ყველაზე უცნაური შეჯიბრებები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენს პლანეტაზე ბევრი უცნაური შეჯიბრი იმართება, რომელთაგან ზოგი ასწლეულების წინ დაფუძნდა, ზოგიც უკვე ჩვენს თანამედროვეობაში და არა მხოლოდ მაყურებლის გართობაზეა გათვლილი, არამედ, უფრო ტურისტების მისაზიდად ტარდება, თანაც პატარა ქალაქებში. მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მონაწილეობას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იღებენ.

ჩემპიონატი ცოლების ტარებაში - ფინეთში, ქალის ხელში აყვანილი ტარება არა მხოლოდ მათ მიმართ სიყვარულის გამოხატულებაა, არამედ, ფულის შოვნის ერთგვარი საშუალებაცაა. „სპორტსმენებისთვის“ საკმოდ რთული, 250-მეტრიანი ტრასაა მომზადებული, წინაღობებით. ამ გამოცდის გავლა, თან როცა ხელში საკუთარი ცოლი გიჭირავთ, წარმოუდგენელია, ამიტომ ქმრები მათ კისერზე ისვამენ. იმ მონაწილეების ლამაზმანებს, რომლებიც 49 კილოგრამზე ნაკლებს იწონიან, ზურგჩანთებით ამძიმებენ. შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც ქალაქის საიტზე განაცხადს შეავსებს. ბოლო დროს, ასეთი შეჯიბრი ტარდება დანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და სამხრეთ კორეაშიც კი.

შეჯიბრი კოღოების დახოცვაში - ამ სისხლისმწოველი მწერების განადგურების კონკურსი ყოველწლიურად ტარდება იტალიაში, პატარა დასახლება სან-ნაზარო-სეზიაში. მონაწილეებს ბუზების ერთნაირ სახოცებს ურიგებენ, რომელთაც შეჯიბრის მსაჯი არჩევს. ამ უჩვეულო პაექრობისთვის კონკურსანტებს სულ 10 წუთი ეძლევათ. მთავარია, დახოცილი მწერები შეინახონ, რადგან მათი რაოდენობით გამოვლინდება გამარჯვებული. პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები, ყოველ მკვდარ კოღოზე, 10 ევროს იღებენ. იტალიელებს არც ფინელები ჩამორჩებიან ამ საქმეში, ოღონდ მცირეოდენი განსხვავებით - შეჯიბრის მონაწილეები კოღოებს საკუთარ ზურგზე ხოცავენ.

კონკურსი ყველაზე ხმამაღლა ყვირილში - ტარდება იაპონიასა და პოლონეთში. თუ ამომავლი მზის ქვეყანაში ერთხელ მაინც მოხვდით ამ შეჯიბრზე, არასოდეს დაიჯერებთ მითს წყნარ და თავშკავებულ იაპონელებზე. მონაწილეებს 100 დეციბელზე მეტი ხმით უწევთ ყვირილი - ეს უფრო მეტი ხმაურია, ვიდრე სრული სვლით მიმავალი მატარებელი გამოსცემს. დასაყვირი ფრაზა შეჯიბრის მონაწილემ თავად უნდა მოიფიქროს. სხვათა შორის, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი განტვირთვა, მთელი კვირის მანძილზე ოფისებში გამოკეტილი იაპონელებისთვის ნამდვილად სასარგებლოა. მსგავსი ჩემპიონატის ჩატარება, საკუთარ ჯანმრთელობასა და ნერვულ სიტემაზე ზრუნვა პოლონელებმაც გადაწყვიტეს და ტურნირს ყოველწლიურად ქალაქ გოლდაპში ატარებენ.

პლასტმასის იხვების შეჯიბრი - კარგა ხანია, დიდ ბრიტანეთსა და სინგაპურში ეს შეჯიბრი ტარდება. ამ სულელურ თამაშს ერთნაირი აზარტით ეკიდებიან დიდები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. შეჯიბრის „მონაწილეს“ მისი მფლობელის სახელი აწერია. ფინიშთან მისული პირველი იხვის პატრონს სინგაპურში, მილიონი დოლარით აჯილდოებენ.

გარდა ამისა, 2000 წლიდან, ფინეთში მობილური ტელეფინების სროლაში მართავენ შეჯიბრს; დიდ ბრიტანეთში ტურნირს აწყობენ ფეხის თითებით ჭიდაობაში; 1986 წლიდან კი ნისლიან ალბიონზე, ერთმანეთს ჭინჭრის ჭამაში ეჯიბრებიან; ალიასკაზე ყურებით გადაქაჩვის შეჯიბრს მართავენ; გერმანიის ქალაქ ბავარიაში კი საჩვენებელი თითის ძალას ცდიან ტურნირის მონაწილეები.