ვის სახელს არქმევენ თბილისის ქუჩებს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძველ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან, ნინო ჩხეიძის ქუჩას შეხვდებით. სამწუხაროდ, დღესდღეობით ბევრმა არ იცის ვინ იყო ეს ქალბატონი და რატომ ატარებს  ქუჩა მის სახელს. სწორედ ამიტომ, რუბრიკაში - „ვის სახელს არქმევენ თბილისის ქუჩებს“, ამჯერად ინფორმაციას მსახიობ ნინო ჩხეიძის შესახებ გიზიარებთ.

ნინიკო/ნინო ჩხეიძე დაიბადა 1919 წლის 19 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.

ის ცნობილი იყო, როგორც სახასიათო როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ეკა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ძიძა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), მართა (ა. პარონიანის "ძია ბაღდასარი"), ეკა (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი"), კნეინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), სოფიო (ა. წერეთლის "ბუტიაობა"), გადია (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), ცაცანა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა; მისი შემოქმედება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სცენური სიმართლით და იმპროვიზაციის ნიჭით; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა", "კარდაკარ", "მიხა", "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "ხათაბალა", "დათა თუთაშხია" და სხვა; დაწერა წიგნი თავის ძმაზე - "უშანგი" (1998).

მაყურებელს ნინო ჩხეიძე განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.

მის მიერ შესრულებული ბოლო როლი ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში" მეზობლის პერსონაჟი იყო.

სცენიდან წასვლის შემდეგ მან წიგნების წერა დაიწყო.

ნინო ჩხეიძე  ცნობილი ქართველი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის და გახლდათ, რომლის ცხოვრებას და შემოქმედებას მონოგრაფია მიუძღვნა.

გარდაიცვალა 2018 წლის 2 ივლისს თბილისში, 99 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ფილმოგრაფია:

მაგდანას ლურჯა (1955) - მსახიობი

ჩვენი ეზო (1956) - მსახიობი

კარდაკარ (1960)- მსახიობი (პელაგია)

ლევანა (1960) - მსახიობი

ცეროდენა რაინდები (1963) - მსახიობი

მე ვხედავ მზეს (1965) - მსახიობი

მიხა (1965) - მსახიობი  (ფეფელოს დედა)

განგაში (1968) - მსახიობი

მოლოდინი (1969) - მსახიობი

ფიროსმანი (1969) - მსახიობი

ხათაბალა (1971, "არმენფილმი") - მსახიობი (მოტირალი)

ანარეკლი (1974) - მსახიობი

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი

კაცია ადამიანი?! (1979) - მსახიობი

ადამიანთა სევდა (1984) - მსახიობი

ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი

აქედანა და შენამდე (1984) - მსახიობი

უცხო (1988) - მსახიობი

მათთვის, ვინც მამამ მიატოვა (1989) - მსახიობი

მაისის თოვლი (1989) - მსახიობი

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989)  - მსახიობი (სევილიელი ქალი)

ხსოვნა (1989) - მსახიობი (ივლიტა)

პრემიერა (1991) - მსახიობი (ნუცა)

შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995) - მსახიობი (ბებია)

სამოთხის გვრიტები (1997) - მსახიობი  (ქალთამზე)

მიჯაჭვული რაინდები (1999) - მსახიობი (დულსინეა)

ნუცას სკოლა (2000) - მსახიობი

სიყვარული და კარტოფილი (2003) - მსახიობი

შანტრაპა (2010) - მსახიობი (ბებია)