სამშობიაროში გამხელილი საიდუმლო, რომელიც მკვლელობის საბაბი გახდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საიდუმლო შენი პატიმარია, თუ გაეცი, შენ ხდები მისი პატიმარი“, - სიბრძნე, რომელიც წესითა და რიგით, ყველას გათავისებული უნდა ჰქონდეს. ამბობენ, დუმილი ოქროაო, ეს, მართლაც, ასეა და ბევრმა, ძალიან ბევრმა რომ იცოდეს, როდის უნდა გაჩუმდეს, შესაძლოა, სამყარო უკეთესიც იყოს. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, თავისი გმირიც ჰყავს და ანტიგმირიც და საბოლოო ჯამში, მოსამართლემ გადაწყვეტილება, ალბათ, უფრო გულის კარნახით მიიღო, ვიდრე - კანონის ძალითა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით. არადა, ყველაფერი, თითქოს ძალიან, ძალიან ბანალურად დაიწყო...

90-იანები იდგა და ამიტომ, ყაჩაღობა, ქურდობა თუ მკვლელობა უცხო ხილი არავისთვის იყო. ღამეს ვინ ჩივის, დაბინდებულზეც კი გარეთ გასვლას ყველა ერიდებოდა, მაგრამ როცა აუცილებელი იყო, ადამიანები მაინც რისკავდნენ, გარეთ გადიოდნენ და... სწორედ ასე, შებინდებულზე თქვა ქალმა, მალე მოვალ, მეგობარს უნდა შევხვდეო, სახლიდან გავიდა და ორი საათის შემდეგ, ავტოფარეხებთან გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ვერსიით, ქალს თავში რაღაც ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ყველაფერი, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით მოხდა, რათა ქალის ჩანთა ამოტრიალებული იყო, ფული არსად ჩანდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა თქვეს, მაქსიმუმ, იმდენი ფული ექნეოდა, 2-3 პურის საყიდლად თუ ეყოფოდაო, ოქროულობა კი მანამდე, გაჭირვების ჟამს, გაყიდეს და შესაბამისად არ ეკეთა. მეორე დღეს თქვა ექსპერტმა, თავში არაფერი ჩაურტყამთ, ხელი კრეს, ან უბრალოდ წააქციეს და დაცემის დროს, მიწიდან ამოწვერილ რკინის ნაჭერზე დაარტყა თავი და მაგის გამო გარდაიცვალაო. ასე იყო თუ ისე, სამართალდამცავებს გვამი ჰქონდათ, ძარცვის კვალიც სახეზე იყო და საქმე უნდა გამოეძიებინათ.
გარდაცვლილს სახლში შვილი და რძალი დარჩა, რომელსაც ორ თვეში უნდა ემშობიარა. როგორც გაირკვა, ოჯახს ძალიან უჭირდა, იმდენად, რომ ქალი რამდენიმე ადგილზე მუშაობდა დამლაგებლად, ბიჭიც თავს იკლავდა, შავ მუშად ყოფნას არ თაკილობდა, მაგრამ რად გინდა, შედეგი ნული იყო. ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ თავი ნორმალურიად ერჩინა და ახლა, ახალშობილი ნამდვილი სასჯელი იქნებოდა - მისი გაზრდისთვის დედა-შვილს უფრო უნდა ეწვალა. რძალი კი წუხდა, რამე რომ შემეძლოს, მეც ვიმუშავებდი, მაგრამ ამხელა მუცლით როგორ მოვახერხოო და მართალიც გახლდათ, ასეთი მუცლით მუშაობა წარმოუდგენელი იყო.
„მტრები არ გვყავს. კი ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ და რა მტრები, ჩვენი მთავარი საზრუნავი ყოველდღიური ლუკმა-პურის შოვნაა და წვალებით ხან ვახერხებთ, ხან - ვერა. ისეც ყოფილა, რომ მე და დედას არ გვიჭამია, ჩემს ცოლს რომ ეჭამა და ბავშვს, რომელსაც ველოდებით, შესაბამისი საკვები ჰქონოდა. ახლა არ ვიცი, რა მეშველება, ის კაპიკები, რომელსაც დედას დალაგებაში უხდიდნენ, ძალიან გვშველოდა“, - წუხდა შვილი.
გამოძიებას ერთადერთი ვერსია ჰქონდა - ქალი რიგითი მძარცველების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მას ჩანთის წართმევა დაუპირეს, გარდაცვლილმა არ დაანება, მერე ხელი ჰკრეს, ის წაიქცა, თავი დაარტყა და მძარცველებმა ჩანთა ამოატრიალეს, ეგებ, არც კი იცოდნენ, რომ ქალი მოკვდა და გაიქცნენ. ასეთი საქმის გახსნა ძალიან რთული იყო და იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველებმა აგენტურული ქსელიც „ამოქოქეს“, იმედი, რომ საქმე გაიხსნებოდა, ძალიან მცირე გახლდათ. ამის მიუხედავად, ძალოვნები გასვენებაშიც წავიდნენ, იქნებ, ვინმეს ისეთი რამ წამოსცდეს, რაც არ ვიცითო და არც შემცდარან - ქალის ერთ-ერთი მეგობარი სადაქალოს ეჭორავებოდა, ეს უბედური რაღაც შარში იყო გახვეული, ბოლო ერთი კვირა იმას მიმტკიცებდა, ძალიან, ძალიან დიდ ფულს ვიშოვი, ისეთი მეწველი ძროხა გამოვიჭირე, მთელი ცხოვრება უზრუნველად ვიცხოვრებო. ეს გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, რადგან გამოდიოდა, რომ ქალი ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებდა. ამიტომ, საჭირო იყო, ის ორგანიზაციები თუ ბინები მოენახათ, სადაც ქალი ალაგებდა და მერე ეგებ, ისიც გაერკვიათ, რას მოჰკრა ყური ისეთს, რომ ყველაფერი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. გარდა იმისა, რომ აგენტურული ქსელი ვერაფერს ამბობდა, ქალის ჩაცმულობის მიხედვით, მასზე „გოპ-სტოპ“ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო.
„დედა მართლა გულიანად ალაგებდა, ვიცი, რომ სამ სახლში მუდმივად დადიოდა, კიდევ ორ საწარმოში. ცოტა ხნის წინ თქვა, ძველი, ძალიან ძველი მეგობარი ვნახე შემთხვევით, მისი სახლის დასალაგებლად მივედიო და ყველაფერი რაღაცნაირად ახარებდა, თითქოს რაღაც იმედის სხივი გაუჩნდა. ვიფიქრე, ეგებ, მეგობარი რაიმე სამსახურს დაჰპირდა-თქო, მაგრამ მსგავსი არაფერი უთქვამს. სახელი და გვარიც მახსოვს იმ ქალის, მაგრამ ვერ გავიხსენე, დედას მანამდე რომ ეთქვა, ჩემი მეგობარი იყოო და არც ბავშვობაში მახსენდება, ჩვენთან სტუმრად რომ მოსულიყო, ან ჩვენ წავსულიყავით მასთან“, - უთხრა გამომძიებელს შვილმა.
სანამ ქალის დასაკითხად წავიდოდნენ, სამართალდამცავებმა მისი ვინაობის გარკვევა დაიწყეს და საინტერესო დეტალს მიაგნეს. ქალს ქმარი და ერთი შვილი ჰყავდა და ის შვილი იმავე სამშობიაროში და იმავე დღეს გააჩინა, როცა გარდაცვლილმა იმშობიარა. მეტიც, ჩანაწერების მიხედვით, მათ პალატაში ერთად 4 დღე გაატარეს და რაც მთავარია, მხოლოდ ორნი იყვნენ ანუ ოთხი დღის განმავლობაში, მათ შეეძლოთ, ერთმანეთისთვის ბევრი რამ მოეყოლათ, მაგრამ რა? რა შეიძლება უთხრას ერთმა მშობიარემ მეორეს ისეთი, რომ ათეული წლების შემდეგ, მისი მოკვლის სურვილი გაგიჩნდეს? შეამოწმეს სხვა ბინებიც და ობიექტებიც და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა რამე გაეგო, ან ძველი ამბავი გაეხსენებინა, სწორედ იმ ქალის სახლი იყო. ქალზე თვალთვალი დაწესდა, მაგრამ ამაოდ - ის სახლიდან პრაქტიკულად არ გადიოდა და თუ გადიოდა, მხოლოდ პროდუქტის საყიდლად, რათა შვილისა და ქმრისთვის საკვები მოემზადებინა. საჭირო იყო ქალისთვის ისეთი რამ ეთქვათ, რომ აფორიაქებულიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ... მარტივი ხრიკი გადაწყდა. მის სახლის ტელეფონზე მილიციის თანამშრომელ ქალს დაარეკინეს და ათქმევინეს, დავინახე, რომ მკვლელობა შენ ჩაიდინე, უფრო ზუსტად, ხელი რომ ჰკარიო, ის ქალი რომ დაეცა, მერე ჩანთა რომ ამოატრიალე და იქიდან რაღაცები აიღე და თუ არ გინდა, ყველაფერი სამართალდამცავებმა გაიგონ, 3 ათასი დოლარი ამა და ამ ადგილზე მოიტანე, ფულის მოსაგროვებლად და მოსაფიქრებლად 5 დღეს გაძლევო.
მაშინ, 3 ათასი დოლარი ძალიან დიდი ფული იყო (თბილისის გარეუბანში, ამ ფასად ბინას იყიდდი) და მოსაგროვებლად დრო აშკარად საჭირო გახლდათ. ძალოვნები ეჭვმიტანილის თვალთვალს აგრძელებდნენ და დარეკვიდან მეორე დღეს, გამარჯვებაც იზეიმეს - ქალი ლომბარდში წავიდა და ოქროულობა დააგირავა, პარალელურად, ყოველდღიურ რუტინას გადაუხვია და მეგობრებს ესტუმრა, სავარაუდოდ, ფულის სასესხებლად. გამომძიებლები ხუთ დღეს აღარ დაელოდნენ, ქალს მეორე დღეს, დილით მიაკითხეს სახლში და პირდაპირ უთხრეს, ვიცით, მკვლელი შენ ხარ და თუ აღიარებით ჩვენებას მოგვცემ, სასჯელი შეგიმსუბუქდება, მით უმეტეს, ექსპერტს უკვე დასკვნა აქვს დაწერილი, რომ მკვლელობა გაუფრთხილებლობით მოხდაო. ქალმა ტირილი დაიწყო, მერე კი სავარძელში ჩაჯდა, თავი ჩაღუნა და დაიწყო:
„მოკვლა არ მინდოდა, თუმცა მოსაკლავი კი იყო. მე და ჩემს ქმარს ერთმანთი ბავშვობიდან გვიყვარდა. ბაღში ერთად, სკოლაში ერთად, უნივერსიტეტშიც კი ერთად. მერე, ყველაფერი ლოგიკურად, ქორწილით დასრულდა. 3-4 წელი შვილი რომ არ გაგვიჩნდა, სერიოზულად შევშფოთდით და ექიმებთან სიარული დავიწყეთ. ექიმი ჩემი დეიდაშვილი იყო და მან მითხრა, შენი ქმარი უნაყოფოა, ვერასდროს შეძლებს შვილის ჩასახვას და ამას უნდა შეეგუოო. რა უნდა მექნა? სხვა კაცი ჩემს გვერდით არ წარმომედგინა, ქმრისთვის ეს რომ მეთქვა, შეიძლება თავი მოეკლა, ძალიან, ძალიან ამაყი და თავმოყვარეა. ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, ეგებ, სხვისგან გააჩინო და არც არავის ეცოდინებაო. ეს ფიქრი მაწუხებდა და მერე ისე მოხდა, ქმართან ერთად, ზღვაზე წავედი დასასვენებლად, ქმარი სამსახურის საქმეებზე სამი დღით დაბრუნდა... იმ სამ დღეში, მოვასწარი და ვიღაც კაცთან ორი ღამე გავატარე. მას შემდეგ, ის კაცი არ მინახავს. ფეხმძიმედ დავრჩი, ჩემი ქმარი სიხარულით დაფრინავდა და ბიჭი გავაჩინე. ახლაც არ ვიცი, რატომ... აი, მთელი ცხოვრება ვეკითხები ჩემს თავს, რატომ მოვუყევი ვიღაც უცხო ქალს პალატაში ყველაფერი. მერე წლები გავიდა, თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ შინაგანად ველოდი, რომ ადრე თუ გვიან, იმ ქალს სადმე გადავეყრებოდი. 30 წელი გავიდა, მაინც არ მასვენებდა ეს ფიქრი. ცოტა ხნის წინ, ხელი ვიღრძე და სახლის „გენერალური უბორკა“ მქონდა გასაკეთებელი. მეგობარმა მირჩია, კარგი დამლაგებელიაო და ეს „კარგი დამლაგებელი“ სწორედ ის აღმოჩნდა, ვისი გამოჩენისაც მთელი ცხოვრება მეშინოდა. რა თქმა უნდა, მიცნო, მერე ის ამბავი გაიხსენა და წავიდა. დილით დამირეკა, ნახვა მინდა შენიო. მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ისე მიჭირს, ფული უნდა გთხოვო და ნუ მაიძულებ, შენს ქმარს ყველაფერი მოვუყვეო. 500 დოლარი მთხოვა, მეორე დღისთვის სახლთან დამიბარა და სიმართლე გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე, რადგან არ იყო 500 დოლარი დიდი თანხა. ვიშოვე და მივედი, იმან კიდევ, დაიმახსოვრე, დღეს რა რიცხვია, 500 დოლარი ყოველ თვე უნდა მიხადოო. თვალთ დამიბნელდა, გავმწარდი და ხელი ვკარი. რომ დაეცა და მხოლოდ ერთხელ დაიკვნესა, ვიფიქრე, გონება დაკარგა-მეთქი, მერე მივხვდი, რომ მოკვდა. ჩემი ფული ავიღე, ჩანთა ამოვატრიალე, ძარცვა რომ ჰგონებოდათ და წავედი. სულ ეს არის“, -დაასრულა მოყოლა ქალმა.
სასამართლომ გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის ქალს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი მისცა.

ავტორი-ბათო ჯაფარიძე