როგორ შეიქმნა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიები

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

... ბათუმის ზღვა ავისმომასწავებლად მშვიდია...

სანაპიროზე ქალი დგას და უსასრულობას მიშტერებია...

ეს ქალი აფხაზია - მარი შამბა...

მარი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ 20 წელზე მეტია, მშობლიური ქალაქი არ უნახავს. არა, იქაურობა ენატრება, მაგრამ იცის, გაპარტახებული სოხუმი გულს მოუკლავს. ამიტომაც, არ ჩადის...

ომის შემდეგ, თბილისში რამდენჯერმე ჩამოვიდა... რამდენიმე წლის წინ, ქართველი კაცი შეუყვარდა - მერაბ ბლადაძე, მოსკოვში ყველაფერი მიატოვა და ბათუმში გადმოსახლდა...

- მარი, ზღვას ელაპარაკები? - ვეკითხები.

- ჰო, - თავს მიქნევს.

- სოხუმზე?

- არ გეტყვი, - იღიმის აფხაზი ქალი და საუბრის თემას ცვლის, - სოხუმში ეროვნება არ არსებობდა. ჩემ კლასში ქართველებიც სწავლობდნენ, აფხაზებიც, ბერძნებიც, სომხებიც, რუსებიც, მაგრამ ჩვენ, ყველანი „სოხუმჩანები“ ვიყავით, - ამოიოხრა შამბას ქალმა, - მგონია, რომ ომი არც რუსებს უნდოდათ.

- აბა, ომი ვის უნდოდა? - ჩავეძიე.

მარიმ ხმა აღარ გამცა, უსასრულობას მზერა მოსწყვიტა, ზღვას ზურგი აქცია და გეზი ბულვარისკენ აიღო...

ამ ზღვის გაღმა აფხაზეთია, ძირძველი ქართული მიწა, მიწა, რომლის გამოც ერთმორწმუნე „დიდმა ძმამ“ ჯვარზე გაგვაკრა... დღეს იქ, სოხუმში, ჩვენ, ქართველებს არ გვიშვებენ... აფხაზეთის წართმევაში ლომის წვლილი ქართველებსაც მიუძღვით. არა, ეს პათეტიკური ნათქვამი კი არა, რეალობაა, რეალობა, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ გვსიამოვნებს, მაგრამ სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ აფხაზეთსა და იგივე სამაჩაბლოში ბომბი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში აფეთქდა, თავის დროზე, სწორედ ქართველების ხელით ჩაიდო. როგორ? რანაირად? - ამ კითხვებზე პასუხი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნათქვამია, განმეორება ცოდნის დედააო. ჰოდა, „ვერსიაც“, ისტორიულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანუ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ X-ფაილს ადგენს.

ისე, ცოდვა გამხელილი სჯობსო და, ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკურ ღმერთებსა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილ ანგელოზებს ბრალს ვერაფერში დავდებთ. ყველაფერი ოდესღაც სამოთხიდან განდევნილი ევასა და ადამის შთამომავალთა ადამიანური ვნებების ბრალია. დიახ, აფხაზეთისთვის ავტონომიური რესპუბლიკის, სამაჩაბლოსთვის კი ავტონომოური ოლქის სტატუსის მინიჭება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური მავნებლობა და გველობა გახლდათ, რომელიც იოსებ ბესარიონის ძე სტალინს მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ დიდ რუსეთში თავი ემიგრანტად არ ეგრძნო!

ახლა, ძალიან გთხოვთ, მართლმორწმუნე სტალინელები თავს ნუ გამოიდებთ და გორელი სოსელოს ადვოკატობას ნუ დაიწყებთ, მით უმეტეს, რომ „ვერსია“ გორელი მეწაღის ვაჟს კი არ ასამართლებს, არამედ, ისტორიულ ექსკურსს აკეთებს და, დოკუმენტებზე დაყრდნობით, სიმართლეს კიდევ ერთხელ ამბობს!

მაშ, ასე: ქალბატონებო და ბატონებო, სისხლიანი დროის მანქანა დაქოქილია. ჩვენ წარსულში მოგზაურობას ვიწყებთ!

აფხაზეთის საკითხის ლენინური გადაწყვეტა

აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფლობა ოფიციალურად ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით დამტკიცდა. იმავე წლის მარტში, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის პერიოდში, ბოლშევიკებმა აფხაზეთი ოფიციალურად გამოაცხადეს დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით. ეს ის დამოუკიდებლობა იყო, რომელიც მოგვიანებით, თავად აფხაზთა ლიდერების მხრიდანაც იქნა უარყოფილი, 1992 წლის ივლისში კი, არძინბას რეჟიმმა ყველაფერი ეს, რუსეთის მიერ დაკვეთილი ინსტრუქციების აღსასრულებლად გამოიყენა... არადა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ნაციონალური დაპირისპირების ხასიათი 1918-21 წლების დამოუკიდებელ საქართველოშიც არ მიუღია. აფხაზთა ეთნოსს გარეშე სახელმწიფოები აღნიშნული კუთხის საქართველოსგან ჩამოცილებისთვის მხოლოდ საბაბად იყენებდნენ. ასე იყო 1918 წლის ივნისში, როდესაც აფხაზთა გლეხებისა და მუშების ე.წ. სოლიდარობის მიზნით, საბჭოთა რუსეთმა აფხაზეთში ორიათასკაციანი საოკუპაციო ჯარი შეიყვანა, თუმცა საქართველოს იმდრონდელი მთავრობისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დამსახურებით, დაუპატიჟებელი სტუმრები ჩრდილო-დასავლეთ საქართველოდან მალევე იქნენ გაძევებულნი. იმავე წელს, იმავე აფხაზი ხალხის დახმარების საბაბით, მთელ აფხაზეთში უკვე თურქეთის რვაასკაციანი დესანტი იქნა გადასხმული, მაგრამ გენერალ მაზნიაშვილისა და პოლკოვნიკ თუხარელის აქტიური ძალისხმევით, ოკუპანტები კვლავაც დამარცხდნენ და აფხაზეთი დატოვეს. 1919 წლის თებერვალ-მარტში, ე. წ. თეთრი რუსეთის მოხალისეთა არმიაც შეეცადა, შეჭრილიყო აფხაზეთში გენერალ დენიკინის სარდლობით. ქართული ჯარები თავდაპირველად დამარცხდნენ და გაგრის ოლქი დატოვეს, თუმცა მოგვიანებით, საბჭოელების მიერ, თვით დენიკინისა და მისი არმიის განადგურების შემდეგ, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, გაგრა საქართველოს ფარგლებში იქნა დაბრუნებული.

1921 წლის თებერვალია... საქართველოს წითელი კალიები შემოესევიან... იუნკრები მშობლიურ მიწა-წყალს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ, მაგრამ... წითელი კალიების ურდო მრავალრიცხოვანია და... თბილისის თავზე ბოლშევიკური დროშა ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთის მიერაა ოკუპირებული... 1921 წლის მარტში, რუსული ხიშტით ზურგგამაგრებული აფხაზი ბოლშევიკები აფხაზეთს დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად აცხადებენ, რომელიც მათივე მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციაში უნდა შევიდეს. მანამდე, კერძოდ, 1921 წლის 10 თებერვალს კი, გაზეთ პრავდაში სტალინის წერილი ქვეყნდება, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოსები, აფხაზები და სომხები იჩაგრებიან. ამასთან, იოსებ ბესარიონის ძე მიუთითებს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებს მეზობელი სომხეთისა და თურქეთის ხარჯზე აფართოებს. ამიტომ, ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, - ქადაგებს სტალინი და მას კვერს სერგო ორჯონიკიძეც უკრავს, რომლის ხელმძღვანელობითაც, 1921 წლის 28-29 მარტს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები ბათუმში, აფხაზეთის რევკომის ლიდერებს - ეშბას და ლაკობას შეხვდებიან. ამ შეხვედრაზე საგანგებო დადგენილებას მიიღებენ და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებას მოიწონებენ. 1921 წლის 21 მაისს, საბჭოთა საქართველოს მთავრობა, რომელსაც ფილიპე მახარაძე მეთაურობს, აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და...  ამის შემდეგ, მთელი ათი წლის განმავლობაში, ანუ 1921-დან 1931 წლამდე, აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იწოდება. მაშასადამე, წითელ საქართველოში ოფიციალურად ორი, იმდროინდელი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, თანაბარუფლებიანი რესპუბლიკა ჩამოყალიბდება, რაც აპრიორი, პოლიტიკური და სამართლებრივი ნონსენსია.

საბედნიეროდ, ამ დანაშაულს მალევე მიხვდნენ თავად ქართველი კომუნისტები. თუ თავიანთი ქვეყნის ერთიანობა სურდათ, აფხაზეთი კვლავინდებურად უნდა დაეკავშირებინათ საქართველოსთვის. თუ ეს მოხდებოდა, საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფოებრივი კავშირის ფორმაც გამოსაძებნი იქნებოდა. აფხაზეთი ხომ უკვე დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო გამოცხადებული და ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს ვინღა აკადრებდა. სხვა რა გზა უნდა გამოენახათ, ფედერაცია? კონფედერაცია? საბოლოოდ, შეჩერდნენ სახელშეკრულებო რესპუბლიკაზე. აღნიშნული აზრი მალე თვით აფხაზი ხელმძღვნელების მიერაც იქნა მოწონებული, რაც მთელი რიგი სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული. კერძოდ, თუ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციაში შესვლას დაჟინებით მოითხოვდა, საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში მას მხოლოდ ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭებას ჰპირდებოდნენ. ქართული მხარე კი საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში მას ფედერაციის სტატუსს სთავაზობდა, რაც ორი საფეხურით მაღალი იყო, ვიდრე რუსული მხარის შეთავაზებული პირობები, - ნათქვამია ბაჩო ალვანელის სტატიაში, რომელიც 2005 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.

ყველაფერ ამის პარალელურად, დღის წესრიგში ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის გაერთიანების საკითხი დგება, თუმცა აფხაზური მხარე კატეგორიულად მოითხოვს, რომ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ამ გაერთიანებაში საქართველოს გვერდის ავლით, ესე იგი, მეოთხე წევრად შევიდეს, მაგრამ ამ მოთხოვნას რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიურო აიგნორებს და გამოდის ინიციატივით, რომ საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აფხაზეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური ხელშეკრულება დაიდოს, რომლის მიხედვითაც, ამ ორი რესპუბლიკის სამხედრო, საფინანსო, სოფლის მეურნეობის, ფოსტა-ტელეგრაფის, იუსტიციის სამინისტროები და სხვა უწყებები გაერთანდებიან. კომპარტიის ამიერკავკასიის ბიუროს ეს ინიციატივა ძალაში 1921 წლის 16 დეკემბერის დადგენილებით შედის. მოგვიანებით, ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა შეიქნება, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი წევრიანდებიან. ამავე რესპუბლიკაში აფხაზეთიც საქართველოსთან ერთად შედის და... საქართველოს რევკომი აფხაზეთის რევკომს თავისი ადგილების ერთი მესამედის უთმობს.

1922 წლის 2 მარტს, საქართველო-აფხაზეთის ეს გაერთიანება ოფიცილურად საქართველოს სსრ კონსტიტუციაშიც დაფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში აფხაზეთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისგან განსხვავებით, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით შედის. სხვათა შორის, სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკადაა მოხსენიებული. საბჭოთა რუსეთს ამიერკავკასიის რესპუბლიკებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში თავისი წარმომადგენლები ჰყავდა. ასევე, თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ ამ რესპუბლიკებს რუსეთში. რუსეთსა და აფხაზებს შორის კი წარმომადგენლების გაცვლა არ მომხდარა...

ასე და ამგვარად, 1921 წლის მარტში, აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. მერე, დრო რომ გავა, ეფრემ ეშბა და ნესტორ ლაკობა, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისათვის ბრძოლის მეთაურებად მოგვევლინებიან, ამ ფაქტს დროებით მოვლენას უწოდებენ...

1931 წელს, აფხაზეთის „სახელშეკრულებო“ რესპუბლიკა საქართველოში შემავალ ავტონომიურ რესპულიკად ოფიციალურად გარდაიქმნება.

ეს სტალინისა და ბერიას მიერ, აფხაზეთის საკითხის ლენინური გადაწყვეტის წინააღმდეგ გალაშქრება კი არა, არამედ, წინათ დაშვებული შეცდომის დიდი გამოსწორება იყო. ამას აფხაზეთის მოსახლეობის პროტესტი არ მოჰყოლია, - ნათქვამია ბაჩო ალვანელის სტატიაში.

ერთი სიტყვით, პოლიტიკური დემონების მიზანმა საშუალება გაამართლა - საქართველოს ისტორიულ მიწაზე წითელი ნაღმი ჩაიმარხა, რომელიც ზუსტად 60 წლის შემდეგ ანუ 90-იანი წლების დასაწყისში გააქტიურდება და... უნდობარი ხანი უხვად მოიტანს სისხლსა და ცრემლებს... ომი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ძმათამკვლელის სახელით შევა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყება. ისე, წლების განმავლობაში, ამ ომს რატომღაც ქართულ-აფხაზურ ომს ვეძახდით, არადა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ეს სისხლიანი კონფლიქტი ჩრდილოეთის კისერზეა! დიახ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები კრემლის წაფითილებით დაიწყო ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტულ მოძრაობებს საფუძველი ჯერ კიდევ საუკუნის წინ, სწორედ რუსმა და გარუსებულმა ქართველმა ბოლშევიკებმა ჩაუყარეს და... ამასობაში 1992 წლის 14 აგვისტოც დადგება.

ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ:

1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭო ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. საქართველოს პოლიციას მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი - სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მიდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის, დავით ზეიკიძის მეთაურობით... მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე, გულრიფშის რაიონ სოფელ მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი... პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტი დაიწყო.

აფხაზეთის ომამდე კი იყო სამაჩაბლოს ომი და, როგორც აფხაზეთში, სამაჩაბლოშიც ნაღმი წითლებმა ჩადეს.

როგორ შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

ისტორიული წყაროების თანახმად, 1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის ნაწილები, ორჯონიკიძისა და კიროვის მეთაურობით, თბილისში შემოიჭრებიან, რასაც დემოკრატიული საქართველოს ანექსია და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა მოჰყვება. იმავე წლის 4 მარტს, წითლები აფხაზეთს, 5 მარტს - ცხინვალს, 15 მარტს კი აჭარას აიღებენ. 1922 წელს, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად ორჯონიკიძეს ირჩევენ, რომლის ინიციატივითაც, 1922 წლის 30 აპრილს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იქმნება. 1924 წლის 7 ივლისს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მაგალითზე, რუსეთის ფედერაციის ცეკა-ს დეკრეტით, ჩრდილოეთ კავკასიაში, ასსრ-ს ოსეთის ადმინისტრაციული პროვინციის (ალანიის) ბაზაზე შეიქმნება ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც 1936 წლის 5 დეკემბერს, ასსრ-დ გარდაიქმნება და მის დედაქალაქად ვლადიკავკაზი გამოცხადდება, რომელსაც 1944-1954 წლებში, ხან ორჯონიკიძე ერქმევა, ხან - ძაუჯიყაო.

კავკასიონის ქედის სამხრეთით და ჩრდილოეთით განლაგებული ოსეთის ავტონომიური ოლქების შექმნის ფაქტი გახდა მათში მცხოვრები ოსი მოსახლეობის ერთი ნაწილის სეპარატისტული განწყობის ჩამოყალიბების მიზეზი. ამ განწყობას გამიზნულად უწყობდა ხელს და აღვივებდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მისი სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები, - წერს პროფესორი ალექსი მიქელაძე და საქართველოში ჩასახლებულ ოსი ეროვნების მოსახლეობაზე გენერალ ერმილოვის სიტყვებსაც იშველიებს, რომელიც 1816-1826 წლებში, კავკასიის მთავარსარდალი გახლდათ:

საქართველო, კერძოდ, შედგება: ქართლი - ხორბლის წარმოების საგანგებო ოლქი, კახეთი, რომელიც გაყოფილია თელავისა და სიღნაღის მაზრებად, რომელთაგანაც პირველში უხვადაა შესანიშნავი ვენახები, მეორეში ცდილობდნენ ბაღების გაშენებას, აქ აქვთ ვრცელი სახნავ-სათესები. ქართლს მიეკუთვნება ოსების ნაწილი, რომლებიც მთებში ცხოვრობენ. ამ ცოტა ხნის წინათ დაიწყეს მათ ქრისტიანული სარწმუნოების მიღება... მათი წარმატებები ჯერჯერობით ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ, როდესაც მიიღებენ მეტ ნდობას მთავრობისადმი, ანდა მონათვლით მეტ ყურადღებას დაიმსახურებენ, ისინი შეცვლიან თავიანთ მხეცურ ჩვევებს და ქურდობისადმი მიდრეკილებას.

ოსეთში სეპარატისტული განწყობის შესახებ საუბრობს ოსური ჰუმანიტარული მეცნიერების ე.წ. პატრიარქი აბაევიც:

მინდა, ვიყო ობიექტური და შევეცადო, გავერკვე, ხომ არ ყოფილა ოსეთის მხრიდან ისეთი ნაჩქარევი, მოუფიქრებელი მოქმედება, რომელმაც განსაზღვრა ურთიერთდაპირისპირება და მინდა ვაღიარო: ასეთი მოქმედებები არ ყოფილა. მხედველობაში მაქვს მოსკოვზე ორიენტირებული ჩრდილოეთისა და სამხრეთი ოსეთის გამოცხადებული სუვერენიტეტი გაერთიანების პერსპექტივით. სამხრეთოსეთელების სურვილი შეერთებისაკენ, ადამიანური თვალსაზრისით, გასაგებია, მაგრამ გეოპოლიტიკურად, ეს შეცდომაა. კავკასიის მთავარი ქედი - ეს არის ბუნებრივი საზღვარი საქართველოსა და ოსეთს შორის და ამ საზღვრის დარღვევის ყოველგვარი მცდელობა იწვევს პერმანენტულ კონფლიქტს ქართველებსა და ოსებს შორის».

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, ოსური ინტელიგენციის წარმომადგენლები გაერო-ს მაშინდელ გენმდივანს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან გორბაჩოვსა და ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს კოლექტიური წერილს უგზავნიან, რომელშიც ნათქვამია:

საკავშირო პრესა, რადიო და ტელევიზია, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას დაძაბულ, ექსტრემალურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა საქართველოში და კერძოდ, სამაჩაბლოში (მაჩაბლების, ერისთავებისა და ა.შ. ყოფილი მამულები), ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. ყოველმა საღად მოაზროვნე ოსმა, ვინც საქართველოში ცხოვრობს, იცის, რომ ოს ექსტრემისტებს იარაღით ამარაგებს საბჭოთა არმია. ჩვენ ვალდებული ვართ, ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებრიობას კბილებამდე შეიარაღებული ოსი ექსტრემისტების ჭეშმარიტი სახე... პირველად, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, გაიმართა არჩევნები უმაღლეს საბჭოში, რაც ემყარებოდა დემოკრატიის პრინციპებს. ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს კეთილი ნების ოსებმა. თითოეული ჩვენგანი დროულად და სწორად მიიჩნევს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებას, რომელმაც თავი რესპუბლიკად გამოაცხადა... თავისი ბუნებით, ქართველები დიდსულოვნები და მომთმენები არიან, მათთან ყველას შეუძლია მოიპოვოს თავშესაფარი, ყოველ დევნილს, რომელიც გატანჯულია შევიწროებითა და უბედურებით.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლიქი შეიქმნა 1922 წლის 30 აპრილს, ქართველებით და ოსებით დასახლებული შიდა ქართლის მეზობელი რაიონების ხარჯზე, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჯუ - 2.5 წლის შემდეგ, 1924 წლის 7 ივლისს რუსეთის ფედერაციის მთიელთა ავტონომიური რესპუბლიკის ოსეთის ადმინისტრაციული პროვინციის - ალანიის ბაზაზე. მის დედაქალაქად აღიარეს ჩრდილოეთ კავკასიის დედაქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც შეიქმნა 1860 წელს, მდინარე თერგის ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის დასაცავად აგებულ სამხედრო ციხესთან, სოფელ ძაუჯიყაოს მახლობლად... გასულ საუკუნეში, საქართველოს ოსი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა 12-მდე პროვინციაში (რაიონში). საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1922 წლის აპრილში, შიდა ქართლის ოთხი პროვინციის (ზნაურის, ლენინგორის, ჯავისა და ცხინვალის) ხარჯზე, ბოლშევიკებმა ჩამოაყალიბეს ისტორიულად არარსებული ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომოური ოლქი, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ რუსები, სომხები და ებრაელები.

საქართველოს სტატისტიკურ დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, მოსახლეობის პირველი საკავშირო აღწერის დროს (1926 წელი), საქართველოში აღრიცხულია ოსი ეროვნების 113 298 მოსახლე, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში - 60 351 მოსახლე (საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის 45%). ყოფილ საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ბოლო აღწერის დროს (1989 წელი), საქართველოსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები ოსი მოსახლეობის რიცხოვნობა შესაბამისად შეადგენდა 164 055 და 65 232 სულს ანუ საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის 39.72%-ს. ამრიგად, საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის უმეტესობა აღმოჩნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ, რასაც თავისთავად მივყავართ აბსურდამდე, რადგან ე.. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ვერ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ საქართველოში ოსი მოსახლეობის გაერთიანების ფუნქციას. როგორც ჩანს, ბოლშევიკებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული, რომ ამ ორი ავტონომიური ერთეულის - ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა ქვეყნებში არსებობის შემთხვევაში, შეიძლება დასმულიყო ამ რეგიონების გაერთიანების საკითხი, რაც, ბუნებრივია, შექმნიდა პრობლემებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. პრაქტიკულად, ასეც მოხდა, - წერს პროფესორი ალექსი მიქელაძე და უინსტონ ჩერჩილის მიერ, 1939 წლის 1 ოქტომბერს, „ბი ბი სი“-ს რადიოეთერში ნათქვამს იხსენებს:

არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, თუ რას უნდა მოველოდეთ რუსეთისაგან. რუსეთი - ეს გამოცანაა, გამოხვეული გამოცანაში, განთავსებული გამოცანის შიგნით.

რა ხდება დღეს

მაშინ, როცა ჩერჩილი ამ სიტყვებს ამბობდა, რუსეთის ჩანაფიქრის გამოცნობა, შეიძლება, რთული იყო, მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში, ყველაფერი ნათელია: სხვა თუ არაფერი, 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის ფონზე, კრემლმა, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის  „დამოუკიდებლობა“ აღიარა... ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, მინიმუმ, გასაკვირია, ვიღაცებს რუსეთი ისევ მოყვარე რომ ჰგონიათ და იგივე ფრენების აღდგენასა, თუ უვიზო რეჟიმის შემოღებას ზარ-ზეიმით მიესალმება. „ვერსიამ“ ეს სტატიაც არქივიდან იმიტომ ამოიღო, რომ ქართველმა რუსეთუმეებმა ყური გამოიბერტყონ და ოკუპანტს „ბაბაია“ აღარ დაუძახონ!

 

ავტორი: ვანო პავლიაშვილი