ფინანსური დარღვევები აჭარის სამინისტროების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის ა/რ სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესდა. აუდიტი, რომლითაც ამჯერად დავინტერესდით, 2022 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს ეხება და როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ სერიოზული ფინანსური დარღვევებიც გამოვლინდა. აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი მხარჯავი დაწესებულებები. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და მომსახურების შესრულებაში.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი მხარჯავი დაწესებულებების მიერ, ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, რიგ შემთხვევებში, ბაზარი სათანადოდ არ გამოუკვლევიათ;  რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ფასი განსაზღვრულია გასულ წელს მსგავსი მომსახურების შესყიდვის ფასის შესაბამისად, თუმცა შესყიდვის ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევა არავალიდურია.

„შედეგად, 2022 წელს, 418 შემდგარი ტენდერიდან, 75 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ფასის შემცირება. შემსყიდველების მიერ სამუშაოს/მომსახურების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 62 752 377 ლარით, შესყიდვის პროცედურების შედეგად, პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13 450 150 ლარით და შეადგინა 49 302 226 ლარი, მათ შორის, დიდი ოდენობით შემცირებულია: საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ფასი − 68%-ით; ინტერნეტ-მომსახურების შესყიდვის ფასი − 64 %-ით; საავტომობილო გზებზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ფასი − 41%-ით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რიგ შემთხვევებში, ბაზრის კვლევა სათანადოდ არ ჩატარებულა. ამის გამო, ტენდერებზე შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 13 450 150 ლარით შემცირდა.

 

ხარვეზები პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებაში

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებისათვის, 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა 5 პრეტენდენტი. სატენდერო წინადადებით, პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 180 კალენდარულ დღეში.

„აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მომზადების ეტაპზე, უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტზე - შპს „ზიმო 7“-ზე რეგისტრირებული იყო: 25%-იანი წილის მქონე დამფუძნებლის წილზე ყადაღა, ამავე დამფუძნებლის მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და უშუალოდ პრეტენდენტის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა. პრეტენდენტის წინაშე არსებულ რისკებზე შემსყიდველს არ უმსჯელია, აღიარა გამარჯვებულად და გაფორმებულია ხელშეკრულება 3 348 999 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. 2021 წელს, მიმწოდებელს შესრულებული აქვს 139 496 ლარის სამუშაოები, ხოლო დარჩენილი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2022 წელს, თუმცა შემსყიდველის მიერ, 2022 წლის 6 მაისის 32-ე ბრძანებით, მიმწოდებელთან ცალმხრივად, ნაწილობრივ შეწყვეტილია ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები-აკრძალვები, ასევე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, შედეგად, ინფრასტრუქტურული ღონისძიება 2022 წელს ვერ განხორციელდა“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ მიერ, პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. დაბალი ფასის მქონე ორი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის გამო, ხოლო მესამე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება - 42 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც 2022 წლის 15 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. წარდგენილი დოკუმენტებით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე, მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, პირველად გაგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა 2022 წლის 10 ივნისამდე, ხოლო შემდეგ, 23 ივნისს ხელშეკრულება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე ეტაპისთვის დამატებითი შესწავლის გარეშე, შეუძლებელია სამუშაოების დაწყება.

„განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ - ქვეპროგრამის ფარგლებში, ორი საჯარო სკოლის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაფორმებულია ხელშეკრულება 415 748 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც 2022 წლის 27 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო. წარდგენილი დოკუმენტებით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე, მიმწოდებელს სამუშაოები არ განუხორციელებია და იმ მოტივით, რომ დარჩენილ დროში მიმწოდებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა. სამინისტროს მიერ, 2022 წლის 31 მაისს შეწყდა ხელშეკრულება, თუმცა წარდგენილ დოკუმენტებში არ არის იდენტიფიცირებული მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები და როგორც სხვა შესყიდვების შემთხვევაში, ვადის დარღვევით ფაქტობრივად შესრულების შესაძლებლობა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებებისა და შიდა კონტროლის სისუსტის გამო, მხარჯავი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების დროს, რიგ შემთხვევებში, სათანადოდ არ ხდება არსებული რისკების შეფასება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოიწვია.

 

ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ანგარიშსწორებას ახორციელებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო მომსახურებისთვის ექსპერტებზე გადახდილია ჯამში 70 662 ლარი. ექსპერტების მიერ სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ანგარიშებით ირკვევა, რომ ექსპერტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულად არ აქვთ ასახული დასკვნებში (ანგარიშებში), კერძოდ, სულ შესრულებული სამუშაოებიდან აზომილი აქვთ ხილული სამუშაოები, ხოლო ფარულ სამუშაოებზე ეყრდნობიან მშენებელი კომპანიისა და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებულ ფარული სამუშაოების აქტებს.

„ანალოგიურად, ააიპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ მიმწოდებელს სრულფასოვნად არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტორო ზედამხედველობა, მათ შორის, ფარული სამუშაოების დამოწმება, შეფასება და შედგენაში მონაწილეობა. აღნიშნულ პირობებში, სააგენტოს მიერ გადახდილია მომსახურების საფასური - 2 121 ლარი“.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის, 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა ოთხი პრეტენდენტი, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“.

„სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობებით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისი. სამინისტროს მიერ მიმწოდებელზე გადახდილია ჯერ ავანსი - 198 200 ლარი, ხოლო შემდგომში ეტაპობრივად, სრული სახელშეკრულებო ფასი - 991 200 ლარი. წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ განახორციელა პროექტის მიწოდება, რისთვისაც ექვემდებარებოდა 146 687 ლარის სანქციის დაკისრებას. თუმცა, მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 12 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება და სამინისტრომ გადაიხადა დარჩენილი სრული სახელშეკრულებო ღირებულება იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრავდა სარჩელს საერთო სასამართლოებში. შეთანხმებაში მითითებული პირობა/მოტივი საკონკურსო პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის“.

გარდა ამისა, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ, ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. სატენდერო დოკუმენტაციით, ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, პრეტენდენტს საბანკო ანგარიშზე უნდა ჰქონოდა ხელმისაწვდომი თავისუფალი ფინანსური რესურსი, არანაკლებ, 3 400 000 ლარის ოდენობით ან გახსნილი საკრედიტო ხაზი, რომლის ფარგლებშიც აუთვისებელი თანხის ნაშთი, არანაკლებ, 3 400 000 ლარი უნდა ყოფილიყო.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, მიმწოდებელს ერთი წლის ვადით ჰქონდა წარდგენილი საკრედიტო ხაზის საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, თავისუფალი ფინანსური რესურსის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ წარუდგენია, თუმცა სატენდერო წინადადებასა და ხელშეკრულებაშიც არ არის იდენტიფიცირებული, პრეტენდენტს რა პერიოდში და რა ვადით უნდა ჰქონოდა თავისუფალი ფინანსური რესურსი.

 

ხარვეზები სატენდერო დოკუმენტაციაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აგროსერვის ცენტრის მიერ, შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2 164 ჰა სახნავ-სათესი ფართობების დახვნა, 1 290 ჰა ფართობის დადისკვა (კულტივაცია) და დაფარცხვა. გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, წარედგინა ნიადაგის ფაქტობრივად დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

„აგრომომსახურების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უფასო დამუშავება ითვალისწინებს სამ კომპონენტს, მათ შორის, სამ მუნიციპალიტეტში 750 ჰა მიწის ფართობის დახვნას, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში - 1 414 ჰა ფართობის დახვნას, 1 290 ჰექტარის დადისკვასა და დაფარცხვას. სამ მუნიციპალიტეტში, პროგრამითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული 750 ჰექტრის - 34.8% ანუ 261 ჰექტარი მიწის დამუშავება არ განხორციელებულა. აგროსერვის ცენტრის ინფორმაციით, არახელსაყრელი ნალექიანი ამინდის შედეგად დაგვიანდა და ვერ მოხერხდა ნიადაგის დამუშავების დაწყება, რომელიც შემდგომში, ფერმერებმა საკუთარი ძალებით უზრუნველჰყვეს. წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ჯამში - 4.481 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავებაზე მიმწოდებლისთვის გადახდილია 687 552 ლარი“.

დამუშავებულ მიწის ფართობებთან დაკავშირებით, აგროსერვის ცენტრის წარმომადგენელბმა სახელმწიფო აუდიტორებს მიაწოდეს დოკუმენტები, სადაც ასახულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დამუშავებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის დროს, სახელმწიფო მაკონტროლებლებს ვერ მიაწოდეს სრულყოფილი დოკუმენტები, სადაც იდენტიფიცირებული იქნებოდა პროგრამით მოსარგებლე ფერმერი, დამუშავებული მიწის ფართობი და კომპონენტი.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აგროსერვის ცენტრმა სათანადოდ ვერ უზრუნველჰყო „აგრომომსახურების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. შედეგად, 261 ჰექტრით შემცირდა პროგრამით დაგეგმილი ფართობი, ხოლო მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით, აუდიტის ჯგუფს ვერ მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია ცალკეულ ფერმერთან კომპონენტის მიხედვით, ფაქტობრივად დამუშავებული ნაკვეთის ფართობების შესახებ.

ავტორი:  მაკა რუხაძე