიტომ, ჩემი მეგობრის მამასთან მივედით და ყველაფერი მან დაალაგა. მალე გავიგეთ, რომ გოგონა მოკვდა და მერე უკვე, ყველაფერი იცით“, - განაცხადა მეგობარმა.

მეგობარს მართლაც პირობითი მსჯავრი მისცეს, მაგრამ სერიოზული სასჯელი მთავარმა დამნაშავემაც აიცილა. მამამ და სიმამრმა იმდენი ქნეს, რომ მას მხოლოდ ოთხი წელი მისცეს, წელიწადნახევრის შემდეგ კი, ციხიდან გაათავისუფლეს.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე