რუსთავის ავტობაზრობისა და საკვები სოდის წარმოების საქმეებზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი მოკვლევა დაიწყო – „რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე და საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო შემთხვევაზე.

პირველი მოკვლევა ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, სადაც მოპასუხე ეკონომიკური აგენტის – შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, ქალაქ რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას.

მეორე მოკვლევის საქმე შეეხება საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისებას ფაქტს.

კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომლებსაც საკითხების შესწავლა დაევალათ.

2023 წელს სააგენტომ დაასრულა ხუთი მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვების მიმართულებით. ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, კიდევ ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, სამ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამავე პერიოდში ექვს საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის სააგენტო ხუთ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს.