,,სიყვარული , სექსი და ვნება საზოგადოებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის წარმოუდგენია’’- ექსკლუზივი ლგბტ+ თემის წარმომადგენელთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება ორად არის გაყოფილი.  სამწუხაროდ,  დღესაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უწევს საკუთარი თავის დამალვა მოსახლეობის აზრის გამო. დღეს ლგბტ+ თემი ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ მათ ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ. „ვერსია“ დაუკავშირდა ამ თემის  ერთ-ერთწარმომადგენელს ი.გ-ს და გთავაზობთ ინტერვიუს.

 

- როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში დღემდე სიყვარული და გრძნობები სქესით განისაზღვრება?

- ეს საკითხი უძველესი დროიდან მოყოლებული ჩარჩოებში ზის და ვერ გავცდით ჯერ -ჯერობით ამ საზღვრებს. სიყვარული, სექსი, ვნება და ა.შ., მოსახლეობის 90% მხოლოდ ქალსა და კაცს შორის წარმოუდგენია. ამას განაპირობებს მოსახლეობის ჩარჩოებში მოქცეული აზროვნება და ასევე ის, რასაც ჩვენი რელიგია ქადაგებს. რელიგიისა და შესაბამისად, ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს კიდევ ცალკე თემაა და  ამჯერად თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან.

- ძირითადად , რა პრობლემები შეგიძლიათ გამოყოთ და თუ შეგიძლიათ მიამბოთ კონკრეტული მაგალითები?

- რა თქმა უნდა, პრობლემა არის დისკრიმინაცია და ყველა ამბავს საკუთარ თავზე გადამხდარსა თუ მოსმენილს დისკრიმინაციამდე მიყავხარ.  ეს არ ეხება მხოლოდ ლგბტ+ საზოგადოებას, მოსახლეობის უმრავლესობას აქვს განსხვავებული აზრისა და შეხედულებების მიუღებლობა და როგორც  კი ვინმეს შეამჩნევენ, ვინც განსხვავებულია, იწყება მაშინვე მათი ჩაგვრა.

- წინა წლების მიხედვით, ლბტქ+ წარმომადგენელი პირები ხშირად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი.  ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს მათ მიმართ ძალადობა შემცირებულია,  თუ შეგიძლიათ გვითხრათ მათ მიმართ ძალადობა უფრო ხშირად სად ხდება?

- ძალადობისა და მკვლელობის დონე, რა თქმა უნდა, შემცირებულია, მაგრამ მხოლოდ შემცირება არ კმარა. ადამიანის ნებისმიერი სახით დისკრიმინაცია და განსაკუთრებით ძალადობა საშინელებაა. თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ძალადობა ხალხმრავალ ადგილებში არ შემიმჩნევია.

- როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი იდენტობის აღიარების ეშინიათ?

-  ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა საკუთარი თავის სიყვარულია. ადამიანს, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი,  მას არ შეეშინდება საკუთარი იდენტობის დამალვა. რა თქმა უნდა, ბოლომდე მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც სოციუმი არ ჰყავს ისეთი, ვისთანაც ვერანაირად ვერ გაამჟღავნებს საკუთარ იდენტობას.  ამ შემთხვევაში ერთი რჩევა მექნება -  სასწრაფოდ გაეცალონ ნეგატიურ ადამიანებს და იპოვნონ ის წრე, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობენ.

- და დღეს არის ისეთი ადგილები სადაც თავს ბედნიერად იგრძნობენ?

-  რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ქვიარ ბარი, ორგანიზაცია და ღამის კლუბები, სადაც ლგბტქ+ ადამიანები არიან თავმოყრილი, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც არ უკვირს განსხვავებული აზრი, ჩაცმულობა ან შეხედულებები.

- რითი ცხოვრობენ ეს ადამიანები, რა შემოსავალი აქვთ?

- ეს პრობლემა ძირითადად ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრებაში დგას, მათთვის ურთულესია ნორმალური სამსახურის შოვნა. იყო დრო, როცა მათ საჭმლის ფულის მოსაპოვებლად უწევდათ სხეულით ვაჭრობა, ეს რეალობა დღესაც გვხვდება, მაგრამ ჩანს მინიმალური პროგრესიც. ვხვდებით ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც დასაქმულნი არიან საჯარო სივრცეებში, მაგრამ ეს მხოლოდ  1%-ს შეადგენს.

- საქართველოს მოსახლეობას უჭირს გაიაზროს, რომ მათი იდენტობა არ ნიშნავს იმას, რომ რამით უნდა შეიზღუდონ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მიაღწიონ საზოგადოების თანაგრძნობას და რა ტიპის ინფორმაციები უნდა მიაწოდონ ადამიანებს , რეალობის სწორად აღქმა რომ შეძლონ?

- ცნობიერების დონის ამაღლება ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს და უნდა ვასწავლოთ ბავშვობიდან შვილებს, რომ პატივი სცენ ადამიანის თავისუფლებასა და თავისუფლების გამოხატულობის ინდივიდუალურ ფორმას. სწორედ ის, რაც უნიკალურ პიროვნებებად გვაქცევს.  ამ იდეის ჩანერგვით მივიღებთ იმ ჯანსაღ თაობას, ვისთვისაც პიროვნული თავისუფლება იქნება პრიორიტეტი, რაც განაპირობებს  ვიყოთ ტოლერანტულები განურჩევლად სექსისა, რასისა თუ ორიენტაციისა. ამასთანავე, საზოგადოებამ უნდა მიიტანოს ხმა, რომ გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი და ნებისმიერი სხვა სექსუალური მქონე ადამიანიც, ჩვეულებრივი ადამიანია, რაც საკმაოდ რთული გასაგები აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან , ნელ-ნელა ვცვლით მინიმალურად საზოგადოების მდგომარეობას.

- საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად საუბრობენ ძალადობაზე ხმამაღლა.  შენი აზრით, რა არის  ამის მიზეზი?

- პირველ რიგში, საქართველოში ყველა სახის ძალადობა ტაბუირებულია. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია ძალადობა და ამაზე ხმამაღლა უსაუბრია, ყოველთვის მიუღია სტერეოტიპებით ჩამოყალიბებული იარლიყები.  მაგალითად, ქალმა გამოიწვია და გააუპატიურეს... ამის შემდგომ ქალი ხდება დაცინვის, ბულინგისა და უამრავი უხამსი ქმედების ობიექტი. მაშინ როდესაც ამ წინადადებაში უმძიმესი სიტყვაა ,,გააუპატიურეს’’, ჩვენ რატომღაც გამოწვევაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც კიდევ ერთხელ მოსახლეობის ცნობიერების დონეს განსაზღვრავს.

ვფიქრობ ესაა მიზეზი,  რომ ძალადობის მსხვერპლნი ხშირად დუმილს ამჯობინებენ... იციან, რომ ვერც საზოგადოებისგან მიიღებენ თანაგრძნობას, ვერც სახელმწიფო დაიცავს მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს და მეტიც, ხშირად, არც იმის საშუალება აქვთ, საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ. განსაკუთრებით ეს ეხება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რადგან მათზე უკვე წინასწარ შექმნილია საზოგადოებრივი აზრი, რაც აპრიორი შედეგზე ახდენს გავლენას.   რა თქმა უნდა ორმაგად ტაბუს ადებს ამ თემას.

- რა როლი აქვს ამ პრობლემის გადაჭრაში მშობელს - ფაქტია, რომ როდესაც ადამიანი იწყებს  მშობლებთან ორიენტაციაზე საუბარს, თანაგრძნობისა და გვერდით დგომის ნაცვლად, აგრესიას ადა უკუშედეგს იღებს - აგდებენ სახლიდან, აღარ ელაპარაკებიან, ცდილობენ „გამოასწორონ“, „აღზარდონ“, უკიდურეს შემთხვევაში ხდება ოჯახისგან აბსოლუტური  დისტანცირება.  პრობლემა საკმაოდ რთულია, თუმცა, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

- რა თქმა უნდა, მშობლისთვის გარკვეულწილად რთული მისაღებია ის ფაქტი, რომ მისი შვილი განსხვავებული ორიენტაციის მატარებელია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში შექმნილი პრობლემა - მშობელი ყველა ქვეყანაში  მშობელია და მათი მენტალობა თაობების განმავლობაში ყალიბდებოდა.  თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ უდიდეს როლს თამაშობს არა მშობლის აზრი, არამედ ახლობლების, მეზობლების, მეგობრების, საზოგადოების  აზრი  - რას იტყვიან ისინი, როგორი რეაქცია ექნებათ, როგორ იმოქმედებს შვილის ორიენტაცია ოჯახის რეპუტაციაზე.
ჩემი აზრით, მთავარია, ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე აგოს პასუხი და სხვის აზრს არ მისცეს უფლება, მასზე ზეგავლენა მოახდინოს.

- ეს საკმაოდ რთულია. გაქვთ თქვენს ირგვლივ ასეთი პრეცედენტები და თუ შეგიძლიათ კონკრეტულ მაგალითზე აგვიხსენით, მოახერხა თუ არა ვინმემ თქვენს ირგვლივ საზოგადოებაში ადაპტაცია ისე მოეხდინა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობაც და  ოჯახსა და საზოგადოებაში დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი?

- დიახ! რა თქმა უნდა, მეც და ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ვართ ლგბტ+ საზოგადოების წარმომადგენლები, ადაპტირებულები ვართ საზოგადოებასთან ისე როგორც, სხვა ყველა. დღეს ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა სამსახურში, უნივერსიტეტში და მეგობრებთან.

- და ბოლოს რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი იდენტობის აღიარება ოჯახის  წევრების და საზოგადოების  გამო  ეშინიათ?

- არავინ და არაფერი არ ღირს საკუთარი თავის ფასად, უნდა შეიყვარონ საკუთარი თავი და დაძლევენ ყველა შიშს. და თუ მაინც ფიქრობენ, რომ ზედმეტად ცუდი და აგრესიული რეაქცია მოყვება ოჯახისთვის იდენტობის გამჟღავნებას, არ არის აუცილებელი, ყველა ჩაახედონ საკუთარ ცხოვრებაში. როცა გადაწყვეტენ, რომ მათი იდენტობის გამჟღავნების დროა, მხოლოდ მაშინ გადადგან ეს ნაბიჯი.

ავტორი: სოფო მესტუმრიშვილი