ფინანსური მაქინაციები და დარღვევები „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი სკანდალური დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „მთის კურორტების განვითარების კომპანიით“ დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა, 2018-2019 წლებს მოიცავს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 100%-ით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ს განვითარების სტრატეგია არ გააჩნია და ბიზნესგეგმაც კი კანონდარღვევით ჰქონდა შედგენილი. მეტიც, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი და თანამშრომლები, როგორც ხელფასს, ასევე, პრემია-დანამატებსაც დაუსაბუთებლად იღებდნენ, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით.

ვიდრე ამ დარღვევებს დეტალურად განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სახელმწიფო საწარმოა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა - პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. კომპანიის საქმიანობის მიზნებია: სამთო-სათხილამურო კურორტების მოვლა-პატრონობა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, მარკეტინგული და სხვა მიმართულებებით უზრუნველყოფა, კურორტების ტურისტული პოტენციალის ამაღლება და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. 2016 წლის დეკემბერში, კომპანიას მართვის უფლებით გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მფლობელობაში არსებული შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი და 2018 წლის ბოლოს, შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“, „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შეუერთდა. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება, ორგანიზაციას კი დირექტორი ხელმძღვანელობს. აუდიტის პერიოდში, კომპანია მართავდა ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის, ჰაწვალის და თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტებს.

 

კომპანიას განვითარების სტრატეგია არ აქვს!

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018-2019 წლებში, „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“, პარტნიორთან შეთანხმებული და ოფიციალურად დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი, ასევე, მის განსახორციელებლად საჭირო სამოქმედო გეგმა არ გააჩნდა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტირებმა ვერ დაადგინეს, შეესაბამებოდა თუ არა კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მისსავე სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. მეტიც, კომპანიის სტრატეგიის შესამუშავებელი და ქმედითი აქტივობები აუდიტის პერიოდშიც კი არ დადასტურებულა.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების ბიზნესგეგმები კანონმდებლობისა და კომპანიის წესდების შესაბამისად დამტკიცებული არ ყოფილა.

„კომპანიაში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პარტნიორის მიერ კომპანიის ბიზნესგეგმების შეთანხმება-მოწონების ფაქტებს. შესაბამისად, აუდიტის პერიოდში, შეუძლებელია, კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასება პარტნიორთან შეთანხმებული და წინასწარ განსაზღვრული შეფასების ინდიკატორების მიხედვით“, - ვკითხილობთ აუდიტის დასკვნაში.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, სახელმწიფოს სახით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას პარტნიორობას უწევს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. თავის მხრივ, ეს ორივე კომპანია ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაცა და საჯარო სამართლის იურიდიული პირიც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. გარდა იმისა, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ არ გააჩნია სამოქმედო სტრატეგია და ბიზნესგეგმაც კი კანონდარღვევითაა შედგენილი, სახელმწიფო აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ  „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ შედგენილი 2018 და 2019 წლების წლიური ანგარიშებიდან,  მისი, როგორც აქტიური პარტნიორის როლი არ იკვეთება.

„ანგარიშები არ მოიცავს საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად, რა მოცულობით და როგორ შეასრულა სააგენტომ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებები. სააგენტოს მიერ, სახელმწიფო საწარმოს შესახებ აგრეგირებული და გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაკლოვანებები მიუთითებს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სისრულისა და სისწორის კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე და ვერ უზრუნველყოფს განახლებული ინფორმაციის გასაჯაროებას სახელმწიფო საწარმოების შესახებ. არ დასტურდება სააგენტოს მიერ, მისთვის კანონმდებლობით (და მისივე ბრძანებით) განსაზღვრული, ცალკეული პასუხისმგებლობების შესრულება, მათ შორის, წლიური შედეგებისა და საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება, ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, სააგენტოში წარდგენილი ბიზნესგეგმების პროექტების ფინანსური ანალიზი“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, კომპანიის წესდების ფორმულირება, მისი პარტნიორის უფლებამოსილების კონტექსტში, ნაწილობრივ არ შეესაბამება სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, კომპანიის ზოგიერთ მიმართვაზე, სააგენტომ არასრულფასოვნად განახორციელა სახელმწიფო საწარმოს პარტნიორისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

 

დარღვევები ბარათების აღრიცხვა-ფასწარმოქმნაში

საკურორტო სეზონისთვის საჭირო ბარათებს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თბილისის ოფისში აწარმოებენ. მყიდველის შეკვეთიდან გამომდინარე, ბარათზე შესაბამისი ინფორმაცია შეჰყავთ, რის შემდეგაც იგი ბილეთის/აბონემენტის სახით რეალიზდება. ამ ბარათებს შეკვეთით ამზადებს ავსტრიული კომპანია „სკიდატა“. ამ ბარათებს, გნებავთ, ბილეთებს იღებენ კომპანიის თბილისის ოფისში, საიდანაც ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ანაწილებენ.

„აუდიტის პერიოდში, კომპანიაში ბარათების მიღება განხორციელდა 2018-2019 წლებისა და 2019-2020 წლების სამთო-სათხილამურო სეზონებისთვის, ასევე, 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის. ბარათების მიღებასა და დასაწყობებაზე პასუხისმგებელია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სამსახური, ხოლო მისგან ბარათების მიღებასა და კურორტებზე მოლარეებისთვის გადაცემაზე - საფინანსო სამსახური“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ კურორტ გუდაურის მოლარეებს ეს ბარათები დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების გარეშე გადასცეს. ამასთან, არ ჩაატარეს ამ ბარათების ინვენტარიზაცია (აღწერა). არასათანადო კონტროლის მექანიზმების პირობებში კი, კომპანიაში ბარათების აღრიცხვის პროცესი ნაკლებგამჭვირვალეა.

ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ ბარათი-ბილეთების ფასწარმოქმნაში. გაირკვა, რომ კომპანიაში არ არსებობს მომსახურების ფასების გაანგარიშების პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

„ამასთან, ინფორმაციის მიწოდებაზე სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, ბილეთები რეალიზებული იყო დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ფასებით. კომპანიაში ფასების გაანგარიშების პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის არარსებობა, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლების ფორმირებასა და ფინანსურ შედეგებზე“.

დარღვევები გამოვლინდა ბილეთების, იგივე აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესშიც. კერძოდ, აბონემენტების უფასოდ ან/და შეღავათიანი ფასით გაცემის შესახებ, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები არის ზოგადი და იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ამასთან, გადაწყვეტილებებში არ ფიქსირდება უფასოდ გასაცემი აბონემენტების რაოდენობა. აღნიშნული რაოდენობები დგინდება ჩუქების ხელშეკრულებების ხელმომწერი პირების მიერ. ზოგ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული და გაურკვეველია გადასაცემი აბონემენტების რაოდენობის დამდგენ პირთა ვინაობა.

„რიგ შემთხვევებში, უფასოდ გადაცემულ სახელობით აბონემენტებზე, არ ფიქსირდება მფლობელის ვინაობა, რაც ართულებს მათი გამოყენების კონტროლს და წარმოშობს აბონემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების რისკს. აბონემენტების უფასოდ გაცემის პროცესი გაუმჭვირვალეა, რაც შეიძლება, უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლებზე“.

 

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში

2018 წლის ბოლოს, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ დასაქმებული იყო 440 თანამშრომელი, 2019 წლის ბოლოს - 601. 2018-2019 წლებში, კომპანიამ შრომის ანაზღაურებაზე 16 331 387 ლარი დახარჯა. რაც შეეხება დირექტორის დანიშვნა-გამოწვევას, ასევე, მასთან ხელშეკრულებების დადება-შეწყვეტას, ამ გადაწყვეტილებას პარტნიორთა კრება იღებს. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. შრომის ანაზღაურების ოდენობა, შრომის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს და მის ოდენობასაც სააგენტო განსაზღვრავს. ახლა ვნახოთ, რა დარღვევა გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ ნაწილში.

„სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2 900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა, თავისივე ბრძანების საფუძველზე, საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7 500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2 900 ლარი განსაზღვრეს. დირექტორის ბრძანება შრომის ანაზღაურების 7 500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს კომპეტენცია იყო. კომპანიის განმარტებით, სააგენტოს რეგულარულად ეგზავნება საშტატო განრიგი და აქედან გამომდინარე, სააგენტო ინფორმირებული იყო დირექტორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, არაუფლებამოსილი პირის მიერ, შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები დაირღვა, რის შედეგადაც, 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე, კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება გაიზარდა უსაფუძვლოდ - 109 021 ლარის ოდენობით.

დარღვევები გამოვლინდა პრემიების გაცემის პროცესშიც. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“, პრემია გაიცემა შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და დასაბუთების საფუძველზე. თანამშრომელთა წახალისების შესახებ, რეკომენდაციას ამზადებს კომპანიის შესაბამისი სამსახური და გადაწყვეტილება დირექტორის ბრძანებით ფორმდება. პრემია არის შრომის ანაზღაურების კომპონენტი და კომპანიის დირექტორისთვის მისი ოდენობის განსაზღვრა სააგენტოს კომპეტენციაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო აუდიტორებმა სერიოზული დარღვევები აქაც გამოავლინეს.

„2018-2019 წლებში, პრემირებასთან დაკავშირებული ბრძანებები მომზადებულია მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო და წარმატებული შესრულებისთვის. სხვა სახის კონკრეტული დასაბუთება კომპანიამ ვერ წარმოადგინა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მოხსენებითი ბარათებიც არ არის წარმოდგენილი. კერძოდ, შერჩეული 24 ბრძანებიდან, კომპანიამ მხოლოდ 16 შემთხვევაში წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი, თუმცა სათანადო დასაბუთების გარეშე. აქედან რამდენიმე შემთხვევაში, დოკუმენტური დადასტურების გარეშეა მითითებული ზეგანაკვეთური სამუშაოები“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2018-2019 წლებში, პრემიები გაცემულია კომპანიის დირექტორებზე, მაგრამ სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ კომპანიის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ბრძანებების საფუძველზე. ამ ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის დირექტორმა პრემია შვიდჯერ აიღო, რაც ჯამში, 43 875 ლარი იყო.

„კომპანიაში პრემიები გაცემულია მოქმედი პრემირების წესისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი პრემირების სათანადო დასაბუთებები. ამასთან, კომპანიის დირექტორების პრემირების ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე. შედეგად, პრემიები გაცემულია გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

რაც შეეხება დანამატებს, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ შინაგანაწესის მიხედვით, დასაქმებულზე სახელფასო დანამატი გაიცემა უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, კომპანიის დირექტორის ბრძანებით. სახელმწიფო აუდიტის შედეგად კი გაირკვა, რომ კომპანიაში დანამატები არ გაიცემა სათანადო დასაბუთების საფუძველზე, რაც შესაძლოა, უსაფუძვლოდ ზრდიდეს კომპანიის ხარჯებს და ხელს უწყობდეს კომპანიის სახსრების გაუმჭვირვალე, არაეკონომიურ განკარგვას.