56 ახალი სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროფესიული განათლების ეფექტურობით დაინტერესდა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ხარვეზები გამოვლინდა პროფგანათლების პროგრამებში, სასწავლო პროცესების მართვასა და დაფინანსებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროფესიული განათლების ეფექტურობით დაინტერესდა. ანგარიში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა, 2018-2020 წლებს ეხება. უმუშევრობა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რაც  სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორს უკავშირდება. იმისთვის, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაო ძალებს შორის შეუსაბამობა უნდა შემცირდეს. ფაქტია, რომ პროფესიული საქმიანობით დაკავებული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დამსაქმებელთა მოთხოვნებს ვერ, ან არ აკმაყოფილებს. ცხადია, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა, გაზარდოს პროფესიული განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ პრობლემით დაინტერესდა. აუდიტის საშუალებით, უწყებამ შეისწავლა პროფესიული განათლების პროგრამებისა და პრიორიტეტების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობ, სასწავლო პროცესების მართვასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტიანობ, ასევე, პროფესიული განათლების დაფინანსების ეკონომიურობ და რაციონალურობ.

 

ხარვეზები პროფგანათლების პროგრამებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა გამოწვევად რჩება. აუდიტის ჯგუფმა კურსდამთავრებულები გამოკითხა და გაარკვია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით, გამოკითხულთა  მხოლოდ 35% მუშაობს. გამოკითხულ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული განათლებით არ საქმიანობს, რაც სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის ნაკლოვანებებითაა გამოწვეული.

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის მიხედვით (2013-2020 წწ.), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამების ნაკლები შესაბამისობა შრომის ბაზრის ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნებთან. სტრატეგიით დაგეგმილი იყო ოთხი ამოცანისა და 18 აქტივობის განხორციელება, თუმცა არ იყო განსაზღვრული კონკრეტული აქტივობების შესრულების ვადები, განმახორციელებელი ორგანო, ბიუჯეტი, მისაღწევი შედეგები და შესრულების ინდიკატორები. შრომის ბაზრის ანალიზის მიმართულებით, სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად წარმოჩენილია რეგულარული ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევის დანერგვის აუცილებლობა. საჯარო პროფესიული სასწავლებლები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სასწავლო პრიორიტეტებს. ა პროცესში მათთვის ხელმისაწვდომია ზოგადი კვლევები, თუმცა როგორც შედეგებიდან ჩანს და სასწავლებლებთან ინტერვიუებითაც დასტურდება, ეს კვლევები საკმარისად დეტალიზებული და რეგიონების გათვალისწინებით წარმოდგენილი არ არის, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებს არ გააჩნიათ კვლევის ჩატარების საკმარისი უნარები და მექანიზმები. ცალკეულ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები გარკვეული რაოდენობით სტუდენტებს იღებენ ისეთ სპეციალობებზე, რომლებზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად გააჩნიათ. რაც მთავარია, მიმართულებით, დაუსაქმებელია უმაღლესი განათლების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.  

ამის საპირისპიროდ, კონკრეტული დარგებიც გვხვდება, რომლებიც საკადრო დეფიციტით გამოირჩევიან, რადგან პროფესიული სასწავლებლების შეთავაზებული პროგრამები ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ ფარავს. გარდა ამისა, სტუდენტთა მისაღები კონტიგენტის განსაზღვრისას, ბაზარზე არსებული მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ, რაც თავისთავად, პროგრამის შრომის ბაზართან თავსებადობის პრობლემას ქმნის.

 

დარღვევები სასწავლო პროცესების მართვაში

პროფესიული განათლების სწავლის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც სასწავლო პროცესებზე, ასევე, სწავლის შედეგებზე. საბოლოოდ, პროფესიული ცოდნით დასაქმების მაღალი მაჩვენებლებიც, სწორედ ამ პროცესებმა უნდა უზრუნველყოს. ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ მხრივ.

„აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ არსებობს პროფესიული სტანდარტები, რომლებმაც ყველა სასწავლო დაწესებულებებისთვის ერთიანი ჩარჩოს ფორმირება უზრუნველყო და სასწავლებლების თვითშეფასების მექანიზმიც შეიქმნა. კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - შეიქმნა დუალური პროგრამა, რაც უკავშირდება კერძო კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებასა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას. 2019 წლიდან, ფორმალური განათლების ნაწილი გახდა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, სადაც მაღალია კერძო სექტორისა და პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობა.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ამ ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა მექანიზმის დანერგვა-განხორციელების საკითხები. კერძოდ, არ არის შემუშავებული პროფესიული სასწავლებლების გარე შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები (მაგალითად, შეფასება დამსაქმებელთა და მასწავლებელთა მხრიდან), შეფასების პროცესში არ არის ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, თუმცა პერიოდულად, დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევა ხორციელდება.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, საწარმოთა 2% ანუ 1 123 საწარმო თანამშრომლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, თუმცა მათ 10%-ს, უახლოეს მომავალში, თანამშრომლობის სურვილი აქვს. ეს კი მიუთითებს მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე, გაიზარდოს თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რაც პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მეტ შესაძლებლობას უზრუნველყოფს“.

 

ხარვეზები პროფგანათლების დაფინანსებაში

პროფესიული სასწავლებლების თანაბარი განვითარებისა და სტუდენტებისთვის შესაბამისი ხარისხის სწავლების შესაძლებლობას დაფინანსების ქმედითი მექანიზმები ქმნის. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ მიმართულებით, მთელი რიგი ასპექტები შესრულებულია: ვაუჩერული დაფინანსების ფიქსირებული მოდელი შეიცვალა და დაინერგა ახალი სისტემა, რომელიც დაეფუძნა, როგორც სპეციალობებში განსხვავებულ მაჩვენებლებს, ასევე, სტუდენტების რაოდენობას; მოწესრიგდა სტუდენტთა მონაცემთა ბაზები და კერძო კოლეჯებს ვაუჩერული დაფინანსების მიღების შესაძლებლობაც მიეცათ. მიუხედევად ამისა, დაფინანსების ახალი მოდელის მიმართულებით, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა ნაკლოვანებები მაინც გამოავლინეს.

სასწავლებლების პროგრამული დაფინანსების ნაწილში, სამინისტროს არ შესრულებია თავდაპირველი აუდიტით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გასაწევი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებას. პროგრამული დაფინანსების საფუძველია სასწავლებლის მიმართვა სამინისტროსთვის და წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, თუმცა არ გაანალიზებულა, რამდენ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად დაწესებულება, ასრულებენ თუ არა სწავლას სტუდენტები და სხვა, მეტიც, პროგრამული დაფინანსება არ უკავშირდება სასწავლებლის წარმატებას. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მსგავსი ტიპის სასწავლებლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება და რაოდენობა განსხვავებულია. არ არის საკმარისად არგუმენტირებული არსებული განსხვავების რაციონალური მიზეზები და დაფინანსების გაცემის მიზანშეწონილობა, რაც, შესაძლოა, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის წინაპირობა იყოს. სამინისტროს განმარტებით, შესაბამისი მოდელის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს დაფინანსების სისტემის ცვლილება.

2018 წელს, განათლების სამინისტროს მიერ, ჯამურად სასწავლო დაწესებულებებზე გაცემული პროგრამული დაფინანსება, ვაუჩერული დაფინანსების 71%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 64%-ს, რაც მაღალი მაჩვენებელია. მის შემცირებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ რეკომენდაცია მიიღო დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც.

დარღვევები გამოვლინდა ვაუჩერული დაფინანსების ნაწილშიც. კერძოდ, ვაუჩერული დაფინანსების მოდელს სჭირდება მოდიფიცირება, როგორც განფასების, ასევე, სამინისტროს მიერ სასწავლებლებში დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიების მიზნობრიობის კონტროლის ნაწილშიც.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო გეგმა და პრიორიტეტების განსაზღვრის წესი არ შეუმუშავებიათ.

შედეგად, სხვადასხვა დაწესებულებაზე გაცემულია დაფინანსება, თუმცა ამ მიმართულებით, პრიორიტეტულობა და პროფესიული სასწავლებლების თანაბარი ფინანსური უზრუნველყოფა ვერ დგინდება. ამ ეტაპზე, არ არის ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვეოდა დეტალური საჭიროებები სხვადასხვა რეგიონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.